NASA-ს ისტორიული მისია წარმატებით დასრულდა!

2026 წლის 11 აპრილს, თბილისის დროით 04:08-ისთვის, ხომალდმა Orion-მა წყნარ ოკეანეში, სან-დიეგოს სანაპიროსთან, რბილი დაშვება განახორციელა — 50-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ადამიანმა მთვარეს შემოუარა და შინ მშვიდობით დაბრუნდა.

ეს ოთხმა ასტრონავტმა შეძლო: რიდ ვაისმანმა, ქრისტინა კოხმა, ვიქტორ გლოვერმა და ჯერემი ჰანსენმა. მთვარის შემოვლის დროს დაამყარეს რეკორდიც და დედამიწას 406 771 კილომეტრით დაშორდნენ.

ხომალდი დედამიწას თავისუფალი დაბრუნების ტრაექტორიით, ანუ მთვარის გრავიტაციის დახმარებით, დაუბრუნდა. მისიის მე-10 დღეს Orion თავისი ეკიპაჟით 40 234 კმ/სთ სიჩქარით შემოვიდა დედამიწის ატმოსფეროში. ეს ეკიპაჟიანი მისიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი შემოსვლაა, რაც კი ოდესმე უცდიათ.

დაშვების შემდეგ ასტრონავტებს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა და NASA-ს სამაშველო ჯგუფმა მიაკითხა, რათა ისინი კაფსულიდან ამოეყვანათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

ასტრონავტები სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მიჰყავთ, რათა მათი მდგომარეობა სამედიცინო პერსონალმა უფრო საფუძვლიანად შეაფასოს. ამის შემდეგ მათ ნაპირზე წამოიყვანენ და ჰიუსტონში, NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში, დააბრუნებენ.

Artemis 2 დასრულდა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. Artemis 3, მომდევნო ეკიპაჟიანი მისია, 2027 წლისთვის იგეგმება. მის ფარგლებში კოსმოსური ხომალდების შეხვედრასა და შეპირაპირებას გამოცდიან დედამიწის ორბიტაში. თუკი ყველაფერი წარმატებით დასრულდება, NASA სხვა მისიის, Artemis 4-ის, ფარგლებში მთვარის სამხრეთ პოლუსზე დადგამს ფეხს 2028 წლის ბოლოს. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სააგენტო აქ ბაზის აშენებასაც დაიწყებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.