მეცნიერებმა ჩეხეთში ნაპოვნი თავი ქალა შეისწავლეს, რომელიც 45 000 წლის წინანდელი უნდა იყოს. დაახლოებით ამ დროს ევროპაში აფრიკიდან წამოსული ადამიანები დასახლდნენ, რომლებსაც ფართო ცხვირი და განიერი სახე ჰქონდათ. ეს ჰომო საპიენსის ნეანდერტალელებთან პირველი შეჯვარებიდან რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ მოხდა. აღნიშნული თავის ქალა პრეისტორიული მოსახლეობა Zlatý kůň (ZK)-ის მცხოვრებ ქალს ეკუთვნის.

თავის ქალა პირველად 1950 წელს იპოვეს. იგი ამჟამად პრაღის ეროვნულ მუზეუმში ინახება. მან დროს ძალიან კარგად გაუძლო, ამიტომ სახის აღდგენა შედარებით მარტივია.

მეცნიერებმა ამ პროცედურის 3 სხვადასხვა ტიპი ჩაატარეს. პირველი მათგანის ფარგლებში რბილი ქსოვილების სისქე და სახის კუნთები ასახეს. ამას მკვლევრებმა A-მოდელი უწოდეს.

B-მოდელის შექმნაში მონაწილეობა ცნობილმა პალეოარტისტმა და მოქანდაკემ, ელიზაბეთ დენმა მიიღო. ხოლო C-მოდელის შესაქმნელად თავის ქალის 78 ცალკეული ძვლოვანი წარმონაქმნი ციფრულად ასახეს.

A და B-მოდელები ერთმანეთს ძალიან ჰგავდა. ორივე მათგანი მოკლე და ფართო ცხვირით იყო დახასიათებული, ცხვირის ძგიდე განიერი იყო, წვერი კი — შედარებით პატარა და მრგვალი. C-მოდელი უფრო ვიწრო ცხვირითა და გამოკვეთილი ნიკაპით ხასიათდებოდა, სახეს სამკუთხედის მსგავსი ფორმა უფრო ჰქონდა.

მეცნიერებმა სამივე რეკონსტრუქცია თანამედროვე ჩეხი და კამერუნელი ქალების ფოტოებს შეადარეს. A და B მოდელები კამერუნელ ქალებს უფრო ჰგავდა, C მოდელი კი ჩეხებს.

ZK მოსახლეობის გენეტიკური ანალიზიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ქალს კანიც, თმაც და თვალებიც მუქი უნდა ჰქონოდა. აფრიკიდან პირველად წამოსული ხალხის ნიშან-თვისებები ზუსტად ასეთია, ღია პიგმენტაცია მოგვიანებით განვითარდა: როცა ადამიანებს ჩრდილოეთის პირობებთან მოუხდათ ადაპტაცია.

კვლევის ავტორები ასევე განმარტავენ, რომ ფართო ცხვირისა და განიერი სახის ქონა თბილ, ტროპიკულ კლიმატში ხელსაყრელიც შეიძლება ყოფილიყო.

შედარებით ბუნდოვანი ისაა, თუ რა გავლენა შეიძლება მოეხდინა ნეანდერტალელი წინაპრების ყოლას ამ ქალის გარეგნობაზე. გენეტიკური მონაცემების მიხედვით, ეს ინდივიდი ჰომო საპიენსისა და ნეანდერტალელების ინტენსიური შეჯვარებიდან 80 თაობის შემდეგ დაიბადა.

ნაშრომი გამოცემაში npj heritage science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.