ილონ მასკს მთვარეზე სატელიტების "კატაპულტის" განთავსება სურს
ეს იდეა არახალია.
ფოტო: General Atomics Electromagnetic Systems
ილონ მასკმა კომპანიები SpaceX და xAI გააერთიანა, იქ მომუშავეებს კი გასულ კვირას განუცხადა, რომ მთვარეზე ხელოვნური ინტელექტით (AI) აღჭურვილი სატელიტების ქარხნის აშენება სურს. ის გეგმავს, რომ დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე შექმნილი ზონდები კოსმოსში კოლოსალური "კატაპულტით" გაუშვას.
ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ ორ ან სამ წელში ასეთი ტექნოლოგიის შესაქმნელად ყველაზე იაფი ადგილი სწორედ კოსმოსი იქნება. მოგვიანებით მან ისიც თქვა, რომ ამგვარ ხელოვნურ თანამგზავრებს, პირველ რიგში, დედამიწიდან გაუშვებენ, სამომავლოდ კი რაკეტა Starship-ის გამოყენებას განიხილავს, რათა ოპერირება სხვა ციურ სხეულებზეც შეძლონ.
სწორედ მისი მეშვეობით აპირებს ის მთვარეზე დიდძალი ტვირთის ჩატანას, შემდეგ კი იქ უკვე სამეცნიერო და საწარმოო ბაზებს ააშენებენ. ფაბრიკებში შეიძლება ადგილობრივად ხელმისაწვდომი რესურსებითაც ისარგებლონ, რომელთა მეშვეობითაც ზონდებს დაამზადებენ და ორბიტაზე გაგზავნიან. მასკის პროგნოზით, "მასის ელექტრომაგნიტური გამშვები" სისტემით ყოველწლიურად ასეთი მისიებისთვის 500-იდან 1000-ამდე ტერავატ სიმძლავრეს მიიღებენ და მზის ენერგიითაც ისარგებლებენ. იგი ფიქრობს, რომ ეს კარდაშევის სკალაზე წინ წაგვწევს.
ასევე, იხილეთ: კარდაშევის სკალა — ცივილიზაციების ტიპები მათი განვითარების მიხედვით
უნდა აღინიშნოს, რომ მასკი პირველი არაა, რომელსაც მთვარეზე მსგავსი "კატაპულტის" გამოყენების იდეა გაუჩნდა. ამის შესახებ ფიზიკოსი ჯერარდ ო'ნილი ჯერ კიდევ 1974 წელს საუბრობდა. ის განიხილავდა იმგვარ სისტემას, რომლითაც არამაგნიტური ობიექტის გადაადგილებასაც შევძლებდით. იგი ფიქრობდა, რომ ასე მთვარეზევე მოპოვებული მადნის ფრაგმენტების კოსმოსში გაგზავნას მოვახერხებდით, სადაც მათი მეშვეობით, მაგალითად, მზის ენერგიაზე მომუშავე სატელიტებს შევქმნიდით.
"მასის გამშვების" პირველი პროტოტიპი მან კოლეგა ჰენრი კოლმთან და სტუდენტებთან ერთად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში შექმნა. გაუმჯობესებული პროტოტიპებით მათ დაამტკიცეს, რომ მხოლოდ 160-მეტრიანი ასეთი მოწყობილობით მთვარის ზედაპირიდან რაიმე ობიექტის გაშვება უკვე შესაძლებელი იქნებოდა. მიაჩნდათ, რომ მასშტაბის კილომეტრებამდე გაზრდით დედამიწა-მთვარის ლაგრანჟის წერტილამდე წელიწადში 600 000 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება მოხერხდებოდა.
მთვარეზე მსგავსი სისტემის გამოყენების ეფექტიანობაზე მეცნიერები ახლაც საუბრობენ — კერძოდ, ელექტრომაგნიტურ გამშვებზე, რომელიც მთავარ წყაროდ მზის ენერგიას მოიხმარს და დედამიწიდან ქიმიური საწვავი არ დასჭირდება. მანამდე აუცილებელი იქნება, რომ იქ სათანადო ინფრასტრუქტურა შექმნან, რისთვისაც დედამიწიდან არაერთი მისია უნდა განხორციელდეს.
ცნობისთვის, Starship თითო ფრენისას მთვარეზე 100 მეტრული ტონა ტვირთის ჩატანას შეძლებს. რაც შეეხება ადგილობრივ რესურსებს, იქ სილიციუმი, ტიტანი, ალუმინი, რკინა და ყინული მოიპოვება. შესაბამისად, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში ასეთი პროექტი შეიძლება წარმატებულიც აღმოჩნდეს.

კომენტარები