სალომე სამადაშვილი: "ვერშემდგარი აკადემიური ქორწინების დრამაზე, ზოგადად- განათლების "რეფორმაზე" კორუფციასთან და მაღალ ფასებთან "დაუნდობელ ბრძოლაზე" ქვეყნის ინტერესების საბოტაჟის' საქმეებზე, რომელიც ხვალ იწყება და სხვა, ქვეყნის მართვის იმიტირებულ პროცესებზე...
ამ იმიტირებულ ქოცურ სურეალიზმის მიღმა, ნამდვილ, ხილულ და "გაზომვად" სამყაროში, ის, რაც მხოლოდ ქართველი პატრიოტების სურვილი იყო, რეალობად თუ არა, რეალურ შესაძლებლობად იქცა.
სულ ხუთი წლის წინ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება მხოლოდ სურვილი იყო, დღეს-ევროპის გეგმაა. ევროპის უსაფრთხოების სისტემით ჩვენი ქვეყნის დაფარვა, სურვილი იყო, დღეს კი, ევროკავშირის სტრატეგიაა. აშშ-ს ახალი სტრატეგიული ინვესტიციები ჩვენს რეგიონში, რომელიც პირდაპირ უსაფრთხოების გარანტიას ქმნის, სურვილი იყო-დღეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში რეალობად აქცია...
ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ყველა ამ პროცესის მიღმა, დასავლეთისგან იზოლირებულ მდგომარეობაში დატოვა. საქართველო, რომელიც დასავლეთის მთავარი საყრდენი იყო რეგიონში, "აუთსაიდერის" გარიყულის მდგომარეობაშია.
შედეგად კი, თავად ამ ხელისუფლებასაც კრიზისი შეექმნა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ქვეყნის განვითარების მთავარი კომპასი დასავლური საგარეო პოლიტიკური ვექტორი იყო. ხან წარმატებით მივდიოდით კომპასით ნაჩვენები მიმართულებით, ხან ნაკლებად, მაგრამ კომპასი არსებობდა. ივანიშვილმა სახელმწიფოს განვითარების მთავარი ღერძი გააუქმა, როდესაც უარი თქვა დასავლეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე. ხელთ კი 3 მილიონზე მეტი მოქალაქე შერჩა, რომელსაც ალტერნატიული პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შესთავაზოს. სიმართლეს ვერ ეტყვის, რომ უკომპასოდ დარჩენილი ჩვენი გემი ერთი მიმართლებით, რუსეთისკენ მიექანება.
პოლიტიკური დღის წესრიგი კი, ყველა რეჟიმს, თუნდაც ყველაზე სისხლიან და ავტოკრატიულს, აუცილებლად სჭირება. დღის წესრიგი შეიძლება ნებისმიერი სიგიჟე იყოს, დაწყებული კომუნიზმის შენებიდან საბჭოთა კავშირში, დამთავრებული ცარიელი ახალი ქალაქებით-აზიურ ავტოკრატიებში და, პუტინის ომით უკრაინაში...
ივანიშვილის პროვინციული მასშტაბის ავტოკრატიას არა აქვს რესურსი, რაიმე გრანდიოზული დღის წესრიგი შექმნას, დაპყრობით ომებს ვერ აწარმოებს, ვერც ახალ ქალაქებს ააშენებს. ამიტომ უნდა მოიგონოს, რომ მაგალითად დაარეგულირებს უბნის მაღაზიების რაოდენობას, ამით გააკონტროლებს ფასებს; ან უნივერსტეტებს გააერთიანებს; ან ერთ ქალაქში, მხოლოდ ერთ უმაღლესს დაუტოვებს ბუღალტრული განათლების უზრუნველყოფის უფლებას; ან მთელ ყოფილ მინისტრთა კაბინეტს დაიჭერს; ან ბომბეიდან თბილისამდე გვირაბის გათხრისთვის დააპატიმრებს რომელიმე ოპოზიციურ ლიდერს...
მნიშვნელობა არა აქვს, რა სიგიჟეს მოიგონებს რეჟიმი, რადგან მას ქვეყნის რეალური მართვის რესურსი აღარ აქვს. კრიზისიც თავად უნდა მოიგონოს, ისეთი, რომლის მოგვარების იმიტაციაც შეუძლია, რადგან რეალური კრიზისის მოგვარება-ხელისუფლების დაკარგვას ნიშნავს.
რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება ეს ფსევდო იმიტაციური მართვა, რაც უფრო შორს დარჩება ქვეყანა რეალური განვითარების პროცესებიდან, მეტ სიგიჟეს ვნახავთ. ახალი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები- ერთადერთია, რაც ამ იმიტაციურ სურეალიზმს დაასრულებს, ქვეყანას დაამშვიდებს და დააბრუნებს მისი განვითარების ბუნებრივ გზაზე. დრო არ ითმენს, დახრჩობის შიშით შეპყრობილი რეჟიმი მთელს ქვეყანას ფსკერისკენ მიაქანებს".
კომენტარები