რუსეთში ინტერნეტის გათიშვისა და ციფრული ცენზურის შესახებ ვრცელი სტატია The Financial Times-ში გამოქვეყნდა.

მოსკოვის მრავალი მაცხოვრებლის მსგავსად, ელექტრონული გადახდების ყველგან გავრცელების გამო, 34 წლის პროექტის მენეჯერმა, ალინამ წლების განმავლობაში ნაღდი ფულის გამოყენების ჩვევა დაკარგა.

წელს, როდესაც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის ინტერნეტზე ფაქტობრივი კონტროლი მოიპოვა და მილიონობით ადამიანს წვდომა შეუზღუდა, მას ანალოგური უნარების ხელახლა აღმოჩენა მოუწია.

"კოლეგებს ვითხოვდი ნაღდი ფულის სესხებას ლანჩის ან ავტობუსის ბილეთის საყიდლად", — იხსენებს ალინა მარტში გათიშვის პირველ დღეებს — "საფულის პოვნასა და ტარებასთან შეგუებისთვის დიდი დრო დამჭირდა ".

გასული ზაფხულიდან რუსულ ქალაქებს ინტერნეტის გათიშვა აწუხებს. ქვეყანას, რომელსაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა და მნიშვნელოვნად ეყრდნობოდა ელექტრონულ გადახდებს.

ამ გაზაფხულზე გათიშვა საბოლოოდ მოსკოვსაც მიწვდა, ქალაქს, სადაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10 პროცენტი ცხოვრობს.

2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პირველად, დედაქალაქმა რამდენიმედღიანი მობილური უინტერნეტობა გამოსცადა. ეს კრემლის წინა პოლიტიკის მკვეთრი ცვლილებაა, რომელიც მოსკოვს ომის შედეგებისგან იცავდა.

მოსკვორეცკის ხიდი მოსკოვის ცენტრში, სადაც ინტერნეტის გათიშვები ამ გაზაფხულზე დაიწყო. მიუხედავად კრემლის წინა პოლიტიკისა, რომელიც დედაქალაქს ომის გავლენისგან იცავდა.

ფოტო: Igor Ivanko/AFP/Getty Images

თანამშრომლები მომხმარებლებს ემსახურებიან დედაქალაქის რესტორან "Скрепка"-ში. ინტერნეტზე ახალმა კონტროლმა ბევრი ჩვეულებრივი მოქალაქე გააღიზიანა.

ფოტო: Ramil Sitdikov/Reuters

მარტიდან მოყოლებული, გათიშვა არათანმიმდევრულად და მოულოდნელად ხდება, არც კანონით, არც განცხადებით, არამედ ზედიზედ გაუჩინარებებით: ქრება მობილური სიგნალი, არ იტვირთება მარშრუტი, გამოუსადეგარი ხდება ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო აპლიკაციები.

ცალკე მიმდინარე რეპრესიების ფარგლებში, ზარები Telegram-ში, (რომელსაც ადრე რუსეთში თვეში დაახლოებით 90 მილიონი ადამიანი იყენებდა) ქვეყნის არცერთ წერტილში არ მუშაობს, ხოლო შეტყობინებები მხოლოდ ხანდახან აღწევს ადრესატამდე.

მოსკოვში ინტერნეტის გამორთვის მასშტაბის ერთ-ერთი ადრეული ნიშანი მარტში გამოვლინდა, როდესაც ქალაქის ე.წ. "ოქროს" საზოგადოებრივი საპირფარეშოები (რომლებიც მხოლოდ ბარათით გადახდას იღებენ) გაჩერდა. მეორე ნიშანი იყო ნაღდი ფულის გამოყენების ზრდა. მესამე — რუსული ტექნოლოგიური კომპანიების გაფრთხილება, რომ შეზღუდვებმა მათ ფინანსურ შედეგებზე შეიძლება ეფექტი იქონიოს.

"არაფერი არ მუშაობს", — თქვა აიგულმა, მოსკოვის ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელის კონდიტერმა, TikTok-ზე ერთ-ერთ ვიდეოში — "ისე ვცხოვრობთ, თითქოს ისევ ქვის ხანაა".

თუმცა ეს მხოლოდ ინსტიტუციური უუნარობა არ არის. გამორთვების მიღმა, ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების თანახმად, რუსულ სახელმწიფოში ხელისუფლების ჩუმი გადანაწილება ხდება — FSB, საბჭოური KGB-ს მემკვიდრე უწყება, წყვეტს, როდის და ვის უნდა მიეცეს ინტერნეტზე წვდომა.

"მათ ფაქტობრივად გადაეცათ მთავარი ბერკეტი, რომელიც რუსეთის ინტერნეტს მართავს", — ამბობს სარკის დარბინიანი, ონლაინ თავისუფლებებზე სპეციალიზებული იურისტი.

ეს ცვლილება იმის ნიშანია, რამდენად ღრმად შეცვალა უკრაინის ომმა და მასზე რუსეთის შიდა რეაგირებამ, ქვეყნის ცხოვრება. FSB-ს ძალაუფლება იზრდება და უწყება ვლადიმერ პუტინის მმართველობის მიმართ აღქმული გარეშე და შინაგანი მტრებისგან მომდინარე საფრთხეების აღკვეთას ცდილობს.

ახალმა შეზღუდვებმა ბევრი მოქალაქე გააღიზიანა და ახლა გამოსავალს ეძებს. თუმცა ეს ასევე აჩვენებს, რამდენად შესწევს რუსეთისნაირ ქვეყანას ძალა, ინტერნეტი საკუთარი ინტერესების შესაბამისად გადააწყოს, თუნდაც, როგორც ზოგი ინდუსტრიის წარმომადგენელი აფრთხილებს, ეს დიდ ფასად დაუჯდეს.

Telegram-ის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა, გასულ კვირას დააფიქსირა, რომ რეპრესიები ქვეყნიდან ტექნოლოგიური კადრების გადინებას იწვევს. "სპეციალისტები, რომლებსაც რუსეთში სმარტფონის ოპერაციული სისტემის შექმნა შეეძლოთ, მასობრივად ტოვებენ ქვეყანას", — თქვა მან.

დუბაიში მცხოვრებმა დუროვმა დასძინა: "რუსმა ჩინოვნიკმა, რომელმაც 'ციფრული სუვერენიტეტის' სახელით ინტერნეტი დაშალა და ქვეყანა ათწლეულებით უკან დააბრუნა, ამერიკის შეერთებული შტატებისგან ეროვნული უსაფრთხოების მედალი დაიმსახურა".

ძალაუფლების ხელში ჩაგდება

FSB-ს რუსეთში ინტერნეტის გამოყენების მონიტორინგსა და ზედამხედველობაში მრავალი წლის გამოცდილება აქვს.

ონლაინ რეგულირება აქამდე ძირადად სამოქალაქო უწყებებს (პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ციფრული განვითარების სამინისტროსა და Roskomnadzor-ის, ცენზურის ფილტრების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ მაკონტროლებელ ორგანოს) შორის იყო განაწილებული.

როგორც სიტუაციაში ჩახედული ადამიანები ამბობენ, გასული წლის შუა პერიოდიდან, FSB-ს მეორე სამმართველომ, უწყების ძალაუფლებიანმა შინაგანი უსაფრთხოების ორგანომ, პირდაპირ კონტროლისთვის ლობირება დაიწყო.

მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსეი სედოვის ხელმძღვანელობით, მეორე სამმართველო FSB-ის კონტროლის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია, რომელსაც მიზანში ოპოზიციის აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები და "აღქმული შიდა მტრები" ჰყავს ამოღებული.

ინტერნეტზე ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ორი მთავარი არგუმენტი ჰქონდა, რის შესახებაც პირველად The Bell-მა, ემიგრაციაში მოღვაწე დამოუკიდებელმა რუსულმა მედია-გამოცემამ, მოგვითხრო.

ერთი საკითხი იყო უკრაინის მზარდი ტენდენცია, რუსეთის შიდა მობილური ინტერნეტის ინფრასტრუქტურა დრონების შეტევების გასაშვებად გამოეყენებინა. წელიწადნახევრის წინ, ცნობილ ოპერაციაში, სახელად Spiderweb, სატვირთო მანქანებში ჩამალული 100-ზე მეტი დრონით ფრონტიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ საავიაციო ბაზებს შეუტიეს.

გასულ წელს უკრაინული დრონების შეტევამ ქვეყნის სიღრმეში მდებარე რუსული საავიაციო ბაზები დააზიანა

ფოტო: Security Service of Ukraine

"დრონები მობილური ანძების კავშირზე მუშაობს, ამიტომ მათი განეიტრალების ყველაზე მარტივი გზაა ანძების სრულად გათიშვა", — ამბობს უწყებასთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენი. ანძების მუშაობის შეწყვეტის შემდეგ მობილური ინტერნეტიც ქრება.

ცალკე იდგა Telegram-ის საკითხი, რომელიც FSB-ის პერსპექტივიდან ორმაგ საფრთხეს წარმოადგენდა: სივრცეს, სადაც უკრაინელებს შეტევების დაგეგმვა ან რუსების გადაბირება შეუძლიათ, და სივრცეს, სადაც ქვეყნის შიდა ოპოზიცია ჯერ კიდევ თავს იყრის.

კონტრდაზვერვის სამსახურებმა 2024 წლის ბოლოს პირველად დაიწყეს შფოთვა იმაზე, რომ რუსეთი მოწყვლადია უცხოეთში დაფუძნებულ მესენჯერ-სერვისებში წარმოებული ოპერაციების მიმართ, ამბობს კიდევ ერთი გავლენიანი რუსი ბიზნესმენი.

"რუსეთს არ უნდა ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, სადაც მტრული დაზვერვის სამსახურები მესენჯერ-სერვისს დივერსიისთვის გამოიყენებენ", — ამბობს ის.

აპრილში FSB-ის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა, ტელევიზიის ეთერში გააკრიტიკა "მტრის გააქტიურებული მოქმედებები … სოციალურ ქსელებსა და მესენჯერებში". ერთი თვის შემდეგ მან ირანის ხელმძღვანელობის მკვლელობისთვის თეირანის ვიდეომონიტორინგის სისტემებში პროგრამის ჩაშენება "საგანგაშო სიგნალად" მიიჩნია.

Telegram-ის ბლოკირება ეტაპობრივად მოხდა. წვდომა გასული წლის აგვისტოდან შენელდა, თუმცა ცენზურის მაკონტროლებელმა ორგანომ მხოლოდ თებერვალში დაადასტურა, რომ ბლოკირება ძალაში იყო, მას შემდეგ, რაც სერვისი ფაქტობრივად ისედაც მიუწვდომელი იყო.

ასეთმა ღონისძიებებმა FSB-ს გაუხსნა ახალი გზა, რომელიც დისიდენტობის ჩახშობასა და ადამიანების "ერთმანეთთან არაკონტროლირებადი კომუნიკაციის" შეწყვეტას ისახავდა მიზნად, ამბობს ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი.

კვირას რუსეთის ყოველკვირეულ ახალ ამბებში მოულოდნელი სტუმარი გამოჩნდა, რომელსაც FSB-ის შეშფოთებების დასაბუთება დაეკისრა: ედვარდ სნოუდენი, მამხილებელი, რომელმაც 2013 წელს, აშშ-ის ფართომასშტაბიანი თვალთვალის გამოაშკარავების შემდეგ, მოსკოვს შეაფარა თავი.

სნოუდენი FSB-ის ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად გამოვიდა, რათა დაადასტუროს უწყების მტკიცება, რომ დასავლური კომპანიები ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას ჯაშუშობისთვის იყენებდნენ.

მაისის ბოლოს პუტინმა მთავრობასა და FSB-ს დაავალა, რომ ინტერნეტის გათიშვისას "კრიტიკულად მნიშვნელოვანი" სერვისებისთვის "შეუფერხებელი მუშაობა" უზრუნველყონ. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ასეთი გამორთვები შემდგომაც გაგრძელდება.

ციფრული განვითარების სამინისტრო ახლა ასევე ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურებთან "ათანხმებს", ინტერნეტის გათიშვისას რომელი საიტები უნდა შენარჩუნდეს ხელმისაწვდომი, ეს ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა.

ყველას არ ჰგონია, რომ FSB ახალ როლს წარმატებით ართმევს თავს. "ისინი ყუმბარით შეიარაღებული მაიმუნებს ჰგვანან: ერთ ღილაკს თუ დააჭერენ, ნახევარი ციმბირი შემთხვევით ინტერნეტის გარეშე რჩება", — ამბობს ყოფილი მაღალჩინოსანი — "ეს არის მათი კომპეტენციის დონე".

ნაძალადევი ციფრული დეტოქსი

მშობლებთან მესენჯერის ნაცვლად ფოსტით კომუნიკაცია. შეტყობინებისთვის საპასუხოდ კაფეში ან ხელისუფლების მიერ შექმნილ "საჯარო Wi-Fi წვდომის წერტილებში" ჩასვლა. მარშრუტების მეხსიერებით მართვა. ნაღდი ფულის ტარება და ტაქსის გამოძახებისთვის დარეკვა, ნაცვლად აპლიკაციით შეკვეთისა.

ეს ის ჩვევებია, რომელიც ბევრმა რუსმა წარსულში დატოვა, ახლა კი ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბრუნდა.

ფეხით მოსიარულეები ქაღალდის რუკებით პოლიციელებს ესაუბრებიან. სახელმწიფო მედია ინტერნეტის გათიშვების დროს ხალხს ალტერნატიული ნავიგაციის რჩევებს, მაგალითად, ფიზიკური რუკის შეძენას, სთავაზობდა

ფოტო: Andrei Bok/SOPA/Reuters

მგზავრი სმარტფონს იყენებს მოსკოვის მეტროში. ახალი ინტერნეტ-შეზღუდვების დაწყების შემდეგ ბევრი რუსი VPN-აპლიკაციებს იყენებს, რათა სხვა აპლიკაციებზე წვდომა ჰქონდეს

ფოტო: Ramil Sitdikov/Reuters

მარტში მოსკოვის გათიშვის დროს, სახელმწიფო მედია სწრაფად აივსო ალტერნატიული ნავიგაციის რჩევებით, მაგალითად, ვარსკვლავების გამოყენებით ან ფიზიკური რუკის შეძენით. "მხოლოდ ინტერნეტზე დაყრდნობა არ შეიძლება. ეს ახალი რეალობაა", — განუცხადა აპრილში რუსულ მედია-გამოცემას სახელმწიფო დუმის წევრმა, იაროსლავ ნილოვმა.

ბევრისთვის ეს ახალი რეალობა მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს.

OECD-ის მონაცემებით, რუსეთს ინტერნეტმომხმარებლების უფრო მაღალი წილი აქვს, ვიდრე ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორებიცაა იტალია, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი.

ბაზარში ერთი კილოგრამი პომიდვრის ყიდვა ხანდაზმული ქალბატონისგან პირდაპირ ფულის გადარიცხვით შეიძლებოდა, ან ქუჩის მუსიკოსისთვის ფული ბანკის აპლიკაციასთან დაკავშირებული QR-კოდით გადაეხადათ.

ასეთი ტრანზაქციები გათიშვის შედეგად მნიშვნელოვნად გართულდა. სხვადასხვა წყაროდან მონაცემები განსხვავებულია, თუმცა ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ ინტერნეტის გათიშვა ნაღდ ფულზე მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ გათიშვის დროს ბანკმა თავის POS-ტერმინალებზე ტრანზაქციების დაშვება დაიწყო, მაშინაც კი, როცა მყიდველის ანგარიშთან დაკავშირება შეუძლებელია. სისტემა უბრალოდ თვლის, რომ "მომხმარებელს გადასახადის დასაფარად ანგარიშზე საკმარისი თანხა აქვს".

რუსეთის IT-ჯგუფებმა, მაგალითად Yandex-მა (ქვეყნის Google-ის ანალოგმა) და Ozon-მა, Amazon-ის მსგავსმა სავაჭრო პლატფორმამ, ინტერნეტის გათიშვა ფინანსური შედეგების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა.

ონლაინ-ვაჭრობასთან დაკავშირებული ბიზნესები ყველაზე მეტად დაზარალდა: მგზავრობის სერვისები, მიტანის სერვისები და ონლაინ-მაღაზიები, ამბობს ივან ფედიაკოვი, ანალიტიკური კომპანია Infoline-ის აღმასრულებელი დირექტორი.

შეზღუდვებისა და მზარდი შფოთის ფონზე, ადამიანებმა ნაკლები ხარჯვა დაიწყეს, დასძენს ის, ხოლო ზოგი სხვა ქვეყანაში გადასახლებას ფიქრობს. "მეზობელი ყაზახეთი, მაგალითად კომფორტის ოაზისს ჰგავს".

გამოსავალი

Telegram-ისა და WhatsApp-ის ბლოკირებამ ადამიანები აიძულა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ალტერნატივები ან ნაკლებად პოპულარული აპლიკაციები გამოიყენონ.

ზოგი Google Chat-ის გამოყენებას ცდილობს, რომელიც ადრე სამუშაო კომუნიკაციისთვის გამოიყენებოდა და ახლა მეგობრებთან და ოჯახთან ფოსტით კომუნიკაციას ურჩევნიათ.

რუსეთის ვირტუალური კერძო ქსელების (VPN) ბაზარი წელს "აფეთქდა", — ამბობს ალექსეი კოზლიუკი, VPN Guild-ის თავმჯდომარე. მხოლოდ მარტში VPN-აპლიკაციების გადმოწერა Google Play-ში წლის წინა პერიოდთან შედარებით 14-ჯერ გაიზარდა, ამბობს ის.

ასევე დასძენს, რომ ახლა "ცენზორებსა და VPN-პროვაიდერებს შორის აქტიური კიბერ ომი" მიმდინარეობს. "სერვისი, რომელიც გუშინ მუშაობდა, შესაძლოა დღეს გაითიშოს და ხვალ გასწორდეს".

ამას ადამიანური რესურსების მენეჯერი, ოლგაც ეთანხმება. მის მშობლიურ ქალაქ ვორონეჟში ბლოკირებულ საიტებზე წვდომას VPN ვერ უზრუნველყოფს.

"ხან ითიშება და მერე ისევ ირთვება", — ამბობს ის. როდესაც დასასვენებლად ახლახან საქართველოს საზღვარი გადაკვეთა, განსხვავებამ გააოგნა.

"ნუთუ Telegram და WhatsApp მუშაობს?!" — იხსენებს ის თავის წამოძახილს — "ვიდეოებიც კი იტვირთება, VPN-ის გარეშე, ასე უბრალოდ!"

კრემლის უჩვეულო კრიტიკოსები

მოსკოვის ინტერნეტის შეზღუდვებმა ისეთი წრეები გააღიზიანა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს ხშირად არ აკრიტიკებს: სკოლის მოსწავლეებითა და ცხოვრების სტილის ბლოგერებით დაწყებული, ომის მომხრე ჟურნალისტებითა და რეგიონების გუბერნატორებით დასრულებული.

წლის პირველ კვარტალში ეს შეზღუდვები რუსების ყველაზე მსხვილი შეშფოთებების სიას დიდი დისტანციით ლიდერობდა, ამბობს KROS-ის, რუსეთში დაფუძნებული დიდი PR-ფირმის, მედია და სოციალური ქსელების კვლევა. სხვა არანაირი კატეგორია ამას არც მიახლოვებია.

"ეს არ მომხდარა არც Covid-ის დროს, არც უკრაინის ომისთვის გამოცხადებული მობილიზაციის დროს", — აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები.

TikTok-სა და Instagram-ზე, რომელზე წვდომაც რუსეთში მხოლოდ VPN-ით შეიძლება, ემოციური ვიდეოები გამოჩნდა, რომელშიც ხშირად ცრემლიანი ახალგაზრდა ბლოგერები და ჩვეულებრივი ადამიანები ფიგურირებენ.

"ფულს ვშოულობ, გადასახადებს ვუხდი, და ისინი ინტერნეტს თიშავენ, იმ ინტერნეტს, საიდანაც იმ ფულს ვშოულობ, რომლითაც გადასახადებს ვუხდი", — დაწერა ტიუმენელმა მეწარმემ, კონსტანტინმა, Instagram-ში — "სწორად გავიგე?"

რუსეთის დედაქალაქში გარბენის მონაწილეს კოსტუმზე ეწერა: "ინტერნეტი დაკავშირებულია"

ფოტო: Yulia Morozova/Reuters

ცენტრალურმა ბანკმა აღნიშნა, რომ გათიშვები ნაღდ ფულზე მოთხოვნის ზრდის ნაწილობრივი მიზეზია

ფოტო: Anastasia Barashkova/Reuters

ბელგოროდის სასაზღვრო რეგიონის ყოფილი გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი, გასულ წელს ამბობდა, რომ Telegram სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია, ის შეტევების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებოდა. ომის მომხრე ბლოგერები, რომელთა აუდიტორია Telegram-ში მილიონ რუსს ითვალისწინებდა, განგაშის ზარს სცემდნენ, რადგან ფრონტზე მყოფი ჯარისკაცები ამ ქსელს ეყრდნობიან.

კრემლის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი თანამშრომლის თანახმად, პუტინის ადმინისტრაცია ცდილობს FSB-ს შეეწინააღმდეგოს, რადგან საზოგადოების შფოთვამ შეიძლება სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებზე იქონიოს გავლენა.

"FSB-სა და კრემლის ჩინოვნიკებს შორის ინტერნეტთან დაკავშირებით დიდი დაპირისპირება მიდის, ჩინოვნიკები ყველანი ბლოკირების წინააღმდეგ არიან", — ამბობს ერთი — "პუტინს რაღაც დროს მოუხდება გადაწყვეტილების მიღება. უკვე ჩანს [გარეგანი] ნიშნები, რომ ერთმანეთთან დიდი კამათი აქვთ".

ყოფილი მაღალჩინოსანი დასძენს, რომ FSB "განუწყვეტლივ პოულობს სხვადასხვა მიზეზებს ბლოკირებისთვის და მათგან არც ერთს ლოგიკური ახსნა არ აქვს … ეს სინამდვილეში პუტინსაც არ აუხსნია".

თუმცა ალექსანდრა პროკოპენკო, კარნეგის რუსეთ-ევრაზიის ცენტრის თანამშრომელი, ამბობს, რომ სამოქალაქო ჩინოვნიკებს "ამ სიტუაციის შესაცვლელად ბერკეტები არ აქვთ". სხვა ანალიტიკოსების მსგავსად, ისიც ფიქრობს, რომ სექტემბრის არჩევნების შემდეგ შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება.

ახალი, საკუთარი ინტერნეტი

უცხოური პლატფორმების დაბლოკვის პარალელურად რუსეთი ქმნის იმას, რასაც ჩინოვნიკები "სუვერენულ Runet"-ს ეძახიან: ინტერნეტის შიდა ვერსიას, რომელსაც სპეციალური სამსახურები მარტივად დააკვირდებიან და გააკონტროლებენ.

კრემლი ამ მიზნისკენ წლების განმავლობაში ისწრაფვოდა, თუმცა მისი მიდგომა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიცვალა.

ონლაინ ცენზურა, დიდი ხნის განმავლობაში, ძირითადად, დამიზნებულ ბლოკირებებს აკეთებდა — ხელისუფლება ცალკეულ საიტებსა და სერვისებს ირჩევდა და ბლოკავდა. ახლა სისტემა თეთრი სიის მოდელზე გადავიდა, ჯერ კიდევ შეზღუდულ, თუმცა მუდმივად გაფართოვებად სიაზე, რომელშიც სახელმწიფოს მიერ დაკომპლექტებული საიტები და აპლიკაციები ფუნქციონირებას ინტერნეტის გათიშვის დროსაც გაგრძელებენ.

თეთრ სიაში შედის პოპულარული რუსული სერვისები, მაგალითად Yandex Taxi და ონლაინ-მაღაზიები, ასევე ბლოკირებული უცხოური სერვისების ადგილობრივი ანალოგები.

ერთი მაგალითია მესენჯერ აპლიკაცია Max, რომელიც VK-მ შეიმუშავა. VK-ს პუტინის ერთ-ერთი ახლო მეგობარი, იური კოვალჩუკი აკონტროლებს. ჩინური WeChat-ის მოდელით შექმნილი Max, შეტყობინებებსა და სამთავრობო სერვისებს აერთიანებს და დაშიფვრა (end-to-end encryption) არ აქვს.

პუტინმა Max გასულ წელს ქვეყნის "ეროვნულ მესენჯერად" შერაცხა. სახელმწიფომ მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლებს ამ აპლიკაციაზე გადასვლის მითითება მისცა, ხოლო ყველაფერი (მასწავლებელ-მშობელთა ჩატებიდან ექიმი-პაციენტის მიმოწერამდე) ამ პლატფორმაზე გადააქვს.

ერთ-ერთი სტრატეგიაა Max-ისთვის და სხვა სახელმწიფოსთან დაკავშირებული აპლიკაციებისთვის ცალკე, იაფიანი ტელეფონის შეძენა, ხოლო VPN-ებისა და ბლოკირებული სერვისების ცალკე მოწყობილობაზე დატოვება, ეუბნება FT-ს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ასე იქცევიან. ზოგმა ჩინოვნიკმა კი დაიწყო სავიზიტო ბარათების დაბეჭდვა, რომლებზეც მათი ნამდვილი მობილურის ნომერი და Max-ის ნომერი ერთად წერია.

მომხმარებლები ჩივიან, რომ ხარვეზებიანი სერვისი ვიდეო-შეტყობინებებს ადრესატის ნაცვლად სხვა კონტაქტებთან აგზავნის. აპლიკაციის დაყენებისთანავე მომხმარებლები ავტომატურად ხდებიან ვლადიმერ სოლოვიოვის (რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის) სიახლეების არხის გამომწერები, ხოლო გამოწერის გაუქმების გზა არ არსებობს.

თუმცა ბევრი ჩვეულებრივი მოქალაქის აზრით, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ Max სრულად გამჭვირვალეა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებისთვის.

"რუსეთის ონლაინ ცენზურისა და შეზღუდვების სისტემას ხშირად ირანისა და ჩინეთის მოდელებს ადარებენ. თუმცა არცერთი მათგანი ქვეყანაში არსებულ რეალობას სრულად არ ასახავს", — ამბობს ანდრეი სოლდატოვი, ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი თანამშრომელი და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების ექსპერტი.

"ჩინეთმა ინტერნეტში კონტროლი თავიდანვე ჩააშენა, ხოლო ირანს რუსეთისნაირად ინტერნეტისა და ტექნოლოგიების გავრცელების დონე არასოდეს ჰქონია", — ამბობს სოლდატოვი. რუსეთის მიდგომა, დასძენს ის, "უნიკალურია" და ქაოტური: "ისინი გამოსავლებს კონკრეტული საჭიროებებისთვის გზადაგზა იგონებენ, ნაცვლად იმისა, რომ რომელიმე დიდ სტრატეგიულ გეგმას მიჰყვებოდნენ".

ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ჯერ კიდევ გაკვირვებულია ქვეყანაში ცვლილების მასშტაბით. "სამიოდე წლის წინ, 'ჩინური ინტერნეტი' რუსეთში სალანძღავი ფრაზა იყო", — ამბობს ის.

თუმცა ჩინეთიდან ახლახან დაბრუნებულმა, აღმოაჩინა, რომ "ჩინეთში ფანტასტიკური ინტერნეტია … იქ მოხვდები და თავისუფლად სუნთქვას იწყებ".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.