პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
ფოტო: NASA
NASA-ს Artemis 2-ის ისტორიული მისია დასასრულს უახლოვდება: ასტრონავტებმა მთვარეს შემოუარეს და შინ ბრუნდებიან. ალბათ, პროგრამის შესახებ უკვე ბევრი იცით, თუმცა გარკვეული შეკითხვები შეიძლება მაინც გქონდეთ. ამ სტატიაში ხშირად დასმული შეკითხვებიდან რამდენიმეს მოვუყარეთ თავი.
- რა ევალებათ ეკიპაჟის წევრებს მისიის განმავლობაში?
Artemis 2-ის ასტრონავტების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა Orion-ის ხომალდის ფუნქციონირების შემოწმებაა: მაგალითად, სიცოცხლის უზრუნველსაყოფი სისტემის, ძრავის, ენერგიისა და ნავიგაციის სისტემების. ასევე, ასტრონავტებმა გარკვეული სამეცნიერო საქმე უნდა შეასრულონ, მათ შორის, მთვარის ზედაპირსა და თავიანთ ჯანმრთელობას დააკვირდნენ.
- თუ რობოტი დამკვირვებლებიც გვყავს, ასტრონავტების გაშვება რატომღაა საჭირო?
ადამიანის მხედველობის სისტემას რობოტთან შედარებით გარკვეული უპირატესობები აქვს, მაგალითად, გარემოს ცვლილებისადმი ჩვენი თვალები უფრო სენსიტიურია.
- როგორ იკვებებიან ასტრონავტები მისიის განმავლობაში?
ეკიპაჟის წევრებს 189 განსხვავებულ საჭმელსა და სასმელზე აქვთ წვდომა. მათ შორისაა: ყავა, სმუზი, ტორტია, თხილეული, ხორცი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყველიანი მაკარონი, გოგრა, ორცხობილები და შოკოლადი. ეს ყველაფერი კოსმოსის საკვების ექსპერტებმა შექმნეს, რათა ასტრონავტებმა ჯანმრთელობა და ენერგია მაქსიმალურად შეინარჩუნონ.
- რა მიზანი აქვს Artemis 2-ის მისიას?
მთავარი მიზანი მთვარესთან ახლოს მოგზაურობის გამოცდაა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ: ასტრონავტების უნარების შემოწმება, სისტემებისა და ოპერაციების დემონსტრაცია, მონაცემების მოპოვება (სამომავლო მისიების ოპტიმიზაციისთვის) და გადაუდებელი შემთხვევებისთვის შექმნილი სისტემების გამოცდა.
- რა არის Artemis 2-ის ნულოვანი გრავიტაციის ინდიკატორი და როგორ შეირჩა იგი?
ზოგადად, ნულოვანი გრავიტაციის ინდიკატორი პატარა სათამაშოა, რომელიც ეკიპაჟს ახლავს თან. ეს სათამაშო იმაზე მიანიშნებს, რომ ხომალდი კოსმოსშია. Artemis 2-ის მისიის შემთხვევაში ამ როლს პატარა სათამაშო, სახელად Rise ასრულებს. Rise-ს დიზაინი კალიფორნიაში, აპოლო 8-ის მისიის პატივსაცემად შექმნეს და მერილენდში, NASA-ს ლაბორატორიაში დაამზადეს. სხვათა შორის, NASA-მ სათამაშოს დიზაინის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც 50 ქვეყნიდან 2600-ზე მეტმა დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა.
- რამდენი კამერაა Orion-ის ხომალდზე დამონტაჟებული?
Orion 32 კამერითა და სხვადასხვა აღმბეჭდავი მოწყობილობითაა აღჭურვილი, როგორც ხომალდის შიგნით, ასევე გარედანაც. 17 კამერა პორტატიულია და ეკიპაჟის წევრები პირდაპირ იყენებენ.
- რატომაა ეს მისია ამდენად მნიშვნელოვანი, თუ მის ფარგლებში ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე არ დაეშვებიან?
ამ მისიის განმავლობაში ეკიპაჟს ხომალდისა და მასზე არსებული სიცოცხლის უზრუნველსაყოფი სისტემის გამართულობის შემოწმება ევალებათ. ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი უფრო ხანგრძლივი მისიებისთვის მომზადებაა.
- რას უნდა ველოდოთ სამომავლოდ?
NASA რამდენიმე მსხვილ გეგმას ამუშავებს. 24 მარტს ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც NASA-მ ძირითადი პრიორიტეტები წარმოადგინა. ეს მოიცავს: Artemis-ის მისიების უფრო რეგულარულად გაშვებას, მთვარეზე ბაზის აშენებას, ახალ სამეცნიერო აღმოჩენებს, საინჟინრო პროგრესსა და შრომითი რესურსების გაძლიერებას.

კომენტარები