ოქრუაშვილი: რ2-ს მფლობელები ისედაც ყიდდნენ, ჩვენ მივუსწარით და შევთავაზეთ კარგი პირობები
ფოტო: TV პირველი
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2004 წელს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის შეძენის მიზნით, მოლაპარაკებები ქიბარ ხალვაშს არასდროს უწარმოებია და ამ პროცესში ის თავად იყო ჩართული. მან შაბათის კურიერში ისაუბრა ვარდების რევოლუციის შემდეგ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესებზე.
2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო და ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. იმ პერიოდში რუსთავი 2-ის მეწილეები მისივე დამფუძნებლები ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე იყვნენ.
ოქრუაშვილის განცხადებით, ქიბარ ხალვაში ვერ შეიძენდა რუსთავი 2-ს, რომ არა მის უკან "გარკვეული სახის ზურგი".
"ეს ზურგი ვიყავი მე, ეს ზურგი იყო ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მე წარმოვადგენდი. რუსთავი 2-ის ყველა მოლაპარაკება იყო ნაწარმოები ჩემს მიერ ეროსი კიწმარიშვილთან იმის გამო, რომ მასთან მაკავშირებდა საკმაოდ ახლო და საქმიანი ურთიერთობა და ასევე მის პარტნიორებთან, დვალთან და აქიმიძესთან და დეტალებზეც შემიძლია ვისაუბრო", — განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, ის შეხვდა ასევე, დვალს და აქიმიძეს, მათ შორის, ჯემალ იმნაიშვილის თანდასწრებითაც, რომელიც ოქრუაშვილის თქმით, მათთან მოლაპარაკებებში ეხმარებოდა.
"დვალს და აქიმიძეს შევხვდი არაერთხელ, ერთხელ შევხვდი რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით, ერთხელ შევხვდი ჯემალ იმნაიშვილის თანდასწრებით, რომელიც იყო მათი ნდობით აღჭურვილი პირი და მე გამოვიყენე ეს პიროვნება მომლაპარაკებლად მათთან მიმართებით, ახლოს იყო მათთან და მე გამოვიყენე ჯემალ იმნაიშვილი მათთან მომლაპარაკებლად, გარკვეული სახის ნდობა რადგან გააჩნდა და მისი ხელით გადავეცი ფული", — ამბობს ოქრუაშვილი.
მისივე თქმით, დღეს აქიმიძე-დვალის საუბარი, რომ მათ წილები წაართვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.
"დვალთან და აქიმიძესთან მოლაპარაკების მთელი ინტრიგა მდგომარეობდა ერთ რამეში, ეროსი კიწმარიშვილს სურდა, რომ ჯერ მათთან მოგველაპარაკა, ის თანახმა იყო თავის წილის გაყიდვაზე, 30 პროცენტს ფლობდა და თუ დვალი და აქიმიძე დათანხმდებოდნენ და ჩვენ დავითანხმებდით, შემდეგ ისიც დათანხმდებოდა. დვალთან და აქიმიძესთან საკმაოდ რთული აღმოჩნდა მოლაპარაკება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ მიიღეს, 2 მილიონ დოლარამდე ამ ყველაფერში, 60-პროცენტიან წილში. ასე, რომ დღეს მათი მხრიდან, გარკვეული სახის წუწუნი, კაპრიზი თუ რა დავარქვა, რომ თითქოს, მათ წილები წაართვეს, ეს არის ზღაპარი", — განაცხადა ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილის თქმით, რუსთავი 2-ის წილების მისაღებად მან ანგარიშსწორება ნაღდი ფულით გააკეთა. მისივე თქმით, რუსთავი 2 რომ აქიმიძე-დვალსა და კიწმარიშვილს ბადრი პატარკაციშვილისთვის არ მიეყიდათ, ბეს სახით ერთ-ერთ მის კუთვნილ კომპანიაში არსებული წილები დათმო.
"ეს ფული იყო ნაღდი ფული — მილიონ 200 ათასი დოლარი, ჩემი ხელით იქნა გაგზავნილი ჯემალ იმნაიშვილის მეშვეობით მათთან და ჯემალ იმნაიშვილი ამას ადასტურებს პროკურატურაში გამოკითხვის ჩვენებაში. 2004 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე თვეებისთანავე, ეროსი კიწმარიშვილს, როდესაც გაუჩნდა ფინანსური პრობლემები და გარკვეული სახის მოტივაცია, რომ კომპანია რუსთავი 2 გაეყიდა, სულზე მივუსწარი მე მას, როდესაც ნიუს კორპისგან, რომლის უკანაც ბადრი პატარკაციშვილი იდგა, აღებული ჰქონდა ბეს სახით 800 ათასი დოლარი და უკვე შეთანხმებული იყო მათთან კომპანიის გაყიდვაზე, ისე, რომ დვალიც და აქიმიძეც ამ მოლაპარაკების მონაწილეები იყვნენ და მისთვის დასტური მიცემული ჰქონდათ", — განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, ამ დროს ოქრუაშვილი მივიდა კიწმარიშვილთან და უთხრა: "დააბრუნეთ ეგ ფული უკან, მე მოგცემთ ჩემს 10 პროცენტს უსასყიდლოდ, რომელიც ჯორჯია ონლაინში გამაჩნია და მაშინ კომპანიის კაპიტალიზაცია, დაახლოებით, 8 მილიონ დოლარს წარმოადგენდა და შესაბამისად, ჩემი წილი, 10 პროცენტი, რაც არის, გასაგებია, ამას გიტოვებთ მე თქვენ ბედ და დანარჩენ თანხას გადაგიხდით გარკვეული დროის შემდეგ. ამის შემდეგ, გარკვეული თვეების განმავლობაში, ჩვენ მათთან გარიგება დავასრულეთ, ფული გადავუხადეთ და ამით ყველაფერი დამთავრდა. იყო გარკვეული სახის პრეტენზიები სულ, რომ იქნებ ეს ბიზნესი დაგვითმოთ, იქნებ ის ბიზნესი მოგვცეთ და ისეთი სახის მოთხოვნები ჰქონდათ, შეიძლება ჭკუიდან გადასულიყავი ადამიანი. ითხოვდნენ ჯოხთაბერიძის მაგთიკომს, ითხოვდნენ რკინიგზას, დვალიც, აქიმიძეც და ყველა სხვა დანარჩენი", — განაცხადა ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილისთვის გაუგებარია დვალისა და აქიმიძის განცხადებები, რომ მათ რუსთავი 2 ზეწოლითა და ტერორით დაათმობინეს. მისი თქმით, მოლაპარაკების სახით შეძლო მათგან სამაუწყებლო კომპანიის ყიდვა.
"რაში გამოიხატება, შევავიწროვეთ, შევაწუხეთ, ვინმე დავიჭირეთ თუ რა გავაკეთეთ. რუსთავი 2 ფინანსურად იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რომ არა კიწმარიშვილის გადაწყვეტილება, გაეყიდა რუსთავი 2 ნიუს კორპზე, კიდევ შეიძლებოდა ვიღაც ძალიან ჩამძიებელ ადამიანს ეფიქრა, რომ ეს შეიძლება ასე იყოს, მაგრამ ისინი ჩვენამდე ყიდიდნენ კომპანიას, შესაბამისად, ჩვენ როგორც მყიდველებმა მივუსწარით და შევთავაზეთ კარგი პირობები", — განაცხადა ოქრუაშვილმა.
კითხვაზე, თუ რა ინტერესი იყო მაშინდელი ხელისუფლების რუსთავი 2-ის მიმართ, ოქრუაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკის წარმართვის თვალსაზრისით სამაუწყებლო კომპანია მუდმივად ფლაგმანი იყო.
"რუსთავი 2 იყო მაშინაც, რუსთავი 2 არის დღესაც და რუსთავი 2 იქნება ხვალაც, ფლაგმანი ამ ქვეყანაში, როგორც პოლიტიკის წარმართვის თვალსაზრისით, ისე თავისუფლების, თავისუფალი სიტყვის თვალსაზრისით, აზრის გამოხატვით და სხვა კუთხით", — ამბობს ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილი ასევე ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსულ მაშინდელ გუნდს უნდოდა, ჰქონოდა მედია, რომელის იმედს დააბალანსებდა. ოქრუაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ მას მოუწია, რომ სამაუწყებლო კომპანია დაეთმო გუნდისთვის.
"არასდროს მე არ მომისმენია ერთი რამ, როდის, რა ეტაპზე და რა სახის მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხალვაში დვალთან, აქიმიძესთან თუ კიწმარიშვილთან წილების შეძენაზე, იმიტომ, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, რეალური პიროვნება ვიყავი მე და ვინმეს უნდა ამის აღიარება, თვალის დახუჭვა თუ არა, ფაქტი ასეა, ის ამას არასდროს არ უარყოფდა, რომ რუსთავი 2 იყო ჩემი საკუთრება. 2006 წლამდე, თითქმის, ერთი წლის განმავლობაში და მანამდეც, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მქონდა მე სააკაშვილთან და ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ რეალური მესაკუთრე რუსთავი 2-სა მე ვიყავი, რუსთავი 2 ითვლებოდა გუნდის ინტერესების გამომხატველად, მოდით ასე დავარქვათ. როდესაც მივდივარ ეკონომიკის მინისტრობიდან, ცოტა უცნაური პროცესები განვითარდა მაშინ, კიევში ვიყავი ოფიციალური ვიზიტით და იქიდან გამოვგზავნე გადადგომის განცხადება, ამ დროს იწყებს სააკაშვილი ხალვაშის დაბარებას და თქმას, რომ რუსთავი 2 უნდა გადმოგვიფორმო და ხალვაში ეგრევე მირეკავს მე, ეს შენია და შენ უნდა გადაწყვიტო. ჩემი გადაწყვეტილება იყო ძალიან მარტივი — მიეცი, იმიტომ, რომ მე მათთან ურთიერთობა დავამთავრე, ხალვაში ჩემ გარეშე ამ საკითხსაც ვერ გადაწყვეტდა ვერასდროს, მე რომ წინააღმდეგი წავსულიყავი... არასამართლიანად დაათმობინეს, მაგრამ არა მას, არამედ მე, ძაღლის თავი ამაშია დამარხული", — განაცხადა ოქრუაშვილმა.
რუსთავი 2-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც "რუსთავი 2 ყოველთვის იყო მისი და ქიბარ ხალვაში იყო ნომინალური ფიგურა, ხელის ბიჭი და ფიგარო". დავით დვალი მოუწოდებს პროკურატურას, ირაკლი ოქრუაშვილის ეს განცხადება შეისწავლონ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის რეალური მფლობელი არა ქიბარ ხალვაში, არამედ თვითონაა. გარდა ამისა, ის მზადაა, ტელეკომპანიის "ათამდე მებრძოლ ჟურნალისტს" წილების 80 პროცენტი მისცეს, რათა მათ ხალვაშთან იდავონ.
ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილების დაყადაღების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. მომავალ კვირას კი წილების გადაცემის მოთხოვნით სარჩელის შეტანაც იგეგმება.
ოქრუაშვილის ბრალდებებს უარყოფს ქიბარ ხალვაში. მისი ადვოკატი და ახლა უკვე ტელეკომპანიის დირექტორი, პაატა სალია ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ყალბია და ქიბარ ხალვაშს ხელი არ მოუწერია. ამასთანავე სალია ამტკიცებს, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის რუსთავი 2-ზე შეთანხმება არასდროს ყოფილა.
რუსთავი 2 და სტრასბურგის სასამართლო
სტრასბუგრის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერი, არხზე ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია მივიდა. რუსთავი 2-ის ჟურნალისტები და თანამშრომლები ღიად საუბრობენ, რომ ხელისუფლებას ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სურს და კომპანიის ერთ დღეში გადაფორმებაც ამის დასტურია.
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გაათავისუფლა. ცვლილება საჯარო რეესტში ტელეკომპანიის ახალი მფლობელის თხოვნის საფუძველზე აისახა. ამავე დოკუმენტაციით, ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამია მისი ადვოკატით, პაატა სალიათი ჩაანაცვლა. მანამდე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრმა რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. პაატა სალია რუსთავი 2-ში მივიდა და შეხვდა, როგორც ჟურნალისტენს, ისე ფინანსურ დირექტორს.
ქიბარ ხალვაშმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამიას, მისი ადვოკატი პაატა სალია შეცვლის. ნიკა გვარამიას თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს და მის კონტრაქტში არის საკმაოდ სოლიდური გარანტია, რომლის გადახდის გარეშეც მისი გაშვების უფლება არავის აქვს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია და საქართველოს სასამართლოებმა ყველა ინსტანციაზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმი. ამ მექანიზმით, 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილები ვერ გადაიფორმა.
რუსთავი 2 სტრასბურგში რამდენიმე მუხლის დარღვევას დავობდა, ესენია: სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება; გამოხატვის თავისუფლება; უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები; საკუთრების დაცვა. შედეგად, საქმეში რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ არც ერთი ამ მუხლის დარღვევა არ დაადგინა. რუსთავი 2 საქმეს სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატაში გაასაჩივრებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი გააუქმა. ეს ის დათქმაა, რომლის მოქმედების გამოც ქიბარ ხალვაშმა 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე წილები ვეღარ გადაიფორმა. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ქიბარ ხალვაშს დღესვე შეუძლია წილების გადაფორმება, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამია კი თქვა, რომ ტელევიზიას ვერავინ შეეხება იქამდე, სანამ საქმის წარმოება სტრასბურგშიც არ დასრულდება. რუსთავი 2 სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას უმაღლეს პალატაში აპირებს.
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს 2004-2006 წლებში ფლობდა, დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და ეს საქმე საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში 20 თვეში მოიგო. უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით არხი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.
2004 წლის ზაფხულში, ხალვაშმა რუსთავი 2-ის 10%-იანი წილი ნიკა ტაბატაძისგან შეიძინა, 30%-იანი ეროსი კიწმარიშვილისგან და 60%-იანი ვინმე პაატა კარსანიძისგან. კარსანიძეს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი, მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები, ტელევიზიის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.
ხალვაში ტელეკომპანიას ორი წლის მანძილზე მართავდა. 2006 წელს, სააკაშვილსა და ოქრუაშვილის შორის მომხდარი ცნობილი დაპირისპირების შემდეგ, მას სხვა ბიზნესებთან ერთად რუსთავი 2-იც ჩამოართვეს. საბოლოოდ, 2011 წელს, კომპანიის მფლობელები შპს საქართველო და ყარამანიშვილები გახდნენ.
2016-2017 წლებში, საქართველოს სასამართლოებში გამარჯვების შემდეგ, ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 50%-ს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს, როგორც წინა ხელისუფლებისგან დაზარალებულ აქციონერებს. მან დვალს ტელეკომპანიის დირექტორობაც შესთავაზა. თუმცა, ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, დვალმა განაცხადა, რომ ის რუსთავი 2-ში ცენზორად არ დაბრუნდება და ხელისუფლების მორჩილი, პარტიული ტელევიზიის წილები მას არ აინტერესებს.
რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები, მათი მენეჯმენტი და ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ქიბარ ხალვაში ამჯერადაც ხელისუფლების დავალებით მოქმედებს და მისი მთავარი მიზანი ოპოზიციური ტელეარხის დადუმებაა. საქართველოს მთავრობა სასამართლო დავის დაწყებიდან განაჩენის გამოცხადებამდე, მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარე კერძო ქონებრივი დავა იყო.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-მა სტრასბურგში გაასაჩივრა. ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
კომენტარები