ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი, H5N1, ავსტრალიაშიც დააფიქსირეს. ეს ნიშნავს, რომ ის უკვე დედამიწის ყველა კონტინენტზეა გავრცელებული, მათ შორის ანტარქტიდაზეც.

ავსტრალიის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს შტამი დასავლეთ ავსტრალიაში Stercorarius antarcticus-ის სახეობის ზღვის ფრინველს აღმოაჩნდა. ტესტის დადებითი შედეგი ჰქონდა გიგანტურ ქარიშხლასებრსაც, თუმცა მისი ნიმუშების დამატებითი შემოწმება გადაწყვიტეს. ორივე მათგანი გადამფრენი ფრინველია და ქალაქ ესპერანსის ეროვნული პარკის იზოლირებულ არეალში გვხვდება.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ H5N1 ავსტრალიაში აქამდე გავრცელებული ფრინველის გრიპის ვირუსებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. იგი სხვადასხვა ძუძუმწოვარზეც შეიძლება გადავიდეს და მძიმე დაავადება ან სიკვდილი გამოიწვიოს, რაც მის კონტროლს ართულებს.

ბოლო წლებში ასეთი რამ უკვე მომხდარა. მაგალითად, 2024 წელს ვირუსი აშშ-ის რძის ფერმებში გავრცელდა, შემდეგ კი კატებში, ალპაკებსა და ბრიტანეთში — ცხვრებშიც. ცნობილია ადამიანთა ინფიცირების შემთხვევებიც.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით მეცნიერებმა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც ეს ვირუსი ამერიკულ ფერმებში აღმოჩენამდე კვირების განმავლობაში შეუმჩნევლად ცირკულირებდა. პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ინფექციის საწყის ეტაპზე H5N1 ძროხებში ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადების მსგავსად არ ვლინდებოდა. ამის ნაცვლად, ტეხასის ფერმებში ინფიცირებულ ცხოველებს სარძევე ჯირკვლების მძიმე ანთება, ე.წ. მასტიტი, განუვითარდათ, რის გამოც ვეტერინარები თავდაპირველად მიზეზად ბაქტერიულ ინფექციებს ეჭვობდნენ.

ყველასთვის მოულოდნელი იყო, როცა სიმპტომების გამომწვევი ფრინველის გრიპი აღმოჩნდა. ამ პერიოდში ინფიცირებული ძროხების რძეში ვირუსის ნაწილაკები დიდი რაოდენობით გამოიყოფოდა. პასტერიზაცია მათ ანადგურებს, თუმცა ფერმის თანამშრომლები და ცხოველები, რომლებიც დაუმუშავებელ რძესთან შემხებლობაში იყვნენ, ინფიცირების მაღალი რისკის წინაშე იდგნენ.

მკვლევრებმა გლიკანები შეისწავლეს — შაქროვანი მოლეკულები, რომლების გრიპის ვირუსისთვის რეცეპტორის ფუნქციას ასრულებს და სხვადასხვა ქსოვილში გვხვდება. აღმოჩნდა, რომ H5N1-ს კონკრეტული ტიპის ასეთი რეცეპტორი სჭირდება, რომელიც ძროხის სასუნთქ გზებში თითქმის არ გვხვდება, მაგრამ სარძევე ჯირკვლებში უხვადაა. ეს ხსნის, რატომ განვითარდა დაავადება სწორედ იქ.

ადამიანიდან ადამიანზე H5N1-ის ეფექტიანად გავრცელების შესახებ კითხვები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა სპეციალისტები პოტენციურ საფრთხეს ყურადღებით აკვირდებიან. მათი თქმით, პანდემიის გამოსაწვევად ვირუსს სწორედ გადაცემის ასეთი უნარი დასჭირდება.

რაც შეეხება ავსტრალიას, მოსახლეობას მოუწოდებენ, ავადმყოფ ან მკვდარ ფრინველებსა და გარეულ ცხოველებს არ შეეხონ, ეჭვის შემთხვევაში კი შესაბამის სამსახურებს მიმართონ.

ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.