თუ გვერდზე გადავდებთ ავარიით ან რაიმე სხვა ტრავმით ნაადრევ სიკვდილს, ტყუპებზე ჩატარებული უპრეცედენტო კვლევის მიხედვით, გენებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ბევრად უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე აქამდე გვეგონა.

ისრაელში, ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევრების ხელმძღვანელობით ჩატარებული ბოლო ანალიზის მიხედვით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ცვალებადობის დაახლოებით 55% გენებით არის განპირობებული.

ახალი მაჩვენებელი წინა შეფასებებს მნიშვნელოვნად აღემატება. ეს სტატისტიკა აქამდე დაახლოებით 20–25%-ს შეადგენდა, ხოლო ზოგიერთ კვლევაში მაჩვენებელი მხოლოდ 6%-მდეც კი ეცემოდა.

მკვლევრების თქმით, ეს შედეგები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც გენეტიკური დაბერების გაგებაზე, ისე იმ გენების ძიებაზე, რომლებიც კონკრეტულად სიცოცხლის ხანგრძლივობასთან არის დაკავშირებული.

"დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის მთლიანად არაგენეტიკური ფაქტორებით განისაზღვრებოდა. ამან გენეტიკის როლის მიმართ სკეპტიციზმი გააჩინა", — ამბობს მოლეკულური ბიოლოგი ბენ შენჰარი, ვაიცმანის მეცნიერებათა ინსტიტუტიდან.

ადამიანის სიკვდილი შინაგანი და გარეგანი მიზეზებით შეიძლება მოხდეს. შინაგანი სიკვდილი განპირობებულია შიდა ფაქტორებით, როგორებიცაა დაბერება და გენეტიკა, ხოლო გარეგანი სიკვდილი მოიცავს უბედურ შემთხვევებს, ინფექციებსა და სხვა გარე მიზეზებს.

მკვლევრებს სურდათ გამოეთვალათ გარეგანი სიკვდილიანობის რეალური გავლენა.

ფოტო: Science

ადრეულ კვლევებში სიკვდილის მიზეზები საკმარისად დეტალურად არ იყო გათვალისწინებული, რაც ართულებდა სხვადასხვა ფაქტორის ერთმანეთისგან გარჩევას.

ახალ კვლევაში გუნდმა გააანალიზა ათასობით ტყუპის მონაცემები, მათ შორის — ცალ-ცალკე გაზრდილი და-ძმების მონაცემებიც, რაც მანამდე სიცოცხლის ხანგრძლივობის მემკვიდრეობითობის კვლევებში არ იყო გათვალისწინებული.

ტყუპების მონაცემები გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს გენეტიკურ კვლევებში, რადგან ისინი შესაძლებელს ხდის გენების გავლენის გამიჯვნას იმ ყველაფრისგან, რაც დაბადების შემდეგ ხდება: ცხოვრების სტილი, კვება და განათლება.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ რაც უფრო ასაკშია ადამიანი, მით უფრო იზრდება შინაგანი მიზეზით სიკვდილის შანსები, მათ შორის გენეტიკით. კვლევის მიხედვით, სიკვდილი 55%-ის შემთხვევაში გენეტიკით არის განპირობებული.

ახალი ნაშრომი არ ნიშნავს, რომ ადრე ჩატარებული კვლევები ცალსახად მცდარია, მაგრამ ის აჩვენებს, რომ აქამდე გამოყენებული მონაცემები სრულ სურათს არ ასახავდა.

კვლევა ჟურნალ Scince-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.