უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, რუსული დრონი რუმინეთში საცხოვრებელ შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის შედეგად ქალი და 14 წლის ბავშვი დაშავდა — შენობიდან 70 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

დრონის გასანეიტრალებლად ფეტეშტის საჰაერო ბაზიდან F-16 ტიპის ორი გამანადგურებელი აფრინდა. პილოტებს სამიზნის წინააღმდეგ მოქმედების უფლება ჰქონდათ.

რუმინეთის საგარეო უწყებამ რუსეთის ელჩი დაიბარა და მოსკოვის მხრიდან ეს ნაბიჯი ორიცესების "უპასუხისმგებლო ესკალაციად" შეაფასა.

"ჩვენ ოფიციალურად წარვადგენთ იმ შედეგებს, რასაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან გამოვლენილი ეს უპასუხისმგებლობა მოუტანს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს. ასევე, განვსაზღვრავთ შემდგომ ნაბიჯებს ევროპულ დონეზე, სანქციების ახალ პაკეტებთან დაკავშირებით," — დაწერა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ X-ში.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მომხდარი NATO-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედების საფუძველს იძლევა.

"წუხანდელი ინციდენტი იმ ინციდენტების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ამ ტიპის ინსტრუმენტის გამოყენებას ამართლებს. საუბარია მოკავშირე სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი თვლის, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. ცხადია, მე-4 მუხლის ამოქმედება ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ეს იმ ვარიანტებთან დაკავშირებული დისკუსიების ნაწილია, რომლებიც ამჟამად გვაქვს," — განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

NATO-ს გენერალური მდივანი მდივანის, მარკ რუტეს განცხადებით, "NATO მზად არის დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი "ინჩი".

"დავადასტურე, რომ NATO მზად არის დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი "ინჩი". გავაგრძელებთ მზადყოფნის გაძლიერებას ნებისმიერი საფრთხის შეკავებისა და მისგან თავდაცვისთვის, მათ შორის დრონებიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგაც.

რუსეთის ომი უნდა დასრულდეს, ისევე როგორც უნდა დასრულდეს რუსეთის მხრიდან სამოქალაქო უსაფრთხოების უგულებელყოფა. ჩვენი მხრივ, გავაგრძელებთ შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებას და ასევე უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იცავს თავს," — განაცხადა რუტემ.