ყოველი მესამე ამერიკელი სამედიცინო რჩევას AI ჩატბოტს ეკითხება — აი, რატომ
ამერიკელთა მესამედი ჯანმრთელობის რჩევებს ჩატბოტებს ეკითხება. ამ სტატიაში 6 პაციენტი ხსნის, რატომ.
ფოტო: Axios
ხელოვნური ინტელექტით გამართულ ჩატბოტებს ახლავს გაფრთხილება, რომ სამედიცინო რჩევის გაცემა ან დიაგნოზის დასმა არ შეუძლია, მაგრამ მათ მაინც მილიონობით მომხმარებელი ეკითხება ავადმყოფობის შესახებ, სთხოვს სამედიცინო ჩანაწერების გაშიფვრას ან მკურნალობის ვარიანტების ჩამოთვლას.
ჯანდაცვის პოლიტიკისა და განათლების ორგანიზაციის, KFF-ის ახალი კვლევის მიხედვით, ამერიკელთა თითქმის მესამედი ჯანმრთელობაზე ინფორმაციის მოსაძიებლად ჩატბოტებს მიმართავს.
ამ მზარდ მოთხოვნას AI-კომპანიებიც სწრაფად ეხმაურებიან: Anthropic-ის Claude for Healthcare და OpenAI-ის ChatGPT Health მომხმარებლებს კონფიდენციალობის გაძლიერებულ დაცვასა და სამედიცინო ჩანაწერებთან დაკავშირების შესაძლებლობას სთავაზობს, თუმცა აფრთხილებს, რომ ამ პროდუქტებს ექიმის ჩანაცვლება არ შეუძლია.
"ჩატბოტი შეიძლება ჰგავდეს ძალიან სარწმუნოს, სრულიად თავდაჯერებულს და ამავდროულად იყოს აბსოლუტურად მცდარი", — ამბობს მაუნთ საინაის იკანის სამედიცინო სკოლის მედიცინის პროფესორი, გირიშ ნადქარნი, ChatGPT Health-ის შესახებ დამოუკიდებელი შეფასების თანაავტორი.
ნადქარნის კვლევამ აჩვენა, რომ სუნთქვის მოახლოებული უკმარისობისა და სერიოზული დიაბეტური გართულებების შემთხვევათა ნახევარზე მეტში, ჩატბოტმა მომხმარებელს სასწრაფო დახმარების გამოძახების ნაცვლად, სახლში დარჩენა და სიმპტომებზე დაკვირვება ურჩია. ეს შედეგები ემთხვევა სხვა კვლევებსა და მიმოხილვებს, რომლებიც AI-ის ჯანმრთელობის რჩევებს კრიტიკულად აფასებენ, ან, სულ მცირე, სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ.
OpenAI ამ კვლევის მეთოდოლოგიას და სიზუსტეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რამდენად ასახავს კვლევა, როგორ იყენებს ხალხი ჩატბოტს პრაქტიკულ ცხოვრებაში? კომპანიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ექიმების კომენტარების საფუძველზე ChatGPT Health-ის მოდელები მუდმივად ვარჯიშდება და ახლდება.
"ადამიანები ჯანმრთელობაზე შეკითხვებით ChatGPT-ს ყოველდღე აკითხავენ", — განაცხადა OpenAI-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, დრიუ პუსატერიმ — "გვინდა, რომ ეს ურთიერთობა მათ უკეთ ინფორმირებულს ტოვებდეს და ექიმებთან საუბარს ამარტივებდეს. თუმცა ის სამედიცინო სპეციალისტების ჩასანაცვლებლად არ არის შექმნილი და ექიმის მაგივრად არ უნდა გამოვიყენოთ".
მზარდი მტკიცებულებების მიუხედავად, მყისიერი, ყოვლისმომცველი და პერსონალიზებული პასუხები ბევრს ხიბლავს, განსაკუთრებით ჯანდაცვის სისტემაში, სადაც მაღალი ხარჯები და ხელმისაწვდომობის უთანასწორობა ბატონობს.
ქვემოთ მოყვანილია ექვსი ამერიკელის ისტორია, ვინც ჯანმრთელობის რჩევებისთვის ჩატბოტებს მიმართა და ექსპერტთა კომენტარები მათ შემთხვევებზე.
უფასო ალტერნატივა
როდესაც ილინოისის უნივერსიტეტის მესამეკურსელს, 20 წლის გენარო დიასს, 2026 წლის თებერვლის დასაწყისში კუჭის მძიმე ტკივილი და ლორწოს ღებინება დაეწყო, მას ექიმთან წასვლა სურდა. სტუდენტური დაზღვევის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო, ChatGPT-ს მიმართა, რადგან ექიმთან მისასვლელად 150 დოლარი არ ჰქონდა. ჩატბოტმა Pepto-Bismol-ისა და Pedialyte-ის მიღება და ექიმთან ვიზიტი იმ შემთხვევაში ურჩია, თუ სიმპტომები სამ დღეს გაგრძელდებოდა. საბოლოოდ დიასმა ვერ გაიგო, რა აწუხებდა, მაგრამ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
"როგორც სტუდენტს, შემოსავლის წყარო არ მაქვს, სამსახური არ მაქვს", — ამბობს დიასი.
KFF-ის გამოკითხვის მიხედვით, AI-ის სამედიცინო გამოყენების მთავარ მიზეზად ყოველი მეხუთე მომხმარებელი ჯანდაცვის ხარჯების სიმძიმეს ასახელებს. 18-დან 29 წლამდე ასაკის ჯგუფში და 40 000 დოლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ადამიანებში ეს მაჩვენებელი ყოველი მესამე მომხმარებელია.
მაუნთ საინაის სამედიცინო პროფესორს, აშვინ რამასვამის ესმის, რატომ აფრთხობს ბევრ პაციენტს სამედიცინო ხარჯები. თუმცა ChatGPT-ის რეკომენდაცია ექიმთან ვიზიტის გადადებაზე, მის კრიტიკას იმსახურებს. დიასის აღწერილი სიმპტომები, მისი გამოჯანმრთელების მიუხედავად, სერიოზული იყო.
"ვერ გამოვრიცხავ, რომ სახიფათო რამ ყოფილიყო", — ამბობს რამასვამი, ChatGPT Health-ის შეფასების თანაავტორი — "სატელეფონო ზარით ვერც მე ვიტყოდი გადაჭრით, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მაშინვე მომინდებოდა პაციენტის ნახვა".
როდესაც ექიმის პოვნა ძნელია
57 წლის ნიუ-იორკელი გეილ მადეირა ამბობს, რომ ხანგრძლივი COVID-ის სამკურნალოდ ექიმის მოძებნა ნამდვილ ტანჯვად გადაექცა. ქალაქის კოვიდის ცხელი ხაზის სიიდან ერთ-ერთმა კლინიკამ უპასუხა, რომ ხანგრძლივი კოვიდის მართვისთვის რესურსი არ აქვს.
ეს ვაკუუმი ChatGPT-ისა და სხვა AI-პლატფორმების დახმარებით ამოავსო. აქ სამედიცინო ისტორიისა და მედიკამენტების გამოყენების დეტალურ ცხრილებს ტვირთავს. რაც განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა ტვინის დაბინდვასა და დაღლილობას გრძნობს. AI-სთან კონსულტაცია დაეხმარა, გრძელვადიანი COVID-ის მქონე ადამიანებში გავრცელებული მკურნალობის მეთოდები გაეფილტრა. ამის გაკეთება ამ დაავადების სპეციალისტებსაც კი უძნელდებათ. მედიკამენტებს ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არ იღებს.
"მინდა, ჩემს მოვლას ექიმი აკონტროლებდეს. არ მინდა AI-ს გამოყენება", — ამბობს მადეირა, მხატვარი და მოცეკვავე, რომელიც ადრე უოლ სტრიტზე მუშაობდა.
ხელოვნური ინტელექტის ზოგი ექსპერტი გვაფრთხილებს, რომ დეტალური სამედიცინო ინფორმაციის ატვირთვა, კომპანიების მიერ გამოცხადებული დაცვის მიუხედავად, კონფიდენციალურობის ხელყოფის რისკს შეიცავს.
"AI შენ შესახებ ბევრ ინფორმაციას აგროვებს, რომლის გამოყენებაც მოგვიანებით დასამიზნებლადაა შესაძლებელი", — ამბობს პატ პატარანუტაფორნი, MIT-ის მედიაწარმოების მეცნიერებათა ასისტენტ-პროფესორი, რომელიც იკვლევს, როგორ იყენებს ხალხი AI-ის ასისტენტად — "თუ სერვისს არ ყიდულობ, ესე იგი პროდუქტი შენ ხარ".
ინფორმირებული კითხვების ჩამოყალიბება
70 წლის გარი კოენს სჯერა, რომ 2020 წელს დიაგნოსტირებული მრავლობითი მიელომის შემდეგ, კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-ფრანცისკოს კამპუსი მასზე განსაკუთრებულად ზრუნავს. ის Claude-ს ვიზიტების მოსამზადებლად მიმართავს: ექიმის შეთავაზებული მეორე რიგის მკურნალობის ან ანალიზის შედეგების მარტივ ენაზე ასახსნელად.
როდესაც პაციენტის პორტალში ანალიზის ერთმა შედეგმა შეაწუხა, შაბათ-კვირას ექიმს ვერ ჰკითხავდა, ამიტომ Claude-ს აუტვირთა. Claude-მ დეტალურად აუხსნა, რომ შედეგი ზედამხედველობას საჭიროებდა, მაგრამ შიშის საფუძველს არ იძლეოდა. მოგვიანებით ექიმმაც იგივე თქვა.
"თავს უმწეოდ არ გრძნობ", — ამბობს კოენი, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც Affordable Care Act-ის განხორციელებაში მონაწილეობდა — "გრძნობ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესის მონაწილე ხარ, გადაწყვეტილებები კი ბევრია".
სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის ასოცირებული პროფესორი და AI-ს მკვლევარი, ჯონათან ჩენი ამბობს, რომ ვიზიტებამდე კითხვების ჩამოყალიბებასა და სამედიცინო ჩანაწერების შეჯამებაში ჩატბოტები ეფექტიანია. პაციენტებმა კონტრარგუმენტები, სხვადასხვა სამედიცინო ვარიანტის რისკები და სარგებელი უნდა გაიგონ. მაგრამ "მაღალი რისკის შემთხვევაში ნამდვილ ადამიანებთან გადამოწმება სავალდებულოა", — ამბობს ჩენი.
აქვე გვაფრთხილებს, რომ ჩატბოტებს სამედიცინო სკანირების ორიგინალი სურათები (და არა შემაჯამებელი დოკუმენტები) არ მივანდოთ, რადგან ეს ინსტრუმენტები "მნიშვნელოვანი სამედიცინო ინტერპრეტაციისთვის" ჯერ მზად არ არის.
მცდარი ინფორმაცია
67 წლის რენდალ ზიფელდტი ინდიანადან, სასწრაფო დახმარებაში Google-ის Gemini-სთან კონსულტაციის შემდეგ მივიდა: ჩატბოტმა ქრონიკული კუჭის ტკივილის გამო CT-სკანირებისთვის გადაუდებელ განყოფილებაში წასვლა ურჩია. სკანირებამ არაფერი აჩვენა. ზიფელდტმა გაღიზიანების ნაცვლად სიმშვიდე იგრძნო, მამამისი მსგავსი სიმპტომების მქონე იშვიათი კიბოთი გარდაიცვალა, რომელიც მემკვიდრეობით შეიძლება გადავიდეს.
"Gemini-ს პასუხებმა ჩემთვის კომფორტული გზა მაჩვენა და ამან შფოთვა მომიხსნა", — ამბობს ზიფელდტი, რომელიც საჯარო ჯანდაცვის სააგენტოებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს.
პატარანუტაფორნის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები ჩატბოტებისგან მიღებულ მცდარ ინფორმაციას ექიმებისგან მიღებულ სწორ ინფორმაციაზე მეტად ენდობიან. ეს კარგად ეხმიანება კვლევებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ხალხი ხშირად ტექნოლოგიას ნამდვილ ადამიანებზე მეტ ნდობას ანიჭებს. ჩატბოტების მხრიდან თავდაჯერებული, მცდარი მსჯელობა ადამიანის სწორ მსჯელობაზე უფრო დამაჯერებელი შეიძლება გამოდგეს.
AI-ის სამომხმარებლო ჯანდაცვაში გამოყენების საფრთხეებზე ორიენტირებული მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ბევრ, ზოგჯერ უმეტეს შემთხვევაშიც, ჩატბოტები გონივრულ რჩევას გვთავაზობს.
"ბევრი რამეს კარგად გაართვა თავი. მთლიანად არ ჩავარდნილა", — ამბობს რამასვამი ChatGPT Health-ის შეფასების შესახებ — "LLM-ს ერთი რამ არ შეუძლია: გარეთ ვერ გამოიხმობთ და ვერ ჰკითხავთ: "რაზე ფიქრობდი?!"
მზრუნველი ხმა
როდესაც მის მეუღლეს მასიური ფილტვის ემბოლიის გამო ორი კვირა ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ჯონ ჰოუპს Perplexity-ის თანაგრძნობა განსაკუთრებით შეეხო. AI-ის ძრავას ექიმების ტერმინების გაშიფვრასა და მეუღლის დახვედრისთვის მოსამზადებლად იყენებდა. მზრუნველი მეგობრები ჰყავს, მაგრამ მძიმე დროს "ნამდვილი თანაგრძნობით" სავსე მყისიერი პასუხი და ექიმებისთვის დასასმელი კითხვების შეთავაზება სასიამოვნო იყო.
"ზოგჯერ ასეთი მნიშვნელოვანი საუბრის წარმართვა არა-ადამიანთან ოდნავ საშიშია, თუმცა ამავე დროს მამშვიდებს", — ამბობს 85 წლის ჰოუპი — "Perplexity სწორედ ამ განცდას მაძლევს: 'ვიცი, რას გადიხარ, აქ შენს დასახმარებლად ვარ, უბრალოდ მითხარი, ექიმმა რა გითხრა'".
ჩატბოტების სიკეთე ილუზიაა, რომელსაც სახიფათო თვალთმაქცობამდე მივყავართ, გვაფრთხილებენ ტექნოლოგიის ექსპერტები. ChatGPT Health-ის კვლევამ, სხვა კვლევების მსგავსად, აჩვენა, რომ ჩატბოტი უფრო ხშირად ცუდ რჩევას იძლეოდა მაშინ, როდესაც მომხმარებელი ამბობდა, რომ სიმპტომები მას ძალიანაც არ აშფოთებდა.
"ზრუნვა ადამიანური საქმეა", — ამბობს ემორის უნივერსიტეტის ბიომედიცინური ინფორმატიკისა და გლობალური ჯანდაცვის ასისტენტ-პროფესორი, აზრა ისმაილი, რომელიც რეპროდუქციისა და სექსუალური ჯანმრთელობის ნავიგაციისთვის ჩატბოტების გამოყენებას იკვლევს — "შეიძლება გარკვეულ ინფორმაციულ მხარდაჭერას, გარკვეულ საჩვენებელ თანაგრძნობას სთავაზობდეს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის სისტემა, რომელსაც ზრუნვა შეუძლია".
Perplexity-მ განაცხადა, რომ პრიორიტეტად სიზუსტეს მიიჩნევს და აქტიურად ებრძვის თვალთმაქცობას. კომპანიამ შექმნა Perplexity Health Advisory Board, სათათბირო ორგანო, რომელიც AI-ისგან მოსალოდნელ უსაფრთხოების სტანდარტებსა და გამოცდილებას შეიმუშავებს.
"ზოგი მომხმარებლისგან გვსმენია, რომ Perplexity-ის ნეიტრალური ტონი და გასაგები წყაროები სტრესული გადაწყვეტილებების დროს სიმშვიდეს ჰგვრის, თუმცა ვფიქრობთ, რომ AI-ის ანთროპომორფიზება (გაადამიანურება, ადამიანური თვისებების მიწერა) არ შეიძლება", — განაცხადა კომპანიამ.
სწრაფი პასუხების მიმზიდველობა
ქრისტინა სქუიტიერს კოლონოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიების შედეგების განსახილველად გასტროენტეროლოგთან ვიზიტამდე სამი კვირა ლოდინი მოუხდა. ChatGPT-მ უთხრა, რომ ანგარიშში წითლად მონიშნული თეთრი სისხლის უჯრედების მაჩვენებელი მიკროსკოპულ კოლიტზე (ანთებითი ნაწლავური დაავადება) მეტყველებდა, და მედიკამენტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მაგრამ ექიმმა, რომელსაც საბოლოოდ შეხვდა, ეს მონაცემი უმნიშვნელოდ მიიჩნია და დაამშვიდა: ანგარიში პირიქით, ამ დაავადების არარსებობის დამაჯერებელ მტკიცებულებას შეიცავდა.
მაგრამ თუ ქრისტინა მსგავს სიტუაციაში (შემაშფოთებელი ანალიზი, ექიმთან სწრაფი კავშირის სირთულე) ისევ აღმოჩნდება, ალბათ კვლავ ChatGPT-ს მიმართავს, თუნდაც არასასურველი პასუხი მიიღოს. როცა მისი 20 თვის ქალიშვილი ავად გახდა, სპეციალისტთან ვიზიტსა და ქრონიკული მდგომარეობის დიაგნოსტირებაში 10 თვე გავიდა.
"არ უნდა გვიწევდეს, მივმართოთ ჩატბოტს, რომელიც არ ფიქრობს, მხოლოდ იმიტომ, რომ ექიმის ნახვა ამდენად შეუძლებელია", — ამბობს სქუიტიერი.
KFF-ის გამოკითხვამ დაადგინა, რომ სწრაფი და მყისიერი რჩევის სურვილი ჩატბოტების ჯანმრთელობის რჩევებად გამოყენების მთავარი მიზეზია: მომხმარებელთა ორი მესამედი სწორედ ამას ასახელებს. მომხმარებელთა დაახლოებით მეხუთედი კი ამბობს, რომ ექიმი არ ჰყავს ან ვიზიტზე ვერ ეწერება.
"ჩატბოტების სივრცე რომ გაჩნდა, ამის მიზეზი არსებობს: ხელმისაწვდომობა ცუდია, ვიზიტამდე კვირები, ზოგჯერ თვეები შეიძლება გავიდეს", — ამბობს მაუნთ საინაის მკვლევარი ნადქარნი — "თუ ხალხი ამ ინსტრუმენტებს მასშტაბურად გამოიყენებს, მაშინ მათი უსაფრთხოების სტანდარტიც უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე უბრალო ელ-ფოსტის ტექსტის შედგენაა".
კომენტარები