ზოგჯერ, როცა დაკარგული ძაღლი შინ დასაბრუნებლად წარმოუდგენლად დიდ მანძილს გაივლის ხოლმე, თითქოს ერთ-ერთი ცნობილი ფილმის სიუჟეტი რეალობაში ცოცხლდება.

2015 წელს, თავშესაფრიდან აყვანილმა ჯორჯია მეიმ, რომელიც კალიფორნიაში, სან-დიეგოს მთებში სეირნობისას დაიკარგა, შინ დასაბრუნებლად 55 კილომეტრი გაიარა. 2010 წელს ბიგლი, სახელად ლაზერი, კანადაში, თავის უბანში დაბრუნდა. ის ოჯახს 80 კილომეტრის მოშორებით, ფეიერვერკების დროს გაექცა და სახლის გზას 6 კვირის განმავლობაში ეძებდა.

ჯერ კიდევ 1924 წელს, ბობი, რომელიც ოჯახს მგზავრობისას ინდიანას შტატში ჩამორჩა, ორეგონში, მშობლიურ სილვერტონში თავისით დაბრუნდა. მან ექვს თვეში 4500 კილომეტრი ფეხით გაიარა და გზად რამდენიმე მთის ქედიც კი გადალახა.

ბობი და მისი პატრონი, ჯ. ფრენკ ბრეიზერი.

ფოტო: The Oregon Encyclopedia

მაინც როგორ ახერხებენ ძაღლები ასეთი დაუჯერებელი მანძილის გავლას? ექსპერტების თქმით, ძაღლები ფლობენ შინ დაბრუნების ძლიერი ინსტინქტისა და მძაფრი შეგრძნებების მძლავრ კომბინაციას.

მენტალური რუკის შექმნა

სახლის პოვნის უნარი ძაღლებმა თავიანთი წინაპრისგან, რუხი მგლისგან, მემკვიდრეობით მიიღეს. მგლები ევრაზიის უზარმაზარ ტერიტორიებზე გადაადგილდებოდნენ — სწორედ იქ, სადაც ძაღლი პირველად მოიშინაურეს.

"ადამიანების მსგავსად, ძაღლებსაც აქვთ უნარი, გარემოს მენტალური რუკები შეადგინონ," — ამბობს ზაზი ტოდი, ავტორი წიგნისა Bark!, რომელიც შფოთიანი და მშიშარა ძაღლების ქცევას შეისწავლის. "სავარაუდოა, რომ მათი მენტალური რუკა ჩვენისგან განსხვავდება, რადგან წამყვან როლს სუნი ასრულებს".

კვალზე სიარული, ანუ სურნელოვანი ნაკვალევის მიყოლა, ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც ძაღლები გარემოში ორიენტაციისთვის იყენებენ. ძაღლის ყნოსვა ადამიანისაზე 10,000-დან 100,000-ჯერ უფრო მძაფრია, რაც მათ საშუალებას აძლევს, აღმოაჩინონ ყველაფერი — დაწყებული ასაფეთქებელი ნივთიერებებით, დამთავრებული Covid-19-ითა თუ დიაბეტით.

ფოტო: iStock

გარდა ამისა, ძაღლებს ნაცნობი ობიექტების ამოცნობა მხედველობით, სუნითა და ხმითაც შეუძლიათ. ბრიჯეტ სკოვილი, ASPCA-ს (ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის აღკვეთის ამერიკული საზოგადოება) ქცევითი მეცნიერებების მიმართულებიც დირექტორი, განმარტავს, რომ გზააბნეული ძაღლები ხშირად ორიენტირდებიან ნაცნობი ობიექტების მდებარეობით — ისინი აანალიზებენ, სად იმყოფებიან მოცემულ მომენტში ამ ობიექტთან მიმართებით და სად არის მათი სახლი.

"ამ საორიენტაციო წერტილების გამოყენებით, ისინი ახერხებენ, სახლისკენ მიმავალი გზა პირდაპირ გაიკვლიონ" — ამბობს სკოვილი.

როგორ მუშაობს ძაღლის "შინაგანი კომპასი"?

გადამფრენი ფრინველები, ორაგულები და ვეშაპები იმ ცხოველთა მცირე ჩამონათვალს მიეკუთვნებიან, რომელთაც დედამიწის მაგნიტური ველის შეგრძნების უნარი აქვთ. მიუხედავად ამისა, მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ კონკრეტულად რომელი ორგანოები განაპირობებენ მაგნიტორეცეფციას — მაგნიტური ველის აღქმის ამ საოცარ ნიჭს.

არ არის გამორიცხული, რომ ძაღლებიც ფლობდნენ მაგნიტური ველის აღქმის ამ იდუმალ უნარს. 2020 წელს გამოქვეყნებული კვლევისთვის, ჩეხმა მეცნიერებმა სამწლიან ექსპერიმენტში 27 მონადირე ძაღლი ჩართეს. 600-ზე მეტი საველე გამოცდის ფარგლებში, მკვლევრებმა ძაღლებს GPS ტრეკერები და კამერები მიამაგრეს, შემდეგ კი ტყის სრულიად უცხო მხარეს გაუშვეს. მეცნიერები აკვირდებოდნენ, როგორ იქცეოდნენ ცხოველები მას შემდეგ, რაც პატრონები უკან უხმობდნენ. ექსპერიმენტში მონაწილე ყველა ძაღლი ტყეში, საშუალოდ, კილომეტრ-ნახევრის სიღრმეზე შევიდა.

კვლევაში მონაწილე ძაღლების თითქმის 60%-მა საკუთარი ყნოსვა გამოიყენა — ისინი უბრალოდ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვნენ საკუთარ სუნს და ასე დაბრუნდნენ პატრონებთან.

თუმცა, დანარჩენი 30% სრულიად სხვანაირად მოიქცა. მათ პატრონთან დასაბრუნებლად სრულიად ახალი გზა აირჩიეს. სანამ გზას დაადგებოდნენ, ძაღლები მცირე მანძილს ჯერ ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით გარბოდნენ — მიუხედავად იმისა, თუ საით იმყოფებოდა მათი პატრონი. რადგან უცხო ტყეში ორიენტირებისთვის ნაცნობი ნიშნები არ არსებობდა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძაღლები დედამიწის მაგნიტური ველის დახმარებით იკვლევდნენ გზას.

მკვლევრებმა ამ სტრატეგიას "კომპასის გარბენი" უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს მეთოდი ძაღლებს პატრონების პოვნაში გაცილებით მეტად ეხმარებოდა, ვიდრე მხოლოდ ყნოსვით ორიენტირება. ავტორების დასკვნით, გზააბნეული ძაღლები საკუთარ მენტალურ რუკას დედამიწის მაგნიტურ ველს უსადაგებენ და ასე ორიენტირდებიან.

"ჩვენ ჯერ არ გვაქვს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ძაღლები ნავიგაციისთვის მაგნიტურ ველს იყენებენ, თუმცა, ამ ეტაპზე ეს ყველაზე ლოგიკური ახსნაა," — ამბობს კვლევის თანაავტორი, დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტის ზოოლოგიის პროფესორი, ჰაინეკ ბურდა.

ფოტო: Lassie

ძაღლებს ყნოსვისა და მაგნიტური ველის აღქმის უნარების ერთდროულად გამოყენებაც შეუძლიათ. მართალია, საკუთარი ყნოსვით გზის გაკვლევა უფრო ნელი პროცესია, ვიდრე მაგნიტური ორიენტირით პირდაპირი გზის გაკვალვა, მაგრამ ზოგჯერ ყნოსვაზე დაყრდნობა მაინც უფრო უსაფრთხოა. "ძაღლს, ისევე როგორც ჩვენ ან სხვა ცხოველებს, სხვადასხვა სტრატეგიას შეუძლია მიმართოს და სიტუაციის მიხედვით ისინი ერთმანეთით ჩაანაცვლოს," — განმარტავს ბურდა.

სახლი იქ არის, სადაც ძაღლია

"მთლიანობაში, ძაღლების უმეტესობას არ ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ შორი, უცხო ადგილებიდან შინ დაბრუნება ისწავლოს ან ამაში გამოცდილება დააგროვოს", — ამბობს ბურდა.

ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთი დაუჯერებელი მოგზაურობები სულ უფრო იშვიათია — თანამედროვე ჯიშებს ხომ სპეციალურად იმისთვის აშენებენ, რომ ისინი მუდამ პატრონების გვერდით იყვნენ.

"ადამიანებთან გაზრდილ ძაღლებსა და მათ პატრონებს შორის ისეთივე მტკიცე კავშირი ყალიბდება, როგორიც შვილსა და მშობელს შორის. ამ ურთიერთობის მთავარი ძალა კი განშორებისას ძაღლის პატრონთან დაბრუნების უზომო სურვილია", — ამბობს მონიკ უდელი, ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობის ლაბორატორიის დირექტორი.

ფოტო: Sit Means Sit

"როდესაც ძაღლი იკარგება, ეს მისთვის საშინელი გამოცდილებაა", — ამბობს ტოდი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თავიდანვე არ მივცეთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს შორს გასეირნების საშუალება.

თუ პატრონი წინასწარ იზრუნებს ძაღლის საიდენტიფიკაციო ნიშანზე — იქნება ეს მიკროჩიპი თუ საყელო ტელეფონის ნომრით — დაკარგული ოთხფეხა მეგობრის შინ მშვიდობით დაბრუნება ბევრად უფრო გამარტივდება.

"ეს ყველაზე სასარგებლო რამაა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძაღლს სახლისკენ მიმავალი გზის ძებნა საკუთარი ძალებით აღარ დასჭირდეს", — დასძინა ტოდიმ.