სან-ფრანცისკოს ტექნოლოგიურ უბანში მდებარე სამრეწველო სივრცეში, საბრძოლო ოპერაციებზე ორიენტირებული საშიში ჰუმანოიდი რობოტ-ჯარისკაცის ნაცვლად, საბავშვო ფერადი კუბიკებით "თავისუფალ თამაშში" გართული შავი, მბზინავი, უსახო რობოტი — Phantom დაგხვდებათ.

"ჩვენ გარემოსთან მისი ურთიერთობის მონაცემები გვჭირდება... და დღეს პროგრამაში ესაა", — განმარტავს სანკაეთ პათაკი, ორი წლის სტარტაპის, Foundation Robotics-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც Phantom-ს სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულებით ავითარებს.

Foundation-ის Phantom ელემენტარულ დავალებებს ასრულებს

ფოტო: ზოი კორბინი / BBC

სანამ მრავალი კომპანია ქარხნების, სახლებისა ან გასართობი მიზნებისთვის ავტონომიურ ჰუმანოიდ რობოტებს ქმნის, Foundation აცხადებს, რომ ის ერთადერთი ამერიკული კომპანიაა, რომელიც მათ კონკრეტულად თავდაცვის ფართო სპექტრისთვის ავითარებს.

ეს მოიცავს დამხმარე ფუნქციებს: მომარაგების მიღებას, დაზვერვას, ტექნიკის ან დაზარალებულების ევაკუაციას, საშიში ობიექტების შემოწმებას. ასევე, უფრო საკამათო ფუნქციებსაც: საბრძოლო ოპერაციებს, საფრთხეების განეიტრალებას, რასაც პათაკი "ფრონტის ხაზის შეიარაღებას" უწოდებს.

მისი მტკიცებით, რობოტების შეიარაღება ადამიან მეომრებს საფრთხისგან დაიცავს. მათ შეუძლიათ შენობებში შეჭრა და ჩხრეკა, სადაც ხშირად სასიკვდილო ხაფანგებია.

ამასთან, ისინი შეამცირებენ სამოქალაქო მსხვერპლს. პათაკის თქმით, სახმელეთო ავტონომია საჰაერო დარტყმებთან შედარებით უფრო მიზანმიმართულია.

Foundation-ის Phantom-ისთვის ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მომავლის საქმეა.

  • პირველი თაობის მოდელს, Phantom MK-1-ს, ბატარეა არ აქვს, მტვრისა და წყლისგან დაცული არ არის და წაქცევის შემდეგ ვეღარ დგება;
  • ხელები (რობოტიკის ჯერ კიდევ მთავარი გამოწვევა) სიმტკიცეს და მოძრაობის სიზუსტეს მოკლებულია, სათანადო მაჯებიც არ გააჩნია.

კომპანიის სხვა, დახურული ნაწილში მეორე თაობის მოდელი იწარმოება.

პათაკის განცხადებით, Phantom MK-2 გარემო პირობებისადმი გამძლე იქნება: მძლავრი ბატარეა დაახლოებით ექვსი საათით მუშაობას უზრუნველყოფს, წაქცევის შემდეგ ადგომა შეუძლია და მეტ დარტყმას გაუძლებს.

გაუმჯობესებული ხელები კრიტიკული მნიშვნელობისაა. ახალ ხელებს გაცილებით მეტი მოძრაობის საშუალება ექნება, ხოლო მაჯები ცეცხლსასროლი იარაღის მოხმარებაში დაეხმარება, ამბობს პათაკი.

Foundation-ის მიზანი 2027 წლის ბოლომდე წელიწადში, სულ ცოტა, 40 000 ერთეულის წარმოებაა, რომელთა ღირებულებაც 20 000 დოლარზე ნაკლები იქნება.

"რობოტების შეიარაღება ჯარისკაცებს საფრთხისგან დაიცავს", — სანკაეთ პათაკი

ფოტო: ზოი კორბინი / BBC

პათაკი ამბობს, რომ ჩინეთი ამ ტექნოლოგიას ავითარებს და დასავლეთმა ჩამორჩენა არ უნდა დაუშვას.

მისი ხედვით, ისევე, როგორც ცაა სავსე ავტონომიური დრონებით, ხმელეთზეც ასობით ათასი AI-ით მართული ჰუმანოიდი რობოტი ჩამოაყალიბებს არმიას. მისი თქმით, ჰუმანოიდ რობოტ-ჯარისკაცთა ჯარი, შესაძლოა, კონფლიქტის მნიშვნელოვან შემაკავებელ ფაქტორად იქცეს.

2026 წლის თებერვალში Foundation-მა ორი Phantom MK-1 უკრაინაში გაგზავნა — ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ჰუმანოიდი რობოტი საბრძოლო თეატრში განლაგდა. კომპანიის თანადამფუძნებელი და ყოფილი საზღვაო ქვეითი ოფიცერი, მაიკ ლებლანი მარტში ამბობდა, რომ უკრაინაში ნანახმა მხოლოდ გაამყარა მისი რწმენა ჰუმანოიდი ჯარისკაცების ღირებულებაში. მისი თქმით, Phantom განსაკუთრებით ფასეული შეიძლება გახდეს მომარაგებისა და დაზვერვის მისიებში — იქ, სადაც დრონები ვერ აღწევს, მაგალითად, ბუნკერებში. ადამიანთან სითბური სიგნალის მსგავსების გამო კი მტერს შეცდომაში შეიყვანს.

Foundation-მა ყურადღება ამ წლის დასაწყისში მიიქცია, მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტის ვაჟი, ერიკ ტრამპი, კომპანიის ინვესტორი და მრჩეველი გახდა.

ეს კომპანია პათაკისთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების შანსიცაა — მის მიერ თანადაფუძნებული ფინანსური სერვისების კომპანია Synapse 2024 წელს გაკოტრდა.

ნამდვილად ისაა ჰუმანოიდი რობოტ-ჯარისკაცები, რაც სამხედრო ძალებს სჭირდება? რამდენად რთულია მათი შექმნა და რა ეთიკური კითხვები ჩნდება?

ჰუმანოიდი რობოტიკის საკონსულტაციო ფირმის, Robozaps-ის ხელმძღვანელი, დინ ფანქჰაუზერი ამბობს, რომ სამხედრო სექტორის ინტერესი ცხადია. ამის მაგალითად ამერიკის არმიის მიმდინარე კონკურსს ასახელებს — ჰუმანოიდებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, ჯარისკაცებს ფართო სპექტრის ამოცანებში დაეხმარონ.

ფანქჰაუზერის თქმით, "სრულიად გარდაუვალი" იყო, რომ რომელიმე კომპანია ამ ტექნოლოგიის შეიარაღებაში ბიზნეს შესაძლებლობას დაინახავდა.

ბრძოლის ველზე, განსაკუთრებით უკრაინაში, ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა მარტივი რობოტი (დრონებისა და სახმელეთო სისტემების ჩათვლით), რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებები, რაკეტები და სხვა სამხედრო ტვირთი გადააქვს.

ზოგიერთმა კომპანიამ ასევე დაიწყო ოთხფეხა, ძაღლის მსგავსი რობოტების შეიარაღება, თუმცა ფანქჰაუზერი აღნიშნავს, რომ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ისინი ჯერ იშვიათად გვხვდება.

ფეხიანი რობოტების სხვა კომპანიები ზიანის მიყენებისა და ეთიკური პრობლემების გამო, შეიარაღებას ეწინააღმდეგებიან.

პათაკი ამ პოზიციას არ იზიარებს და ამტკიცებს, რომ სახიფათო ისაა, Foundation-ის გზას მეტი კომპანია რომ არ მიჰყვება.

მისი არგუმენტი ჰუმანოიდი რობოტ-ჯარისკაცების სასარგებლოდ ასეთია: სამყარო ადამიანებისთვის არის შექმნილი და მათი ხელისთვის გათვლილი ყველა ხელსაწყო, ხრახნიანიდან იარაღამდე, ჰუმანოიდ რობოტსაც პირდაპირ შეუძლია გამოიყენოს. არაფრის შეცვლა არაა საჭირო.

პათაკი ასევე ამბობს, რომ ადამიანი "პროცესში ჩართული უნდა იყოს" და სასიკვდილო ძალის ნებისმიერი გამოყენება სისტემამ მხოლოდ მისი ნებართვით უნდა განახორციელოს, თუმცა გამონაკლისებსაც ახსენებს: შემთხვევები, სადაც კატასტროფული შედეგის თავიდან ასაცილებლად შეიძლება ავტონომიურობა გახდეს საჭირო, ან სიტუაციები, სადაც ადამიანის ავტორიზაცია ნაკლებად კრიტიკულია.

ყველაზე დიდ გამოწვევას, რომელსაც ჰუმანოიდი რობოტების ყველა მწარმოებელი აწყდება, ისეთი AI-ის განვითარება წარმოადგენს, რომელსაც რეალურ სამყაროში ფუნქციონირება და მოულოდნელ, რთულ სიტუაციებთან გამკლავება შეუძლია.

Phantom-ს AI სისტემა Cortex მართავს; ახალი ვერსიაც მუშავდება.

იდეა ისაა, რომ Phantom-ს დავალება ეძლევა (მაგ. მომარაგების გადატანა ან შენობის შიგნით მარშრუტის აგება) რომელსაც ვიდეოების, სურათებისა და ტექსტის საშუალებით განხორციელებული სპეციფიური ტრენინგის საფუძველზე ასრულებს.

შემდეგ რობოტი ჩაფხუტში ჩამონტაჟებული 360-გრადუსიანი კამერებით ირგვლივ ხედავს, AI სისტემა გარემოს აფასებს და შესაბამისად მოძრაობს.

Cortex-ში, პათაკის განცხადებით, ერთობლივად ორი სახის AI მოდელი მუშაობს.

  • მსჯელობის მოდელი, რომელიც ამოცანის სპეციფიკური მაგალითებით არის გაწვრთნილი, მიზანს ინტერპრეტირებს და Phantom-ის სამოქმედო გეგმას ადგენს;
  • სამყაროს ფართო მოდელი ინტერნეტ-ვიდეოებზე და ფიზიკურ გარემოსთან ურთიერთობაზეა გაწვრთნილი — კუბიკებთან "თავისუფალი თამაშის" ჩათვლით. ის წინასწარ აფასებს, როგორ ირეაგირებს გარემო, რაც Phantom-ს უსაფრთხო გადაადგილებაში ეხმარება.

ჩინური რობოტები შთამბეჭდავ დემონსტრაციებს გვთავაზობს , მაგრამ ბრძოლის ველამდე ჯერ შორსაა

ფოტო: CFOTO/Future Publishing via Getty Images

თუმცა ყველა არ არის დარწმუნებული, რომ ჰუმანოიდი ფორმა ყველაზე ეფექტიანია.

Robozaps-ის ფანქჰაუზერი ამბობს, რომ სხვა რობოტებს, მაგ. ოთხფეხიანებს, გადაადგილება უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეუძლია.

კომერციულ სექტორში ნანახის საფუძველზე ასევე აღნიშნავს, რომ ჰუმანოიდ ტექნოლოგიას ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯი აქვს გადასადგმელი.

"დღევანდელი კომერციული ჰუმანოიდი რობოტები საწყობში ნივთების დალაგებასაც კი ძლივს ართმევენ თავს, კარის გაღებაზე რომ არაფერი ითქვას", — ამბობს ფანქჰაუზერი.

"დღეს რომ ტაივანში ომი გაჩაღდეს, წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ჩინეთი ამ ჰუმანოიდებს გამოიყენებს და ეფექტიანად იბრძოლებს, ილუზიაა", — დასძენს ის.

ჩინური რობოტები შთამბეჭდავ დემონსტრაციებს გვთავაზობს, თუმცა ეს ყოველთვის კარგად კონტროლირებად, სტრუქტურულ გარემოში ხდება, რაც რეალური ომის ანტიპოდია. ამასთან, ფანქჰაუზერი დასძენს, რომ ხუთ ან ათ წელიწადში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.

რობერტ გრიფინი Florida Institute for Human and Machine Cognition-ში ჰუმანოიდ რობოტებზე მუშაობს. ამ ორგანიზაციის საქმიანობა არასაბრძოლო გამოყენებაზე ფოკუსირებულ ჰუმანოიდ პროექტებს მოიცავს.

მისი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია, ძირითადი ტექნოლოგიის ნაწილისთვის, მოგვიანებით Foundation-მა შეიძინა.

გრიფინისთვის ჰუმანოიდების მთავარი ღირებულება ადამიანი ჯარისკაცებისთვის რისკის შემცირებაა, თუმცა ამბობს, რომ მოულოდნელი გარემო ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა. უცნობი სიმაღლის ფანჯრიდან გადახტომა, არათანაბარ ნიადაგზე დაშვება და უცნობ ინტერიერში დაუყოვნებლივ გადაადგილება — ამ ყველაფრის ერთად გაკეთება ძალიან რთულია.

"ადამიანის ფორმას როცა ვხედავთ, ადამიანის დონის შესაძლებლობების შთაბეჭდილება გვიქმნება... მაგრამ ამ ავტონომიურმა სისტემამ ჯერ არ იცის, როგორ გაუმკლავდეს გაურკვევლობას", — ამბობს გრიფინი.

ის დასძენს, რომ ადამიანმა ჯარისკაცებმა AI სისტემები ადვილად დაამარცხეს ისეთი "უჩვეულო" ქმედებებით, როგორიცაა სალტოს გაკეთება ან თავზე მუყაოს ყუთების ჩამომხობა.

პრაქტიკული პრობლემებიც მარტივად არ იჭრება.

ენერგიის ვადა "ყველა ჰუმანოიდი კომპანიის თავის ტკივილია", — ამბობს გრიფინი: გადაადგილება და სახსრების მოძრაობა ძალიან ბევრ ენერგიას მოითხოვს. ექვსი საათი "ძალიან შთამბეჭდავი" იქნებოდა.

აქვე ღიად რჩება კითხვა, შეძლებს თუ არა Foundation ადამიანისთვის დამზადებული იარაღის მოსახმარად შესაფერისი ხელების შექმნას.

"საინჟინრო გუნდს კომპანია ურთულეს გამოწვევებს უყენებს, რომელსაც ან შეასრულებს ან ვერა", — ამბობს ის.

Foundation რობოტისთვის ახალ ხელებზე მუშაობს

ფოტო: ზოი კორბინი / BBC

ამასობაში, ეთიკური შეშფოთება სულ უფრო მძიმდება.

ნიკოლ ვან როიენი, არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური კოალიციის, Stop Killer Robots-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ავტონომიური სასიკვდილო იარაღი, რა ფორმასაც არ უნდა ატარებდეს, ომის დაწყების ზღვარს დაბლა სწევს, კონფლიქტის დეჰუმანიზაციას აკეთებს და პასუხისმგებლობის დადგენს ართულებს.

ამასთან, ჰუმანოიდი ფორმა მისთვის "განსაკუთრებით შემაშფოთებელია".

სამოქალაქო გამოყენების ზრდასთან ერთად, ადამიანის მსგავსი მანქანები ნაცნობ და სანდო შთაბეჭდილებას შექმნის, რაც საფრთხის არასწორად შეფასების რისკს ზრდის.

მიმდინარე ტექნოლოგიურ შეიარაღებულ რბოლაზე მისი პასუხი საერთაშორისო წესების შემოღებაა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.