ზღვის კიტრის სხეულის მოკვეთილი ნაწილები სიცოცხლეს წლობით აგრძელებს — კვლევა
ფოტო: Sara Jobson (Mercier Lab, MUN)
Psolus fabricii ზღვის კიტრის სახეობაა, რომელიც ახალი ნაშრომის ავტორებმა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ მოჭრის შემდეგ ქსოვილის ნაწილებს დამოუკიდებლად შეუძლიათ სიცოცხლე, მათ შორის, ჭრილობების შეხორცება და საკვები ნივთიერებების მიღება. ამისთვის მათ პირი ან საჭმლის მომნელებელი სისტემა საერთოდ არ სჭირდებათ.
ადამიანების შემთხვევაში მსგავსი რამ წარმოუდგენელია. მოჭრილი სხეულის ნაწილი ჩვენ გარეშე წლების განმავლობაში ნამდვილად ვერ იარსებებდა. ზღვის კიტრის შემთხვევაში ეს სრულიად შესაძლებელია: ქსოვილის ნაწილების მოჭრის შემდეგ ეს ფრაგმენტები თავისით ხორცდება და 3 წელზე მეტხანსაც კი აგრძელებს დამოუკიდებლად არსებობას.
მოჭრილი ფრაგმენტები საკვებ ნივთიერებებს საჭმლის მომნელებელი სისტემის გარეშე, პირდაპირ ზღვის წყლიდან იღებს.
ცნობილი ფაქტია, რომ ზღვის კიტრებს რეგენერაცია განსაკუთრებულად კარგად გამოსდით. ამის მიუხედავად, მეცნიერებს ვერ წარმოედგინათ, რომ დაკარგული სხეულის ნაწილები სიცოცხლეს აგრძელებდნენ. ამის შემდეგ მსგავსი ექსპერიმენტები გენეტიკურად მსგავს სახეობებზეც ჩაატარეს, თუმცა მსგავსი უნარი ვერც ერთ მათგანში ვერ იპოვეს.
აღნიშნული ფენომენის ზუსტ მიზეზს მეცნიერებმა ვერ მიაკვლიეს. მათი ვარაუდით, შეიძლება ეს ქსოვილები ბიოსინთეზურ ნაერთებს შეიცავდეს, რომლებიც ბაქტერიების შემოსევას უშლის ხელს.
ეს დამოუკიდებლადაც საოცარი აღმოჩენაა, თუმცა კიდევ უფრო აღსანიშნავი ისაა, რომ ეს მიგნება ქსოვილების "უკვდავების" შესახებ მეცნიერების წარმოდგენას სრულიად ცვლის. შესაძლებელია, რომ სამომავლოდ მკვლევრებმა ექსპერიმენტების ცხოველებზე ჩატარების ნაცვლად მხოლოდ მათი ფრაგმენტი გამოიყენონ.
ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები