რა მოხდა: წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენებთან მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა.

  • ხომალდთან კავშირი წყალში ჩაშვებიდან საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა — ამ დროიდან ფართომასშტაბიანი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
  • ბორტზე იმყოფებიან 48 წლის პაკისტანელი მილიარდერი, შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი, 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი, ჰამიშ ჰარდინგი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი, პოლ-ჰენრი ნარგეოლე.
  • აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, 21-22 ივნისს ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ძებნისას ძლიერი ხმაური დააფიქსირეს.
  • სამძებრო სამუშაოებში ჩართული მაშველების თქმით, ხმები 30 წუთის ინტერვალებით ისმოდა, თუმცა ვერ შეძლეს დადგენა, რა იწვევდა მათ.
  • გაუჩინარებული წყალქვეშა ხომალდი, რომელიც ტურისტულ კომპანია OceanGate-ს ეკუთვნის, დაახლოებით, სატვირთო მანქანის ზომისაა, ბორტზე კი 5 ადამიანსა და ოთხი დღის სამყოფ ჟანგბადს იტევს.

დეტალები: ბრიტანეთის ოფიციალური პირების თქმით, ხომალდზე ჟანგბადის მარაგი, დაახლოებით, 2 საათში ამოიწურება.

  • წყალქვეშ გამოვლენილმა დარტყმის ხმებმა მაშველებს იმედი გაუჩინა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ჰგავს ნემსის პოვნას თივის გროვაში.
  • "ეს თითქმის შეუძლებელი იქნება. ჩვენ გვჭირდება სასწაული, მაგრამ სასწაულები ხდება", — ამბობს ოკეანოგრაფი და სამძებრო სამუშაოებში ჩართული ექსპერტი, დევიდ გალო.
  • ინჟინრები გამორიცხავენ წყალქვეშა ნავის აფეთქებას, მათთვის მეტად სავარაუდოა, ხომალდის შიდა სივრცეში წყალს შეეღწია.