ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა
ფოტო: X
რუსეთ-უკრაინის ომში მხოლოდ ადამიანები აღარ იბრძვიან. ეს დაპირისპირება გადაიზარდა მაღალტექნოლოგიურ კონფლიქტში, სადაც უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ უპილოტო სახმელეთო მოწყობილობებსა და რობოტებს იყენებს.
"ისტორიაში პირველად, უკრაინამ დაიკავა რუსული პოზიციები მხოლოდ უპილოტო მოწყობილობებით — სახმელეთო სისტემებითა და რობოტებით. ოკუპანტების ჯგუფი დაგვნებდა. ეს ყველაფერი კი ქვეითი ჯარისა და ჩვენი მხრიდან დანაკარგების გარეშე მოხდა", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტექნოლოგიებს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში სახმელეთო რობოტებმა 22 000-ზე მეტი მისია შეასრულეს.
"Ratel-მა, TerMIT-მა, Ardal-მა, Rys-მა, Zmiy-მ, Protector-მა, Volia-მ და ჩვენმა სხვა სახმელეთო რობოტულმა სისტემებმა ფრონტზე სულ რაღაც სამ თვეში მთლიანობაში 22 000-ზე მეტი მისია შეასრულეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლე მინიმუმ 22 000-ჯერ გადარჩა. ეს იმიტომ, რომ რობოტი მეომრის ნაცვლად ყველაზე საშიშ ადგილებში შევიდა. საქმე ეხება მოწინავე ტექნოლოგიებს, რომლებიც უმაღლესი ღირებულების — ადამიანის სიცოცხლის დაცვას უწყობს ხელს", — დაწერა ზელენსკიმ და გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც საბრძოლო ტექნოლოგიების ფონზე დგას.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მსგავსი ტექნოლოგიების შემუშავებაში იყო ჩართული.
ფოტო: X
ფოტო: X
ზელენსკიმ ისიც აღნიშნა, რომ უკრაინას მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს შორი მოქმედების იარაღის წარმოებაშიც. ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრია უკვე უშვებს მილიონობით დრონს და ახლა საკუთარი წარმოების რაკეტებიც აქვს.
კომენტარები