ცუკერბერგი საკუთარ AI-კლონს ქმნის, რომელიც თანამშრომლებს თვალყურს მიადევნებს
ფოტო: ALAIN JOCARD/AFP via Getty Images/Futurism
Meta-ს გენერალურმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა, მიკრომენეჯმენტი ახალ დონეზე აიყვანა. ის ხელოვნურ ინტელექტს (AI) გამოიყენებს, რათა საკუთარი თავის სამგანზომილებიანი ფოტორეალისტური ვერსია შექმნას. კლონი თანამშრომლებს დაელაპარაკება და უკუკავშირს მისცემს. მოდელს ცუკერბერგის ფოტოებსა და ხმაზე გაწვრთნიან.
ეს კომპანიის უფრო ფართო გეგმის ნაწილია: Meta-ს ავატარების შექმნა სურს, რომლებიც კლიენტებთან რეალურ დროში ისაუბრებენ. აღნიშნულ იდეას კრიტიკოსიც ბევრი ჰყავს. ზოგის აზრით, კომპიუტერული და ფინანსური რესურსების ამაზე ფლანგვა არ ღირს.
ბევრი მიიჩნევს, რომ ეს Meta-ს მხრიდან AI-ასპარეზში ჩართვის კიდევ ერთი მცდელობაა. ცოტა ხნის წინ კომპანიის Superintelligence Labs-მა ახალი AI-მოდელი გამოუშვა, რომელსაც "Muse Sparks" დაარქვეს. მიზანი ისაა, რომ მისი გამოყენება მარტივი და სწრაფი იყოს. მეორე მხრივ, კრიტიკოსების აზრით, მოდელს არც ერთი გამოსდის და არც მეორე.
მსგავსი პროექტი კომპანიას 2023 წელსაც ჰქონდა, როცა მათ ცნობილი სახეების ჩატბოტებად "გადაქცევა" განიზრახეს. პროექტში მონაწილეობისთვის კომპანიამ ამ პირებს მილიონობით დოლარი გადაუხადა. ჩატბოტებმა ამ ცნობილი სახეების სახელით საეჭვო განცხადებების გაკეთება დაიწყეს, ამიტომ პროექტი მალევე (წელიწადზე ნაკლებ ხანში) დაიხურა.
ასევე იხილეთ: Meta თავისი AI ჩატბოტების გამოშვებას გეგმავს, რომლებსაც სხვადასხვა პერსონაჟის სახე ექნება
გასულ თვეში Meta შემცირებებსაც გეგმავდა, რომელიც კომპანიის 20%-ზე მეტს უნდა შეხებოდა. გარდა ამისა, მენეჯერები თანამშრომლებს AI-ის უფრო აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდებენ და "ვაიბ ქოუდინგის" სავარჯიშოებსაც კი აძლევენ. ეს უკანასკნელი მთლიანი კოდის ჩატბოტის მეშვეობით დაწერას გულისხმობს, სადაც ადამიანის მოვალეობა მხოლოდ ბოტისთვის ბრძანების მიცემაღა რჩება
კომენტარები