თანამედროვე ეპოქაში ფინანსები ადამიანის არა მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის წყაროა, არამედ დიდად განაპირობებს მის ჯანმრთელობასაც. ჯანმრთელობა კი, რომელიც მართლაც ფასდაუდებელი და შეუფასებელი სიმდიდრეა, კავშირშია მედიცინის პროგრესთან. საბაზრო ეკონომიკის პირობებში მედიცინის პროგრესი — ახალი მედიკამენტების, თერაპიებისა თუ ტექნოლოგიების შექმნა სწორედ ფინანსურ რესურსებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, პაციენტისთვის მედიცინის სიკეთეებზე ხელმისაწვდომობისთვის საჭიროა თანხები.

სწორედ ამიტომ, ცივილიზებულმა მსოფლიომ დიდი ხანია, შექმნა სადაზღვევო სქემები, რათა დიდი ფინანსების საჭიროების შემთხვევაში, პაციენტი მკურნალობის გარეშე არ დარჩეს. საჭიროება კი ზოგ შემთხვევაში, მაგ., ქრონიკული ან იშვიათი დაავადებების დროს შესაძლოა, იმდენად დიდი იყოს, რომ არათუ საშუალო, მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახისთვისაც შეუძლებელი გახდეს შესაბამისი თანხების მობილიზება. სწორედ აქ ერთვება სხვადასხვა სადაზღვევო მექანიზმი და სახელმწიფო პროგრამები.

ბევრ ქვეყანაში, ქრონიკული ან სხვა დაავადებების შემთხვევაში სადაზღვევო სქემები, პრაქტიკულად არ მუშაობს ან დაფინანსების ლიმიტები მცირეა. ასეა საქართველოშიც, რაც, დაზღვევის ბუნებიდან გამომდინარე, რომელიც ასევე ფინანსური რისკების შეფასებას ეფუძნება, სრულიად ლოგიკურია. ამ ლოგიკას კი სახელმწიფომ უნდა უპასუხოს, რისი წარმატებული მაგალითებიც საქართველოშიც, საბედნიეროდ, არაერთია. შეგვიძლია გავიხსენოთ ონკოლოგიის, ტრანსპლანტაციის, იშვიათი დაავადებების, დიაბეტის მკურნალობის პროგრამები, და სხვა არაერთი მიმართულება, სადაც სახელმწიფო დაფინანსება პაციენტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზაა.

თუმცა, ქრონიკული და იშვიათი დაავადებების სიმრავლიდან გამომდინარე, მსგავსი მხარდაჭერა ყველა პაციენტისთვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. გარკვეული დიაგნოზის მოქალაქეები კვლავ დაზღვევისა და სხვა ფინანსური მექანიზმების გარეშე რჩებიან, რის გამოც მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა ხშირად საცხოვრებელ რეგიონზეც ხდება დამოკიდებული.
საქართველოში უკვე ჩამოყალიბდა პრაქტიკა, როცა მაგალითად, თბილისისა და აჭარის ადგილობრივი ბიუჯეტები კონკრეტული დაავადებების მკურნალობას აფინანსებს, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მცხოვრები მოქალაქეები კი, თერაპიების მაღალი ფასის გამო, მკურნალობის გარეშე რჩებიან.

ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითს იშვიათი და ქრონიკული დაავადებების მართვის პრაქტიკა წარმოადგენს. აღნიშნული სამედიცინო პროგრამები თავდაპირველად მხოლოდ თბილისსა და აჭარაში დაიწყო, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტების მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის დაფინანსება.
ამ პირველადი პროექტების წარმატებულმა შედეგებმა, მაღალმა ეფექტიანობამ და პაციენტების მხრიდან არსებულმა დიდმა მოთხოვნამ განაპირობა ის, რომ მიდგომა სრულიად შეიცვალა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ მსგავსი მოდელი ქვეყნის მასშტაბით უნდა დანერგილიყო. შედეგად, პროგრამა გავრცელდა მთელ საქართველოზე და დღეს ეს სახელმწიფო დახმარება უკვე თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები პაციენტისთვის.

2025 წლის ნოემბრის მონაცემებით, აღნიშნულ წელს პროგრამით უკვე 120-ზე მეტმა პაციენტმა ისარგებლა, ხოლო 2023 წლიდან დღემდე — 300-ზე მეტმა ადგილობრივმა. პროგრამის უახლოეს მონაცემებსა და მისი ეფექტიანობის შეფასებას Jandacva.ge აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდება.

სპეციალისტების თქმით, აღნიშნული პროგრამის დანარჩენ საქართველოში დანერგვა აუცილებელია, ცხადია, მკურნალობის სტანდარტების მკაფიო განსაზღვრისა და მისი სათანადოდ დანერგვის პირობებში. მათი თქმით, საქმე ეხება ათასობით ადამიანის სიბრმავისგან გადარჩენას. ესაა დაავადება, რომელიც არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ პიროვნების ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავს — მის სოციალიზაციას, პროფესიულ რეალიზაციას, ახლობლებთან ურთიერთობას და მათზე ზრუნვას...

...........

შაქრიან დიაბეტთან დაკავშირებულ პათოლოგიურ ცვლილებებს შორის თვალის პრობლემები ყველაზე გავრცელებული და ვერაგი გართულებაა — ესაა დიაბეტური რეტინოპათია, რომელიც დიაბეტიან პაციენტებში სიბრმავის მთავარი და ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობა გულისხმობს ანტიანგიოგენეზური პრეპარატებით თვალშიდა ინექციებს, რომლებსაც ბადურის დაავადებების სამკურნალოდ ალტერნატივა არ გააჩნია. არსებობს დიაბეტის საკმაოდ წარმატებული სახელმწიფო პროგრამა, თუმცა ის კომპლექსური არ არის და თვალის ჯანმრთელობის კომპონენტს არ მოიცავს. შედეგად, უამრავი პაციენტი, რომლებსაც ამ მედიკამენტების საკუთარი სახსრებით შეძენა არ შეუძლიათ, მკურნალობის გარეშე რჩება.

სწორედ ამიტომ საუბრობენ სპეციალისტები დიაბეტის პროგრამის გაფართოების აუცილებლობაზე — მისი კომპლექსური მართვა პაციენტებს მხედველობის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემდა და მათი ცხოვრების ხარისხს სრულფასოვნად დაიცავდა.
ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი რამაზ ყურაშვილი ამბობს, რომ თვალი დიაბეტის დროს უფრო ხშირად ზიანდება, ვიდრე სხვა რომელიმე ქრონიკული დაავადების შემთხვევაში. მისი თქმით, საქართველოში ეს პრობლემა დაახლოებით 100 ათასი ადამიანისთვისაა აქტუალური და საჭირო, რომ მათ დიაბეტური რეტინოპათია დროულად შეაჩერონ.

დიაბეტი თვალებამდე ასე აღწევს: სისხლში გლუკოზის მაღალი დონე აზიანებს ბადურის სისხლძარღვებს. დაზიანებული სისხლძარღვებიდან სითხე ჟონავს, რაც შეშუპებას იწვევს. ჟანგბადის შიმშილის გამო კი თვალში პათოლოგიური სისხლძარღვების ზრდა იწყება. ეს პროცესი იწვევს სისხლჩაქცევებსა და ნაწიბურების განვითარებას. ამას კი საბოლოოდ მხედველობის მკვეთრ დაქვეითებამდე ან მის სრულ დაკარგვამდე მივყავართ.

რამაზ ყურაშვილის თქმით, სწორედ ამიტომაა აუცილებელი, მკურნალობა დროულად დაიწყოს. მისი განმარტებით, ოფთალმოლოგის მიერ დანიშნული თვალშიდა ინოვაციური პრეპარატები — anti-VEGF ინექციები ხანგრძლივი და მაქსიმალური შედეგის მომტანია. ეს მედიკამენტები გამოირჩევა გრძელვადიანი, კუმულაციური ეფექტით, წინა თაობის პრეპარატისგან განსხვავებით, პაციენტის განკურნებას იწვევს.

"დაავადების ფარული ბუნების მიუხედავად, ენდოკრინოლოგის სწორი კომუნიკაციითა და ოფთალმოლოგთან დროული თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია რადიკალურად შევცვალოთ სტატისტიკა და პაციენტები სიბრმავისგან ვიხსნათ. თუმცა, დიაბეტს, თავისთავად, მთელი ცხოვრების განმავლობაში სჭირდება მართვა. ჩვენს ქვეყანაში ენდოკრინოლოგების რაოდენობაც საკმარისია და ოფთალმოლოგებისიც. შედეგებიც კარგი გვაქვს — საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით პირველ სამეულში ვიყავით. რაც მთავარია, ქართველი ექიმები პაციენტებს უმაღლეს დონეზე უვლიან“,ამბობს რამაზ ყურაშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ ახლო მომავალში ქართველ პაციენტებსაც ისეთივე წვდომა ექნებათ ინოვაციურ, მხედველობის გადამრჩენელ პრეპარატებზე, როგორც ევროპის არაერთი ქვეყნის მცხოვრებლებს.

"ჩვენ მოწინავე ქვეყნების შემდგომ პოზიციებზე ვიმყოფებით. ამიტომ დრო არ უნდა დავკარგოთ და უნდა ვიჩქაროთ, რომ ამ პროგრამებში ისევე ჩავერთოთ, როგორც განვითარებული ქვეყნები. ამით ჩვენ ადამიანებს მხედველობას შევუნარჩუნებთ და მივცემთ საშუალებას, თავი დაიცვან სიბრმავისგან“, განაცხადა რამაზ ყურაშვილმა.

ამ პოზიციას იზიარებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი — ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა საქართველოს — დირექტორი და დამფუძნებელი ნინო კარანაძე. მისი თქმით, ანტიანგიოგენეზური პრეპარატების თვალშიდა ინექციების დაფინანსება არ არის მხოლოდ სამედიცინო ჩარევა, არამედ პაციენტების სიცოცხლის ხარისხის შემანარჩუნებელი ინვესტიციაა.

“აჭარის რეგიონში უკვე არსებობს შესაბამისი პრეცედენტი, რაც ადასტურებს, რომ მსგავსი მოდელის დანერგვა რეალურია. ასევე მნიშვნელოვანია გავიხსენოთ წარმატებული მაგალითი, როდესაც სახელმწიფომ გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები შეიტანა დაფინანსების პროგრამაში. მართალია, აღნიშნული პრეპარატები შედარებით ნაკლებად ძვირია, მაგრამ მათი საჭიროება ძალიან დიდია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულად ვუერთდები ინიციატივას, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს დიაბეტური რეტინოპათიის მქონე პაციენტებისთვის ანტიანგიოგენეზური ინექციების დაფინანსების უზრუნველყოფას. ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც დაავადების პროგრესირების შეჩერების, ისე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით“. ამბობს კარანაძე.

გამომდინარე იმ პრაქტიკიდან, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამა თუ იმ პროგრამის დაწყებამდე, როგორც წესი, კონსულტაციებს დარგის წარმომადგენლებთან მართავს, პაციენტებსა და მათ მკურნალ ექიმებს აქვთ საფუძვლიანი მოლოდინი, რომ, როგორც ეს არაერთი დაავადების შემთხვევაში მოხდა, პრეპარატების ეფექტიანობის მტკიცებულებების გაცნობისა და სამკურნალო პროტოკოლის მკაცრი კონტროლის პირობებში, სამინისტრო ამ პროგრამას მთელი ქვეყნის მასშტაბით აამოქმედებს. ეს იქნება გართულების პრევენციაში ჩადებული თანხა, რომელსაც სახელმწიფო დაიბრუნებს, როგორც ფინანსური კუთხით (მას აღარ მოუწევს არდამდგარი, რთულად სამკურნალო შემთხვევების დაფინანსება), ისე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობისა და სრულფასოვანი სიცოცხლის შენარჩუნების სახით.

საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში შაქრიანი დიაბეტი 13 131 ადამიანს დაუდასტურდა. წინა წელს ეს მაჩვენებელი 12 149 იყო, 2022 წელს კი — 9 668. ეს ციფრები ნათლად აჩვენებს, რომ დაავადების გავრცელება წლიდან წლამდე მზარდია.
საერთაშორისო დარგობრივი ორგანიზაციების მონაცემებით, დიაბეტის მქონე პაციენტებში თვალის დაავადებების განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია. თუმცა, რეგულარული მონიტორინგის, დაავადების დროული აღმოჩენისა და თანამედროვე მკურნალობის შემთხვევაში, ეს რისკი მნიშვნელოვნად მცირდება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 21-ე საუკუნის მედიცინის მთავარი პრინციპები — სკრინინგი, პრევენცია და დროული მკურნალობა რეალურად მუშაობს. ამ პრინციპების განხორციელებისთვის კი აუცილებელია, როგორც პაციენტების მაღალი ცნობიერება, ისე შესაბამისი ფინანსური რესურსები.

მსოფლიოში უკვე მრავალი წელია წარმატებით გამოიყენება ინოვაციური პრეპარატები — თვალშიდა ინექციები, რომლებიც მხედველობის გაუარესებასა და სიბრმავესაც კი აფერხებს. საქართველოში კი არც სახელმწიფო პროგრამები და არც სადაზღვევო კომპანიები ამ მკურნალობას პრაქტიკულად არ აფინანსებენ.

არსებობს სიბრმავის გამომწვევი ოთხი ძირითადი დაავადება: გლაუკომა, კატარაქტა, მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია და დიაბეტური რეტინოპათია (დიაბეტური მაკულის შეშუპება). პირველი ორი დაავადების მკურნალობა სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება, ხოლო ბოლო ორის შემთხვევაში მკურნალობა პაციენტებისთვის ფაქტობრივად ხელმისაწვდომი არ არის.
ისინი სახელმწიფოსგან ელოდებიან, რომ არაერთ ქვეყანაში გამოცდილი, დამტკიცებული მედიკამენტები საქართველოში მცხოვრები ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება.