თეატრი ყუმურში, საკუთარ სახლში — ქეთევან ადეიშვილის ამბავი
ფოტო: საქართველოს ბანკი
"როცა სოფელს სძინავს, მე ან დეკორაციას ვამზადებ, ან კოსტიუმს ვკერავ, ზოგჯერ სცენარს ვწერ წარმოდგენისთვის, ხან ძველ ნივთებს ვეძებ და რესტავრაციას ვუკეთებ. რა ვქნა აბა, სოფელში ისევე სჭირდებათ თეატრი, როგორც ქალაქში, ლექსსაც ისევე კითხულობენ და სიმღერასაც მღერიან".
ქეთევან ადეიშვილმა სოფელ ყუმურში, საკუთარ სახლში, ბავშვებისთვის თეატრის მოწყობა 8 წლის წინ დაიწყო. საკუთარი ხელით მოანგრია კედლები პირველ სართულზე და ისე მოაწყო გარემო, რომ იქ მისვლა ბავშვებს გახარებოდათ.
თუმცა, ქეთევანის და მოზარდების ურთიერთობის ისტორია გაცილებით ადრე იწყება. მისი აღზრდილების თაობები ცვლიან უკვე ერთმანეთს სოფელშიც და რეგიონშიც. მასთან წლების წინ მისული ბავშვები, დღეს უკვე მშობლები არიან და შვილები დაჰყავთ ქეთევანთან.
ის კი ზუსტად იგივე შემართებით და ენერგიით ხვდება ყველა ბავშვს, აყვარებს თეატრს, წიგნს, სიმღერას და სამყაროს, რომელსაც ხშირად თვითონ აფერადებს.
ფოტო: საქართველოს ბანკი
"40 წელია ვმუშაობ. ჩვენი სოფლის სკოლაში მუსიკას ვასწავლი. ამ ხნის განმავლობაში 785 ღონისძიება მაქვს ჩატარებული, 44 კი — ჩემს სახლში, ჯერ კიდევ დაუსრულებელ თეატრში.
ვმართავ პოეზიის საღამოებს, სპექტაკლებს, მეჯლისებს. მსახიობებიც და მომღერლებიც ბავშვები არიან. ვერ წარმოიდგენთ, როგორ უყვართ და უხარიათ აქ ყოფნა, რა ინტერესით აკეთებენ ყველაფერს. ზუსტად ვიცი, როცა ბავშვს მოტივაციას აძლევ და ხელს უწყობ, ყველაფერს მიაღწევს.
რა ქნან სოფელში ბავშვებმა, აქ არაფერი ხდება. სკოლა რომ მთავრდება, სახლში ხომ არ ისხდებიან. ჰოდა, ამიტომ არ ვჩერდები.
იციან, რომ ჩემი სახლი ყოველთვის ღიაა მათთვის, აქ ხვდებათ სითბო, საჭმელი და ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ — სახალისო თამაშები და ღონისძიებები, გამოგონილი და შთამბეჭდავი ამბები, ზღაპრული სამყარო, სადაც მუდმივი შემეცნება და ძიება მათ საინტერესო აღმოჩენებთან მიიყვანს.
ფოტო: საქართველოს ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
ცოტა ხნის წინ, დედამიწის დღესთან დაკავშირებით ეზოში ღონისძიება გავმართეთ. მთელი კარ-მიდამო ჩემი გაკეთებული ჭიამაიებით იყო მოფენილი. უნდა გენახათ, როგორ ეფერებოდნენ, რამდენ კითხვას სვამდნენ.
ჩვენი დადგმული წარმოდგენებიდან განსაკუთრებით უყვართ: მე, ბებია, ილიკო და ილარიონი; იავნანამ რა ჰქმნა?!; საშობაო დღესასწაული; წყალნი წავლენ და წამოვლენ — ყველას ვერ ჩამოვთვლი. ჩემი ბავშვების მშობლებიც ჩემი ყოფილი მოსწავლეები არიან. ისინიც გვეხმარებიან კონცერტებზე.
მე თვითონ ვდგამ ცეკვასაც, ქორეოგრაფიც ვარ და კოსტიუმის მხატვარიც. ეს საქმე თან მიყვარს და თან მწირი რესურსების გამო მიწევს ყველაფერზე თავად ვიზრუნო.
ვცდილობ, ბავშვები ფესტივალებზე ვატარო. ნიჭიერები არიან და წარმატებასაც აღწევენ. პირველკლასელები უკვე ისე უკრავენ, გაგიკვირდებათ. მუზეუმებში დამყავს. შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან და იდეებიც უჩნდებათ. იაკობ გოგებაშვილის მუზეუმში საღამოს მოწყობაც გადავწყვიტეთ და უახლოეს მომავალში მოვახერხებთ კიდეც.
ფოტო: საქართველოს ბანკ
ჩემი თავისთვის პირობა მაქვს მიცემული, უფროსკლასელები ზაფხულში ზღვაზე უნდა წავიყვანო. დავპირდი და შევუსრულებ.
ახლა წიგნს ვწერ. სათაური ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ შეიძლება ერქვას "დავიღალე". მართლა ძალიან დავიღალე. ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ დავანებო ყველაფერს თავი-მეთქი. თუმცა მანამდე, აგვისტოში, ჩემს სახლში 8 წლის წინ დაწყებული საბავშვო თეატრი ოფიციალურად უნდა გავხსნა. გახსნამდე ერთი კვირით ადრე ნამდვილი დღესასწაული დაიწყება: ერთი დღე ხატვა, მერე სიმღერა, მხატვრული კითხვა, ხელნაკეთობის დღე და ბოლოს — წარმოდგენა და გახსნა. ბევრი სტუმარი მეყოლება.
მერე უხუცესებისთვის სტუდია უნდა გავაკეთო, ჩემი სახლის ეზოში კი სოფლის მუზეუმი. არქივზე უკვე ვიმუშავე. ფოტოებიც შევკრიბე, ისტორიებიც. აქ რომ ჩამოვა ადამიანი, ჩემს ეზოში გაიცნობს ჩვენი სოფლის ისტორიას — არაჩვეულებრივი ხალხის ცხოვრებას აქ.
ფოტო: საქართველოს ბანკი
ზაფხულში ეზოში ბანაკს გავაკეთებ. ჰამაკების ნაწილი უკვე ვიყიდე. ერთად ისადილებენ, გაერთობიან, იმეცადინებენ, იმღერებენ.
ბავშვი ყველა კეთილია. თუ გიცინის — უყვარხარ. თუ არ გიცინის — დაეჭვებულია და ნდობის მოპოვება გჭირდება. მე მენდობიან.
მე არ ვიცი, რა ევალებათ სხვებს, მე ვიცი, რა მევალება მე — რაც მაქვს, ყველაფერი უნდა გავცე.
მოკლედ, წიგნის ბოლო გვერდებს ცარიელს დავტოვებ და მერე რაც მოხდება, ხელით მივაწერ”.
საქართველოს ბანკი იმ ადამიანების აღმოჩენას განაგრძობს, რომლებიც არ ჩერდებიან. იმისათვის, რომ მათი გამოცდილების შესახებ კიდევ უფრო მეტმა გაიგოს და თითოეული ისტორია მოტივაციად იქცეს, გთავაზობთ სტატიების სერიას, რომელიც მკითხველს დაუღალავი, გაუჩერებელი წინსვლისა და განვითარების შესახებ უამბობს.
კომენტარები