ალბერტ ჰოფმანმა LSD-ის ჰალუცინაციური ეფექტები შემთხვევით 1943 წლის აპრილში აღმოაჩინა. 1986 წელს მან BBC-ს უამბო ლაბორატორიიდან სახლში ველოსიპედით მგზავრობის "დამზაფრავი" ისტორია, და როგორ შეცვალა სამყარო მისმა "პრობლემურმა შვილმა".

სინთეზის დასასრულს ძალიან უცნაურ ფსიქიკურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. წარმოიშვა ერთგვარი სიზმრის სამყარო, სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნება

დოქტორი ალბერტ ჰოფმანი, შვეიცარიელი ქიმიკოსი, ქალაქ ბაზელის ფარმაცევტულ ფირმაში რუტინულ ექსპერიმენტზე მუშაობდა, როდესაც შემთხვევით წააწყდა აღმოჩენას, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. მისი პირველი გამოცდილება იმასთან, რაც მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც LSD, იყო ნაზი და დამაინტრიგებელი. მისმა გადაწყვეტილებამ, სამი დღის შემდეგ ფსიქოდელიური ნარკოტიკი მიეღო, გამოიწვია შემზარავი ხილვები და ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო გასეირნება ველოსიპედით.

გაფრთხილება: ეს სტატია შეიცავს ნარკოტიკების მოხმარების დეტალურ აღწერას

ისტორია დაიწყო 1943 წლის 16 აპრილს, პარასკევს, როდესაც ჰოფმანი ამზადებდა ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდის ახალ პარტიას, ნაერთის, რომელიც მანამდე ხუთი წლის წინ დაასინთეზა. 37 წლის მეცნიერი სწავლობდა სამკურნალო მცენარეებს ჭვავის რქაზე (სოკო, რომელიც იზრდება სიმინდზე/მარცვლეულზე) ექსპერიმენტებით, რათა ენახა, დაეხმარებოდა თუ არა მისგან მიღებული პრეპარატი მეანებს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის თავიდან აცილებაში. მისი გერმანული სახელწოდების, Lysergsäurediethylamid-ის გამო, ნაერთი ახლა უკვე ფართოდ არის ცნობილი როგორც LSD.

ოთახმა და ნივთებმა მიიღეს განსხვავებული ფორმა, განსხვავებული ფერი, განსხვავებული მნიშვნელობა

1986 წელს BBC-სთან ინტერვიუში ჰოფმანმა თქვა, რომ მისმა მოულოდნელმა პირველმა გამოცდილებამ ამ ნივთიერებასთან გაახსენა ბავშვობის "მისტიკური" მომენტები ტყეებსა და კორომებში. "ბუნების ჭეშმარიტი ასპექტების, სილამაზის დანახვის" შეგრძნებამ იგი ბედნიერებით აავსო. ჰოფმანი დაინტერესდა, იყო თუ არა ეს სასიამოვნო და სიზმრისეული მდგომარეობა რაიმე სახით დაკავშირებული LSD-ის კრისტალებთან, რომლებსაც ის წმენდდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ნაერთი განზრახ არ მიუღია, შესაძლოა მცირე რაოდენობა თითებზე მოხვდა. ეს მიანიშნებდა, რომ ნივთიერება ძალიან ძლიერი იყო. მან გადაწყვიტა ეს საკუთარ თავზე ექსპერიმენტის ჩატარებით გაერკვია, როდესაც ორშაბათს სამსახურში დაბრუნდა.

ალბერტ ჰოფმანი, ქიმიკოსი, რომელმაც პირველად დაასინთეზა LSD; გადაღებულია 1976 წელს.

ფოტო: ნოლდი კონგი / RDB / Getty Images

ბუნებით ფრთხილმა, დაიწყო მისი აზრით ყველაზე მცირე დოზით, რასაც ეფექტის მოხდენა შეეძლო. "დავიწყე 0,25 მილიგრამით,“ — იხსენებდა იგი და გეგმავდა რაოდენობის გაზრდას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არაფერი მოხდებოდა — "მაგრამ ეს ძალიან მცირე დოზა, ჩემი დაგეგმილი ექსპერიმენტების პირველი დოზა, აღმოჩნდა ძალიან, ძალიან ძლიერი", — თქვა მან. პრეპარატის მიღების შემდეგ ჰოფმანმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ველოსიპედით, ბაზელის ქუჩებში ბარბაცით გაემართა სახლისკენ. მგზავრობის პროცესში ყველაფერი უცნაური გახდა. მისი ხედვა დაამახინჯდა, თითქოს მრუდე სარკეში იყურებოდა. იმ დროისთვის, როდესაც სახლამდე მიაღწია, მისი რეალობის აღქმა დარღვეული იყო.

კეთილი მეზობელი თითქოს ალქაჯად გადაიქცა

როდესაც ჰოფმანი თავის მისაღებ ოთახში შევიდა, შეაძრწუნა იმის ხილვამ, როგორ სრულად შეცვლილი ჩანდა. "თვითონ ოთახს და ამ ოთახში არსებულ საგნებს ჰქონდათ სრულიად განსხვავებული ფორმა, განსხვავებული ფერი, განსხვავებული მნიშვნელობა", — განუცხადა მან BBC-ს. ჩვეულებრივი სკამიც კი "ცოცხალ ობიექტად" ჩანდა, თითქოს ის შიგნიდან მოძრაობდა. "ეს იმდენად უჩვეულო იყო, რომ მართლა შემეშინდა, ხომ არ შევიშალე", — თქვა მან.

უცნაური ჰალუცინაციები მთელ საღამოს გაგრძელდა. კეთილი მეზობელი, რომელმაც მას რძე მოუტანა, როგორც ანტიდოტი, თითქოს ალქაჯად გადაიქცა. "ზოგჯერ ჰოფმანი გრძნობდა, თითქოს მკვდარი იყო და ჯოჯოხეთში მოხვდა", — ამბობს BBC-ის რეპორტიორი. ქიმიკოსმა ნორმალურ სამყაროში დაბრუნება იგრძნო პრეპარატის მიღებიდან მხოლოდ ექვსი საათის შემდეგ.

კადრი BBC-ის 1986 წლის დოკუმენტური ჩანაწერიდან, შვეიცარიელი ქიმიკოსი, დოქტორი ალბერტ ჰოფმანი, საკუთარი სახლის მისაღებ ოთახში.

ფოტო: BBC

ამ საგანგაშო გამოცდილებით შეუდრეკელმა, მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში LSD კიდევ რამდენჯერმე მიიღო, რათა მის ეფექტებს დაკვირვებოდა. LSD-ით შთაგონებული ადამიანების მიერ, იქნება ეს მეცნიერულად თუ შემოქმედებითად, მისი მგზავრობა ლაბორატორიიდან სახლში ყოველწლიურად 19 აპრილს აღინიშნება. 1985 წელს ილინოისის პროფესორმა თომას ბ. რობერტსმა ამ იუბილესთვის შემოიღო სახელი "ველოსიპედის დღე".

ჰოფმანმა მომხდარის შესახებ თავის უფროსს აცნობა ფარმაცევტულ ფირმა Sandoz-ში. იმ ეფექტიდან გამომდინარე, რაც LSD-მ მასზე მოახდინა, გამოთვალა, რომ ერთი ჩაის კოვზი საკმარისი იქნებოდა 50,000 ადამიანზე ზემოქმედებისთვის. მან და მისმა კოლეგებმა "მაშინვე გააცნობიერეს, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი აგენტი, რომელიც შეიძლება სასარგებლო ყოფილიყო ფსიქიატრიაში და კვლევებში". Sandoz-მა დაიწყო LSD-ის, როგორც ექსპერიმენტული პრეპარატის გავრცელება ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, სახელწოდებით Delysid. ზოგიერთი ფსიქიატრი ქვეცნობიერ გონებაზე მისი ეფექტის გამო (ჩახშობილი მოგონებების და ფსიქიკური კონფლიქტების გათავისუფლება) პრეპარატს პაციენტებთან იყენებდა.

LSD ვრცელდება მთელ მსოფლიოში

ამ ძლიერი ახალი პრეპარატის ეფექტებმა აშშ-ის სამხედროების ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც საიდუმლო კვლევითი პროგრამა დაიწყეს, კოდური სახელწოდებით MK-Ultra. ერთ-ერთი სამოქალაქო პირი, რომელიც ამ კვლევის დროს LSD-ის ზემოქმედების ქვეშ მოხვდა, იყო კენ კიზი, რომელიც მოგვიანებით დაწერს წიგნს ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა. მან BBC-ს უთხრა: "გადავწყვიტე, რომ ეს იყო ზედმეტად მნიშვნელოვანი საქმე იმისთვის, რომ მთავრობის ხელში დამეტოვებინა". ჯერ კიდევ ლეგალური ნარკოტიკის ჰალუცინოგენური ძალით მოხიბლულმა კიზიმ მისი გავრცელება მეგობრებს შორის დაიწყო. 1964 წელს თანამოაზრეები შეკრიბა, სახელად "მხიარული პრანკსტერები" (Merry Pranksters) და ფერადი ავტობუსით აშშ-ის გარშემო იმოგზაურა. LSD ლაბორატორიებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ჟონავდა და კონტრკულტურულ გამოცდილებას კვებავდა.

იმ დროისთვის უკვე კარგად იყო ცნობილი, რომ მომხმარებლები რისკავდნენ ე.წ. "ცუდი მოგზაურობის" გამოცდას: პანიკისა და შიშის შემაძრწუნებელ სპირალებს, რომლებსაც შეუძლიათ გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ზიანი გამოიწვიონ. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანს, ვინც LSD-ს იღებდა, სწამდა მისი პოტენციალის, შეეცვალა სამყარო უკეთესობისკენ.

მისი ერთ-ერთი ყველაზე გულმოდგინე პრომოუტერი იყო ჰარვარდის ყოფილი ფსიქოლოგი ტიმოთი ლირი, რომლის ფრაზა "ჩაერთე, განეწყე, გამოეთიშე" (turn on, tune in, drop out) ფსიქოდელიური ეპოქის განმსაზღვრელი სლოგანი გახდა. ლირიმ 1963 წელს შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანიას 100 გრამი LSD-ის შესაკვეთად მისწერა, რაც საკმარისი დოზა იყო ორი მილიონი ადამიანისთვის. წერილის ადრესატი ჰოფმანი იყო. თავისი აღმოჩენის არასამედიცინო და ბოროტად გამოყენებით უკვე შეშფოთებულმა ჰოფმანმა კომპანიას ურჩია, არ მიეწოდებინათ პრეპარატი ლირისთვის. "მაშინვე მივხვდი, რომ ეს სახიფათო იქნებოდა, რადგან ნივთიერება, რომელსაც ასეთი ღრმა ეფექტი აქვს, ფრთხილად უნდა იქნას გამოყენებული", — უთხრა მან BBC-ს.

ჰოფმანმა აღნიშნა, როგორ გამოიყენებოდა ჰალუცინოგენები საუკუნეების განმავლობაში უძველესი კულტურებისა და ადგილობრივი თემების მიერ, მაგრამ მხოლოდ რელიგიურ გარემოში და ყოველთვის "შამანის ხელში და არა საჯაროდ". თანამედროვე საზოგადოებაში, დასძინა მან, შამანის უახლოესი ეკვივალენტი არის ფსიქიატრი და ასეთი ნარკოტიკები "უნდა დარჩეს შამანის ხელში". სწორედ ამიტომ ნერვიულობდა თავიდანვე, რომ არაგონივრული და უკონტროლო გამოყენების გამო "ცუდი რამ შეიძლება მომხდარიყო". ეს შიში, მისი აზრით, მოგვიანებით გამართლდა.

1969 წლისთვის, სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე დაახლოებით მილიონზე მეტ ამერიკელს ჰქონდა გასინჯული LSD. ბევრისთვის მისი ფსიქიკური ეფექტების ბნელი მხარე დამთრგუნველი აღმოჩნდა, მაგრამ ჰოფმანი ამბობდა, რომ მას არასოდეს უგრძვნია დანაშაული, რადგან "LSD არ არის ის, რაც ცუდია". მისი მტკიცებით, სწორად გამოყენების შემთხვევაში, LSD არ იყო მავნე ნივთიერება. ის ხდებოდა "ძალიან, ძალიან სახიფათო" მხოლოდ მაშინ, როდესაც მას იღებდნენ გაუფრთხილებლად და მისი "საზოგადოებაზე და ცნობიერებაზეც კი ღრმა გავლენის" პატივისცემის გარეშე.

მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი მას გაუფრთხილებლად იღებდა, მედიაში პრეპარატის დამაზიანებელი ეფექტების შესახებ ისტორიების მზარდი რაოდენობის ფონზე, მალე გარდაუვალი გახდა სამართლებრივი რეგულირება. 1971 წლის გაეროს კონვენციით LSD მოექცა ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ მკაცრი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ და აიკრძალა ბევრ ქვეყანაში.

დღეს LSD უკანონოა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, და სადაც მისი გამოყენება დაშვებულია სამედიცინო კვლევებში, ის რჩება მკაცრი კონტროლის ქვეშ. ნარკოტიკის ძლიერმა ეფექტმა გონებაზე, ბოროტად გამოყენების მაღალმა პოტენციალმა და გრძელვადიანი "ფლეშბექების" რისკმა განაპირობა მისი კლასიფიკაცია ისეთი ნივთიერებების გვერდით, როგორიცაა კოკაინი და ჰეროინი.

ჰოფმანი 2008 წელს, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან BBC-ს უთხრა, რომ მთავარი ცოდნა, რაც LSD-ის გამოცდილებიდან მიიღო, იყო ის, რომ "რეალობა არ არის რაღაც ფიქსირებული, არამედ საკმაოდ ორაზროვანია".

მანამდე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არსებობს მხოლოდ ერთი, ჭეშმარიტი რეალობა, შემდეგ კი მივხვდი, რომ არსებობს სხვა განზომილებები

მიუხედავად იმისა, რომ მისი ავტობიოგრაფიის სათაური, "LSD: ჩემი პრობლემური შვილი", პრეპარატის მიმართ მის ამბივალენტურ დამოკიდებულებას ასახავდა, მაინც შეინარჩუნა რწმენა მისი თერაპიული პოტენციალისადმი და წერდა: "მჯერა, თუ ადამიანები ისწავლიან LSD-ის ხილვების გამომწვევი უნარის უფრო გონივრულად გამოყენებას, შესაბამის პირობებში, სამედიცინო პრაქტიკაში და მედიტაციასთან ერთად, მაშინ მომავალში ეს პრობლემური შვილი შეიძლება გახდეს საოცრება-შვილი".

ასევე ნახეთ: ჩემი ახალგაზრდობის მარიხუანა დიდი ხანია გაქრა. ნეტავ ვინმეს გავეფრთხილებინე