ამის შესახებ აშშ-ის სანაპირო დაცვა იუწყება.

რა მოხდა: წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირულ ტიტანიკთან მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა.

  • ხომალდთან კავშირი წყალში ჩაშვებიდან საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა — ამ დროიდან ფართომასშტაბიანი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა.
  • წყალქვეშა ხომალდი, რომელიც ტურისტულ კომპანია OceanGate-ს ეკუთვნოდა, დაახლოებით, სატვირთო მანქანის ზომის იყო, 5 ადამიანსა და ოთხი დღის სამყოფ ჟანგბადს იტევდა.
  • ბორტზე იმყოფებოდნენ 48 წლის პაკისტანელი მილიარდერი, შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი, 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი, ჰამიშ ჰარდინგი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი, პოლ-ჰენრი ნარგეოლე.
  • 21-22 ივნისს ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ძებნისას ძლიერი ხმაური დააფიქსირეს, რამაც მაშველებს იმედი გაუჩინა.
  • თუმცა, 22 ივნისს აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა დაადასტურა, რომ ნავზე მყოფი ყველა ადამიანი გარდაცვლილია.

კატასტროფული აფეთქება: წყალქვეშა აფეთქება, რომელმაც, სავარაუდოდ, ტიტანის ჩაძირვა გამოიწვია გულისხმობს გემის უეცარ შიდა კოლაფსს.

  • ექსპერტების თქმით, ამ სიღრმეებში წყალქვეშა ნავებზე უზარმაზარი ზეწოლაა და ყველაზე პატარა სტრუქტურული დეფექტიც კი შეიძლება, დამღუპველი იყოს.
  • ყოფილი საზღვაო ოფიცერი ამბობს, რომ აფეთქება მილიწამში, ისე სწრაფად მოხდებოდა, სანამ ვინმე "შიგნიდანაც კი მიხვდებოდა, რომ პრობლემა იყო".

რა ხდება ახლა: აშშ-ის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ჩაძირული ტიტანის ნამსხვრევებში ნაპოვნ ადამიანის სხეულის ნაწილებს ექსპერტიზას ჩაუტარებენ.

  • უწყება კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოძიების საწყის ეტაპზეა.
  • "ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი იმ ფაქტორების გასაგებად, რომლებმაც გამოიწვია ტიტანის კატასტროფული დაკარგვა და რომელთა გაგებაც დაგვეხმარება, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს", — განაცხადა სანაპირო დაცვის საზღვაო საგამოძიებო საბჭოს ხელმძღვანელმა.