დაღესტნის აეროპორტში წუხელ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ისრაელი მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას მისი მოქალაქეები და ყველა ებრაელი.

დეტალები: მაჰაჩყალის აეროპორტში თელ-ავივის რეისის ჩამოსვლას ხმაურით დახვდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები, ანტისემიტური შეძახილებით, ტერმინალში რეისის მგზავრებს ეძებდნენ.

  • ნაწილმა ასაფრენ ბილიკზე შესვლაც მოახერხა და თვითმფრინავი ალყაში მოაქცია.
  • ვიდეოში, რომელიც სოციალური ქსელებით გავრცელდა, ჩანს ასობით ადამიანი, პალესტინის დროშით ხელში. ისინი აეროპორტის ტერმინალში შერბიან ანტისემიტური შეძახილებით.
  • ხალხის მობილიზება აეროპორტთან ადგილობრივი ტელეგრამ-არხის საშუალებით მოხერხდა, აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, მოეძებნათ ყველა ებრაელი.
  • ადგილობრივი მედია წერდა, რომ ზოგი დემონსტრანტი მაჰაჭყალის აეროპორტთან მანქანებს აჩერებდა და მძღოლსა და მგზავრებს საბუთების წარდგენას სთხოვდა.
  • დაპირისპირების შედეგად დაშავდა 20 ადამიანი, მათ შორის არიან პოლიციელებიც. 2 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
  • რუსეთის ავიაციის სააგენტომ, როსავიაციამ განაცხადა, რომ მოგვიანებით, დაცვის სამსახურმა სიტუაციის განეიტრალება შეძლო.

რა რეაგირება მოჰყვა ინციდენტს: აეროპორტი ღამით დაკეტილი იყო, დღეს დილას კი როსავიაციამ განაცხადა, რომ მუშაობა ხვალ, სამშაბათს განახლდება.

  • ისრაელიდან ჩრდილოკავკასიაში ფრენები დროებით, სხვა ქალაქებში შესრულდება.
  • რუსული საინფორმაციო სააგენტოები შს სამინისტროზე დაყრდნობით წერენ, რომ აქციის 60-მდე მონაწილე დაკავებულია.
  • ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

დაღესტნის ქალაქ დერბენტის რაბინი, ოვადია ისაკოვი ამბობს, რომ დაღესტანში, დაახლოებით, 400 ებრაული ოჯახის უსაფრთხო მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ებრაელები რეგიონში პრეისლამური პერიოდიდან ცხოვრობენ.

როგორ გამოეხმაურნენ მომხდარს ისრაელსა და რუსეთში: ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთმა ებრაელების მიერ ძალადობის წამქეზებლების მიმართ მკაცრი ზომები უნდა მიიღოს.

  • დაღესტნის ანტისემიტური შინაარსის პროტესტს გმობს აშშ.
  • დაღესტნის ხელისუფლებამ ღაზის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა, თუმცა მიმართა მოსახლეობას, სიმშვიდე შეინარჩუნონ და ასეთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ.
  • კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აქცია "გარედან იყო მართული, არაკეთილმოსურნეების მიერ", თუმცა დამამტკიცებელი ფაქტები არ მოუყვანია.
  • დაღესტანი არ არის ჩრდილოკავკასიაში ერთადერთი რესპუბლიკა, რომელსაც საპროტესტო აქციებთან გამკლავება უწევს, რამდენიმე დღის წინ, ებრაელური ცენტრის შენობა დაწვეს ყაბარდო-ბალყარეთში.
  • ჩეჩნეთის ინფორმაციის მინისტრი, ახმედ დუდაევი მოუწოდებს მოსახლებას, "არ აჰყვნენ პროვოკაციას".
  • "ჩვენ არ დავუშვებთ ეთნიკური სიძულვილის წახალისებას! ყურადღებით იყავით და არ მისცეთ ნება, შეგაცდინონ", — დაწერა მან ტელეგრამზე.