14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, სახელმწიფოს მოუწოდებს რომ ინკლუზიის კუთხით, ეფექტური პოლიტიკა განხორციელდეს:

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მათი ოჯახის წევრების წინაშე არსებული არაერთი დაბრკოლების საპასუხოდ, სახელმწიფო არ აჩვენებს საკმარის ძალისხმევას და ნებას.

NGO-ები აცხადებენ რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ისევ რჩებიან საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ და უჩინარ ჯგუფად, რომლებიც მუდმივად დისკრიმინაციის მსხვერპლნი ხდებიან:

"სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვერბალური აღიარება, სათანადო და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის წარმოების გარეშე, არსებითად ვერ ცვლის ამ პირთა უფლებრივ მდგომარეობას და არ ამცირებს მათი უფლებების შელახვის მასშტაბსა და სიმძიმეს".

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რატიფიცირების მიუხედავად, არ გამხდარა სახელმწიფოს პოლიტიკის არსებითი გადახედვის საფუძველი:

"სახელმწიფომ ამ დრომდე არ უზრუნველყო კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებების ეფექტური ამუშავება. ამასთან, არ გადახედა არსებულ კანონონმდებლობას და კვლავ ძალაში დატოვა სამედიცინო მიდგომა, რაც სრულად უარყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თანამედროვე გაგებას და შინაარსს. სახელმწიფოს ასევე არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომის უზრუნველყოფისა და არსებული სახელმწიფო სერვისების განვითარების თუ გაძლიერების მიმართულებით, რაც კვლავ განაპირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ შელახვას ან მათ სრულ გამორიცხვას მთელი რიგი უფლებებით სარგებლობის პროცესიდან. სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების ამ დინამიკას ადასტურებს თითქმის სრულად შეუსრულებელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სახელმწიფო სამოქმედო გეგმები".

NGO-ების განმარტებით, კონვენციის სავალდებულოდ აღიარებით, სახელმწიფომ ასევე აიღო სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა თუ გადახედვის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უშუალო ჩართულობისა და მათი საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინების ვალდებულება:

"ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე კვლავ დეფიციტურია თემის წარმომადგენლების უწყვეტი და ინსტიტუციონალიზებული ჩართულობის გამოცდილება, რასაც ხშირად ფორმალური და ფრაგმენტული სახე აქვს და ვერ უზრუნველყოფს თემის სათანადო მონაწილეობას სხვადასხვა ფორუმებსა თუ პროცესებში".

NGO-ები ასევე ქმედუნარიანობის სისტემის გადასინჯვის შესახებ განხორციელებულ რეფორმას აფასებენ. მათი განცხადებით, ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმირება, მისი განხორციელების არაერთი ხარვეზის მიუხედავად, შეიძლება ითქვას ერთადერთ მნიშვნელოვან გამონაკლისს წარმოადგენს.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ
  • პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის-პსკ
  • ყოველი მეათე ჩვენგანი
  • აიპ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი
  • შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების ქსელი - „მოძრაობა ცვლილებებისთვის“
  • ქალი, ბავშვი და სოციუმი
  • საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი
  • თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის
  • მარიანი
  • შშმ პირთა კავშირი რწმენა და იმედი