"ბიოჰაკერ" ბრაიან ჯონსონს განუკურნებელი დაავადება დაუდგინდა
"ჩემი კუჭი საკუთარ თავს ჭამს", — ამბობს 48 წლის მულტიმილიონერი, რომელიც მარადიული ახალგაზრდობის ძიებაში თინეიჯერი შვილის სისხლს გადასხმას იტარებდა
ფოტო: Bryan Johnson
48 წლის ტექნოლოგიურმა მეწარმემ, რომელმაც სახელი გაახალგაზრდავებისკენ მიმართული ექსტრემალური გამაჯანსაღებელი რეჟიმის დეტალური აღწერით გაითქვა, გასულ კვირას სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ განუკურნებელი ავტოიმუნური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.
"ჩემი კუჭი საკუთარ თავს ჭამს", — დაწერა ჯონსონმა 30 ივნისს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც განმარტა, რომ ავტოიმუნური გასტრიტი აქვს. ამ დაავადებისას იმუნური სისტემა, შეცდომით, კუჭის ლორწოვანი გარსის ჯანმრთელ უჯრედებს უტევს.
ჯონსონი ამბობს, რომ აქამდე არ იცოდა, თუ ამ დიაგნოზს ებრძოდა და ვარაუდობს, რომ დაავადება წარსულში ჭარბად მოხმარებული სწრაფი კვებითა და ტკბილი სასმელებითაა გამოწვეული.
"ბავშვობაში ტკბილ ბურბუშელას ვჭამდი, ტკბილ გაზიან სასმელს ვსვამდი და სწრაფ კვებას ვნთქავდი", — თქვა ჯონსონმა — "ადრეულ ოციან წლებში რამდენიმე ჯანმრთელი წელი მქონდა, მაგრამ შემდეგ სამი შვილის ახალგაზრდა მამა გავხდი და ბიზნესის შენებას შევუდექი. ამ სტრესსა და ჯაფაში ჯანმრთელობაზე ზრუნვა მივატოვე და დაახლოებით 18 კგ მოვიმატე. რამდენიმე წელიწადში ღრმა, ქრონიკულ დეპრესიაში ჩავვარდი. სადღაც ამ პერიოდში ჩემმა ორგანიზმმა ავტოიმუნური პროცესის განვითარება დაიწყო, რომელმაც ჯერ ფარისებრი ჯირკვალი და შემდეგ კუჭის ლორწოვანი გარსი დააზიანა".
თხევადი ოქრო: ჯონსონმა თავისი "არ მოკვდე" ფილოსოფიის განსახორციელებლად პლაზმის გადასხმების სერია ჩაიტარა
ფოტო: Bryan Johnson
ჯონსონმა ასევე თქვა, რომ ავტოიმუნური გასტრიტი ისეთ შეუქცევად დაზიანებას იწვევს, როგორიცაა: კვებითი დეფიციტი, ანემია და გრძელვადიან პერსპექტივაში, კიბოს განვითარების გაზრდილი რისკი.
"როდესაც დღეს ავტოიმუნური გასტრიტი ვლინდება, სტანდარტული მედიცინა მარცხს აღიარებს და აცხადებს, რომ მდგომარეობის მართვის გარდა სხვა არაფრის გაკეთებაა შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რამდენად საშინელი ან სასიკვდილო შეიძლება იყოს მისი შედეგები".
ამის მიუხედავად, ჯონსონმა თქვა, რომ რამდენიმე დიაგნოსტიკური ტესტის, მათ შორის ფერიტინისა და რკინის დონის მონიტორინგით, დაავადების "მოგვარებას შეეცდება". მისი გუნდი განმეორებით ბიოფსიებს აპირებს და შედეგების მიხედვით მკურნალობის შემუშავებას გეგმავს.
"ხელოვნური ინტელექტის, მულტიომიკისა (გენების, ცილებისა და მეტაბოლიტების ერთდროული ანალიზის მეთოდი), და ხელოვნურად შექმნილი დნმ-ის, ცილებისა და უჯრედების ეპოქაში, განუკურნებლად არც ერთი დაავადება არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი განკურნება ჯერ არავის უცდია", — თქვა მან.
2013 წელს, ტექნოლოგიური კომპანიის, Braintree Venmo-ს PayPal-ისთვის 800 მილიონ დოლარად გაყიდვის შემდეგ, ჯონსონი მარადიული ახალგაზრდობის ძიებაში ფინანსურ და ფიზიკურ უკიდურესობებამდე მივიდა. მათ შორის, თავისი მოზარდი შვილის სისხლის პლაზმა გამოიყენა იმ იმედით, რომ ორგანიზმის ასაკს 18 წლამდე მდგომარეობაში დააბრუნებდა და ამ მიზნით წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ დოლარს ხარჯავს.
ჯონსონი ერთსაათიანი ვარჯიშისთვის ყოველ დილით 5 საათზე იღვიძებს
ფოტო: Magdalena Wosinska
ჯონსონმა დაბერების პროცესის შესაჩერებლად ჰოლისტიკური მიდგომა აირჩია და 1977-კალორიან ვეგანურ დიეტას იცავს. ის ასევე რამდენიმე საკვებ დანამატსა და მედიკამენტს იღებს, რომელთა ნაწილს თავის ვებგვერდზე ყიდის. მისივე თქმით, ყოველ ღამე ორი საათის განმავლობაში ლურჯი შუქის გამფილტრავ სათვალეს ატარებს, ერთსაათიანი ვარჯიშისთვის ყოველ დილით 5 საათზე იღვიძებს, ათეულობით საკვებ დანამატს იღებს და კბილებს ჩაის ხის ზეთით ივლებს.
2023 წელს, უჯრედული დაზიანების აღსადგენად, მან თავისი მოზარდი შვილის, თალმეჯის, სისხლის გადასხმა გამოიყენა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა.
2023 წელს, უჯრედული დაზიანების შებრუნების მცდელობისას ბრაიან ჯონსონმა თავისი მოზარდი შვილის სისხლის გადაისხა
ფოტო: Bryan Johnson
2024 წლის ნოემბერში, მკაცრი, 1977-კალორიული დიეტით გამოწვეული გამხდარი იერის დასაფარად, სახეში ცხიმის ინიექცია გაიკეთა, რამაც მძიმე ალერგიული რეაქცია გამოიწვია. მოგვიანებით აღიარა, რომ "პროექტი ბავშვური სახე" (Project Baby Face), რომელმაც სახის შეშუპების გამო ის ლამის უსინათლო დატოვა, წარუმატებელი აღმოჩნდა.
კომენტარები