ესპანეთის ტერიტორიაზე ცხოველთა უჩვეულო ნამარხებია აღმოჩენილი, რომლებიც სულ მცირე ხუთ ინდივიდს ეკუთვნის. მეცნიერები თავიდანვე ეჭვობდნენ, რომ საქმე რაღაც განსაკუთრებულთან ჰქონდათ, რადგან ამ ნიმუშების ზომა ძალიან პატარაა. ესაა დინოზავრის ახალი სახეობა, რომელსაც Foskeia pelendonum უწოდეს.

"გასაოცარია, როგორ თავდაყირა აყენებს ორნითოპოდების ევოლუციის შესახებ გლობალურად არსებულ იდეებს ამ ცხოველის შესწავლა", — აცხადებს ფიდელ ფერნანდეს-ბალდორი, რომელმაც ნამარხები პირველმა აღმოაჩინა.

სიტყვა Foskeia ძველბერძნული წარმოშობისაა: პრეფიქსი "fos" მსუბუქს ნიშნავს (ეს დინოზავრი ძალიან მცირე ზომის ტანისა იყო), "skei" კი boskein-იდან მოდის, რაც საკვების მოპოვებას ნიშნავს. სახელის მეორე ნაწილი — pelendonumპელენდონების ტომის პატივსაცემად შეარჩიეს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამ სახეობის პატარა ზომა სულაც არ ნიშნავს, რომ მათ მარტივი ევოლუციური გზა გაიარეს. პირიქით, ეს ნამარხები ევოლუციის ისტორიაში 70-მილიონწლიანი სიცარიელის ამოვსებაში გვეხმარება.

"ეს მინი იგუანოდონი არაა, არამედ რაღაც ფუნდამენტურად განსხვავებულია. მისი ანატომია იმდენად უჩვეულოა, რომ ევოლუციური ხეების გადაწერა შეუძლია", — აღნიშნავს ტაბატა ფერეირა რიო-დე-ჟანეიროს ფედერალური უნივერსიტეტიდან.

კვლევით დაადგინეს, რომ ამ ნიმუშებიდან უდიდესი სქესობრივად უკვე მომწიფებული ინდივიდისაა, რაზეც მისი ძვლების მიკროსტრუქტურა მიანიშნებს. ეს გამოსადეგი ინფორმაციაა, რადგან მისი და სხვა სახეობების ზრდა-განვითარების შედარებას ხდის შესაძლებელს.

ახალი ფილოგენეტიკური ანალიზის შედეგად Foskeia ავსტრალიურ მუტაბურაზავრთან დააკავშირეს (Rhabdodontomorpha-ს ჯგუფი). აღნიშნული მიგნება ევროპულ Rhabdodontia-ს ჯგუფს აფართოებს და Phytodinosauria-ს ბალახისმჭამელ ცხოველთა ცალკე ჰიპოთეზური ჯგუფის არსებობას საფუძველს უმაგრებს. ამის მიუხედავად, მეტის გასაგებად სხვა მონაცემებიცაა საჭირო.

"ეს ნამარხები გვიჩვენებს, რომ ევოლუცია მცირე ზომის არსებებზე ზუსტად ისევე გაისარჯა, როგორც მოზრდილ ცხოველებზე", — აცხადებენ მეცნიერები და იმედოვნებენ, რომ დინოზავრთა კვლევაში ასეთ პატარა ნიმუშებს მეტი ყურადღება მიექცევა.

ნაშრომი გამოცემაში Papers in Palaeontology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.