აშშ-ში კიბოს კვლევის კონფერენციაზე მეცნიერებმა პანკრეასის კიბოს საწინააღმდეგო უახლესი ექსპერიმენტული ვაქცინა წარადგინეს.

პანკრეასის კიბოს ხშირად ყველაზე მომაკვდინებელ სიმსივნედ მიიჩნევენ: იგი საკმაოდ იშვიათია, მაგრამ პაციენტების 87% დიაგნოზის მიღებიდან ხუთ წელსაც კი ვერ ცოცხლობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს უკვე მრავალი ათწლეულია იკვლევენ, ზემოხსენებული მაჩვენებელი თითქმის არ გაუმჯობესებულა.

კონფერენციაზე მეცნიერებმა პერსონალიზებული mRNA ვაქცინა წარადგინეს, რომელიც ჯერაც კლინიკურ ცდებს გადის. ამის მიუხედავად, შვიდი პაციენტი, რომელთაც ვაქცინა გაუკეთეს, ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.

ერთ-ერთმა მათგანმა დიაგნოზი 66 წლის ასაკში მიიღო. მას უკვე ვაქცინის 9 დოზა გაუკეთეს. ამჟამად იგი 72 წლისაა და ამბობს, რომ წამლით ძალიან კმაყოფილია.

ეს კონკრეტული ვაქცინა სხვა ვარიანტებისგან ძალიან განსხვავდება, რადგან თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურადაა მორგებული: იგი ამოკვეთილი სიმსივნიდან მიღებული გენეტიკური მასალით მზადდება. პრინციპი ისაა, რომ ვაქცინამ ორგანიზმის იმუნურ სისტემას კიბოს კონკრეტული ტიპის ამოცნობა და დამახსოვრება ასწავლოს. "განათლებულ" უჯრედებს შეუძლიათ, რამდენიმე წელი ან ათწლეულიც კი იცოცხლონ. ამან ორგანიზმი ეფექტიანად უნდა დაიცვას.

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ 6 წლის შემდეგ იმ პაციენტების 90% ცოცხალია, რომელთა ორგანიზმსაც წამალზე იმუნური რეაქცია ჰქონდა.

კლინიკური ცდის პირველი ფაზა 16 პაციენტს მოიცავდა, რომელთაც პანკრეასის სიმსივნე ოპერაბელური (ანუ ქირურგიულ ჩარევას რომ ექვემდებარება) ფორმით ჰქონდათ. კიბო სხვა ორგანოებზე არ ყოფილა გავრცელებული. ამ კოჰორტას ოპერაციის შემდეგ პერსონალიზებული ვაქცინა გაუკეთეს. გარდა ამისა, მათ იმუნოთერაპიული წამლებითა და ქიმიოთერაპიითაც მკურნალობდნენ.

ვაქცინის მიღების შემდეგ რვა პაციენტმა დადებითი იმუნური რეაქცია გამოავლინა. ეს ნიშნავს, რომ მათი T-ლიმფოციტები კიბოს უჯრედების ამოსაცნობად მოემზადა. აქედან 7 პაციენტი ოპერაციიდან თითქმის 6 წლის შემდეგაც (ბოლო დაკვირვების დროს) ცოცხალი იყო. იმ 8 პაციენტიდან, რომლებსაც იმუნური რეაქცია არ ჰქონიათ, მხოლოდ 2 გადარჩა.

ერთ-ერთი გადარჩენილი პაციენტის თქმით, ის ახლა იმდენად ჯანმრთელია, რომ თითქმის ყველაფერი დაავიწყდა, რაც გამოიარა.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პანკრეასის კიბო ოპერაბელური იშვიათად თუა. ამ დაავადებას ხშირად "ჩუმ მკვლელს" უწოდებენ, რადგან პაციენტების 90%-ზე მეტი დიაგნოზს მაშინ იღებს, როცა ოპერაცია უკვე დაგვიანებულია. კიბოს ყველაზე გვიანდელ სტადიებში 5-წლიანი სიცოცხლის მაჩვენებელი 3,2%-ამდე იკლებს.

შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, mRNA ვაქცინა რამდენად გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს იმ პაციენტებს, რომლებმაც დიაგნოზი გვიან მიიღეს.

კლინიკური ცდების მეორე ფაზა უკვე დაწყებულია. მეცნიერებმა თავიანთი მიგნებები კიბოს კვლევის ამერიკული ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგინეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.