შესაძლოა, ბერინგის სრუტეზე კაშხლის აშენებით კლიმატის ცვლილების შედეგები შემცირდეს
ფოტო: Getty / Futurism
გლობალური დათბობა ატლანტიკის მერიდიანული ცირკულაციისთვის (AMOC) უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ნაკადი ჩრდილოეთის მიმართულებით თბილ წყალს უშვებს, ცივს კი სამხრეთით გზავნის. ეს ბრუნვა მსოფლიოს ამინდზე დიდ გავლენას ახდენს.
მეცნიერები შიშობენ, რომ თუ ტემპერატურა ამ ტემპით გააგრძელებს მატებას, AMOC-ის ჩამოშლის საფრთხე დადგება, ეს კი კლიმატს მთელს მსოფლიოში შეცვლის. AMOC-ის მიერ წამოღებული თბილი წყლის გარეშე ევროპაში ტემპერატურა დაეცემა, ტროპიკებში ნალექიანობა შეიცვლება, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე კი ზღვის დონე მოიმატებს.
AMOC-ის "გადასარჩენად" ორმა მეცნიერმა იდეა შეიმუშავა, რომელიც ბერინგის სრუტეზე კაშხლის აშენებაში მდგომარეობს. ეს არხია, რომელიც ალასკას ციმბირისგან გამოყოფს. ეს ძალიან ამბიციურად ჟღერს, თუმცა ამ მეგაპროექტის განხორციელების შემთხვევაში ოკეანის დინება შეიძლება სტაბილური გახდეს.
ამას მეცნიერები დეტალურად თავიანთ ახალ ნაშრომში განიხილავენ, რომლის ფარგლებშიც მკვლევრები ბერინგის სრუტეზე კონცენტრირდნენ. ამის მიზეზი ისაა, რომ AMOC მტკნარ წყალს სწორედ ბერინგის სრუტის გავლით უშვებს: წყნარი ოკეანიდან არქტიკის ოკეანეში, საბოლოოდ კი ატლანტის ოკეანეში.
მკვლევრების ამ შეხედულებას სხვა ნაშრომებში წარმოდგენილი მიგნებებიც ამყარებს, რომელთა მიხედვითაც, AMOC 3 მილიონი წლის წინ უფრო ძლიერი ყოფილა: მაშინ, როცა ბერინგის სრუტე ხმელეთის ხიდი იყო, რითაც ერთგვარ ბუნებრივ კაშხალს წარმოადგენდა.
კომპიუტერული სიმულაციების დახმარებით ნაშრომის ავტორებმა დაადგინეს, რომ ახლო მომავალში კაშხლის აშენების შემთხვევაში არქტიკის ოკეანიდან ატლანტის ოკეანეში მტკნარი წყლის ჩადინება შეიზღუდება. ამის შედეგად ატლანტის ოკეანის მარილიანობა შენარჩუნდება, რაც AMOC-ის დინებას უფრო სტაბილურს გახდის.
აღსანიშნავია, რომ კაშხალი ზუსტად განსაზღვრულ დროს უნდა აშენდეს: მაშინ, როცა AMOC შედარებით ძლიერია; წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება AMOC-ის ჩამოშლა დაჩქარდეს კიდეც.
ავტორები იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი კვლევა სრულფასოვანი არ არის: 80-კილომეტრიანი კაშხლის ასაგებად გასათვალისწინებელ საინჟინრო დეტალებს ზეპირად ნამდვილად ვერ აღწერდნენ. გარდა ამისა, ისინი ვერც სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებს სცემენ პასუხს: როგორ იმოქმედებდა ეს ყველაფერი წყლის ბინადრების გადაადგილების მარშრუტზე ან ნავთობმზიდების მოძრაობაზე. ყველაფერთან ერთად, კაშხლის აშენებას შეიძლება ამერიკა-რუსეთის დაძაბულმა პოლიტიკურმა ურთიერთობამაც შეუშალოს ხელი.
ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები