პროკურატურის განცხადებით, გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

"საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები," — ვკითხულობთ განცხადებაში.

"ქართლის ამბებმა" გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობს ფიზიკურად 10-მდე სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცზე.

მათი ცნობით, სამართალდამცავებმა უკვე განეიტრალებულ კაცზე იძალადეს, რომელიც მიწაზე იწვა და პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევდა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ კაცს "ცივი იარაღი" ჰქონდა და ამის გამო დააკავეს.

შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლებაში მოხდა. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.