ისტორიის მასწავლებელი შალვა მინდაძე, რომელიც არასდროს ჩერდება
ფოტო: საქართველოს ბანკი
"რაც თავი მახსოვს, არასოდეს მყოფნიდა ერთი საქმე. აქაც შენ ხარ? — ეს კითხვა ხშირად მესმოდა ბავშვობაში. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა უკვირდათ. არადა, ერთდროულად დავდიოდი ცეკვაზე, ფორტეპიანოზე, ფეხბურთზე, ფანდურის წრეზე, ვგალობდი ტაძარში და კიდევ ვფიქრობდი, რით დავკავებულიყავი. თამაშის დროს ხშირად ვიყავი მასწავლებლის როლში და მე-11 კლასში უკვე მოსწავლეც რეალურად მყავდა".
ფოტო: საქართველოს ბანკი
შალვა მინდაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი 2025 წელს გახდა. კანდიდატებს შორის ის ყველაზე ახალგაზრდა ისტორიის პედაგოგი იყო, რომელსაც უკვე შექმნილი ჰქონდა ასობით თანამედროვე სასწავლო რესურსი. შალვა ამ მასალებს დღესაც აზიარებს საჯაროდ და ბევრ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, სრულიად ახალი მიდგომით ისარგებლოს — დაინტერესდეს ისტორიით, გაიუმჯობესოს ცოდნა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ისე გააგრძელოს, რეპეტიტორთან მომზადებაც არ დასჭირდეს. ის არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით და არ ჩერდება განვითარების გზაზე.
"სულ პატარა ვიყავი, იარაღის კეთება რომ დავიწყე. ჯერ ხისგან ვამზადებდი, მერე სხვა მასალაც ვსინჯე. სხვადასხვა ეპოქის იარაღი მაინტერესებდა. ნაპოლეონის ხანის დამბაჩები კი, ყველაზე დიდი გატაცება იყო. ტყვიებად ხურდა ფულს ვიყენებდი. ყველა თამაში, რომელიც კომპიუტერში მქონდა, ისტორიული შინაარსის, სათავგადასავლო ან იარაღთან კავშირში იყო. მგონი, მაშინ აღმოვაჩინე, რომ ისტორია იყო საგანი, რომელიც ყველაზე მეტად მიტაცებდა.
სკოლა წინანდალში დავამთავრე და თელავის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. თბილისში მინდოდა სწავლა, მაგრამ ეს ხარჯთან იყო დაკავშირებული — ჩემ გამო ბებია სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა.
ვსწავლობდი, მაგრამ ვერ ვისვენებდი, მუსიკა მიტაცებდა და ვფიქრობდი, კონსერვატორიაში ხომ არ გამეგრძელებინა სწავლა. წინანდალში მუსიკალური შვიდწლედი დამთავრებული მქონდა, მაგრამ კონსერვატორიაში ჩასაბარებლად თელავის ათწლედის დამთავრებაც გადავწყვიტე და მესამე კურსელი მუსიკალური სკოლის მე-7 კლასში დავჯექი. სოლფეჯიოში არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა, რომელიც ჩემი ცხოვრების მასწავლებელიც გახდა. მან მირჩია, კარგი ისტორიკოსი დადგები და მაგ პროფესიას არ უღალატოო. დავუჯერე, თუმცა, მუსიკალური ათწლედი მაინც დავამთავრე და არასდროს მინანია.
ფოტო: საქართველოს ბანკი
ერთ ზაფხულს შალვა ამონაშვილის ბანაკში მოვხვდი და იქვე დავიწყე მუშაობა. იქ გავიგე, რა იყო ჰუმანური პედაგოგიკა და მასწავლებლობის სურვილიც იქ გამიჩნდა.
2017 წელს აბიტურიენტებისთვის პირველად შევქმენი ფეისბუკ გვერდი ისტორიაზე. ვწერდი ვიდეოგაკვეთილებს და მგონი, პირველი ვიყავი, ვინც ამის კეთება დაიწყო. გაკვეთილს კითხვა-პასუხი და დისკუსია მოჰყვებოდა. ამ პლატფორმის დახმარებით არაერთმა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები. ასევე შევქმენი და ვმართავდი გვერდს "ისტორიკოსი", რომელსაც ათასობით გამომწერი ჰყავდა. მასალების შექმნაზე დიდ სარედაქციო ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი. ეს გვერდი ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა, სამწუხაროდ, დაგვარეპორტეს და წაიშალა, მასთან ერთად კი 300 სტატია, 200-ზე მეტი ვიდეოგაკვეთილი და ლექცია. ასევე წაიშალა ჩემი მეგობრების და კოლეგების გვერდები. საშინელი სტრესი იყო. ვაპირებდი, ყველაფრისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ მეგობარმა თავისი გვერდი მაჩუქა და უარის თქმა ვერ შევძელი. ყველაფრის მოგროვება თავიდან დავიწყე — ვიდეოების, სტატიების, ნათარგმნი მასალების, დოკუმენტური ფილმებისა და სერიალების — მოკლედ, ყველაფრის, რაც ისტორიის სწავლებასა და გააზრებაში ეხმარება მოზარდს.
ფოტო: საქართველოს ბანკი
2021 წელს, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, ილიას უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე განვაგრძე სწავლა და შუა საუკუნეების მკვლევარი გავხდი. პარალელურად კი, მარნეულის სკოლაში დავიწყე მუშაობა. ჩემი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ არაქართულენოვან ბავშვებს ისტორიით დავაინტერესებდი. მაძიებელ მასწავლებლად დავიწყე და 4 თვეში უფროსი მასწავლებელი გავხდი. სკოლაში ისტორიკოსთა კლუბი შევქმენი და ხშირად სკოლის გარეთ თავისუფალ გაკვეთილებს ვატარებდი. მკაცრ წესებს მიჩვეულ ბავშვებს ძალიან მოსწონდათ ასეთი სწავლება. თუმცა დღევანდელი გადასახედით მაშინ ჯერ კიდევ მკაცრი ვიყავი. ახლა თბილისის 70-ე საჯარო სკოლაში ვასწავლი. აქ კიდევ უკეთ მივხვდი, როგორი უნდა იყოს პედაგოგი — რაც მთავარია, ჰუმანური. ბავშვთან უნდა ჩახვიდე, თანასწორი უნდა იყო და სრულიად თანამედროვე, ციფრულ და ინტეგრირებულ მეთოდებს იყენებდე სწავლებისას.
ვეცადე, დღემდე არსებული ყველა საუკეთესო პრაქტიკა შემერწყა და შევქმენი მეთოდოლოგია, რომელსაც "კოსმოსური ოდისეა" დავარქვი. სწავლებისას ვიყენებ დოკუმენტურ ფილმებს, რომლებსაც მე ვთარგმნი და ვახმოვანებ, თამაშებს და სხვა, ბავშვებისთვის საინტერესო ხერხებს. როგორც გითხარით, ეს ყველაფერი ჩემს გვერდზეც იტვირთება, რათა ჩემი მოსწავლეების გარდა, ნებისმიერი მოზარდი, ახალგაზრდა ან სულაც დაინტერესებული ადამიანი სარგებლობდეს ამ სიკეთეებით.
და კიდევ, მასწავლებლის ბლოგი შევქმენი, სადაც ჩემი მოსწავლეების პრობლემებზე ვლაპარაკობ, განსაკუთრებით სკოლაში უსაფრთხო გარემოს მნიშვნელობაზე. სახელებს არ ვასახელებ, მაგრამ რადგან სააშკარაოზე გამომაქვს ყველაფერი, ვგრძნობ, სკოლაში სიტუაცია როგორ იცვლება უკეთესობისკენ.
ასეთი ცვლილებებისთვის არასდროს გავჩერდები. ხვალ სხვა გამოწვევები იქნება და მეც გავაგრძელებ შესაბამის გარდაქმნას, პირველ რიგში საკუთარი თავის, რომ მოსწავლეებს განვითარების მაქსიმალური შესაძლებლობა მივცე".
საქართველოს ბანკი იმ ადამიანების აღმოჩენას განაგრძობს, რომლებიც არ ჩერდებიან. იმისათვის, რომ მათი გამოცდილების შესახებ კიდევ უფრო მეტმა გაიგოს და თითოეული ისტორია მოტივაციად იქცეს, გთავაზობთ სტატიების სერიას, რომელიც მკითხველს დაუღალავი, გაუჩერებელი წინსვლისა და განვითარების შესახებ უამბობს.
კომენტარები