ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა. მას სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტში ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ირანის ელჩი კაზემ ჯალალი და რუსეთის ოფიციალური პირები დახვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

მანამდე, რუსეთში ირანის ელჩმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აბას არაღჩი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

"ქვეყნის ინტერესების წინ წასაწევად და საგარეო მუქარების ფონზე მიმდინარე დიპლომატიური ჯიჰადის ფარგლებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სანკტ-პეტერბურგში ვიზიტისას, ორშაბათს, შეხვდება რუსეთის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს", — დაწერა კაზემ ჯალალიმ.

კვირას, მასკატში ვიზიტისა და ომანის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ, არაღჩი ბოლო სამ დღეში მეორედ გაემგზავრა ისლამაბადში. მოსკოვში გაფრენამდე მან ხანმოკლე გაჩერებისას შეხვედრები გამართა პაკისტანელ მაღალჩინოსნებთან.