Google Earth-ის ახალი ფრენის სიმულატორით მსოფლიოს გარშემო ფრენა შეგიძლიათ
ფოტო: Google Earth
Google Earth-მა ბრაუზერისთვის ფრენის სიმულატორის ახალი ვერსია გამოუშვა — ეს ფუნქცია თავიდან, 2007 წელს, Google Earth-ის დესკტოპ ვერსიაში "დამალულ" ფუნქციად (Easter egg) გამოჩნდა, ახლა კი პირველადაა ხელმისაწვდომი უშუალოდ ბრაუზერში, აპლიკაციის ჩამოტვირთვის გარეშე.
12 ივნისს, Google Earth-ის გუნდმა X-ში გამოაცხადა, რომ ფრენის სიმულატორი ახლა ვებში გლობალურად ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. განახლება იმ ცვლილებების ნაკრების ნაწილია, რომელიც ვებ-ვერსიას დესკტოპის პროფესიონალურ ფუნქციებთან აახლოებს, მათ შორის, სიმაღლის პროფილებისა და ახალი იმპორტის ტიპების დამატებას, რაც მხოლოდ Google Earth Pro-ში იყო ხელმისაწვდომი.
როგორ ვიფრინოთ?
ფრენისთვის საჭიროა earth.google.com-ზე გადასვლა, "Explore Earth"-ზე დაწკაპუნება, "Tools" მენიუს გახსნა და იქიდან "Flight simulator"-ის არჩევა. სტანდარტულად სიმულატორი აჩვენებს აბსტრაქტულ საბაზო რუკას, რელიეფის გარეშე. ფოტორეალისტური სატელიტური გამოსახულების სანახავად, საჭიროა, საბაზო რუკის ტიპის "Map"-იდან "Satellite"-ზე გადართვა.
თბილისი Google Earth-ის ფრენის სიმულატორში
ფოტო: Google Earth
მართვა შესაძლებელია კლავიატურით: მართვა მთლიანად ხდება ისრის ღილაკებითა და სიჩქარის რეგულირებისთვის Page Up/Page Down ღილაკებით. გამოსახულება დინამიკურად ჩაიტვირთება, ფრენისას 3D შენობები და მაღალი გარჩევადობის გამოსახულებები ჩანს, ხოლო მაღალ სიჩქარეზე ან სუსტ ინტერნეტ-კავშირზე ჩატვირთვა შეიძლება შეფერხდეს.
ჯერჯერობით ფუნქცია მხოლოდ ვებზეა ხელმისაწვდომი, დესკტოპ აპლიკაციაში ან მობილურზე არ მუშაობს.
კომენტარები