წლების განმავლობაში Apple-მა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქურდობისგან iPhone-ის დაცვის საშუალებები — Find My, Activation Lock და Stolen Device Protection ფუნქციებით, თუმცა, ამ დაცვის ღონისძიებათა უმეტესობა თითქმის უსარგებლო ხდება, თუ ქურდი მოწყობილობას მაშინ იგდებს ხელთ, როდესაც ის განბლოკილია.

მართალია Apple-ს შემოღებული აქვს დროზე დაფუძნებული უსაფრთხოების ბარიერები Apple ID-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ სინამდვილეში ქურდს შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მოიტანოს განბლოკილ iPhone-თან წვდომით.

სწორედ ამიტომ Apple მუშაობს ახალ ფუნქციაზე, რომელიც Android-ის Theft Detection Lock-ის მსგავსად, ავტომატურად დაბლოკავს iPhone-ს, როდესაც სისტემა აღმოაჩენს, რომ ის მომხმარებელს ხელიდან გამოსტაცეს.

გატაცების ფაქტის აღმოსაჩენად, ეს სისტემები დაეყრდნობა რამდენიმე სიგნალს, მათ შორის iPhone-ის აქსელერომეტრს. გატაცების დადასტურებისთანავე, iPhone ავტომატურად დაიბლოკება.

მართლაც წაიღეს თუ არა მოწყობილობა მფლობელისგან — ამის დასადგენად, ფუნქცია ასევე გაზომავს მანძილს დაწყვილებულ Apple Watch-სა და iPhone-ს შორის.

გარდა ამისა, ჩართვის შემდეგ, ფუნქცია გაითვალისწინებს Stolen Device Protection-ისთვის არსებულ იმავე წესებს: არის თუ არა iPhone ნაცნობ WiFi ქსელთან დაკავშირებული და იმყოფება თუ არა ნაცნობ ადგილას — სახლში ან სამსახურში.

ამ სიახლის გამოშვების კონკრეტული თარიღი ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა 9to5Mac-ის მიერ ნანახი კოდი ცხადყოფს, რომ ფუნქციის აქტიური განვითარება მიმდინარეობს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.