ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია "საფარი" ლ. ჭ.-ს მიერ ქალის გაუპატიურების შესაძლო ფაქტზე დაწყებულ საქმეში ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას "საფარი" ავრცელებს. მათვე ცნობით, ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს დაზარალებულის ინტერესების სამართლებრივად დასაცავად. ამ ეტაპზე საგამოძიებო პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს: გამოკითხულია დაზარალებული, მოწმეები და ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზები.

"საფარი მოწოდებულია დაიცვას დაზარალებული ქალის ინტერესები და უფლებები. ამჟამად, ქალის უმთავრესი სურვილი და საჭიროებაა, არ მოხდეს მისი პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. ჩვენი ორგანიზაცია სრულად იზიარებს ამ პოზიციას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაზარალებული დავიცვათ განმეორებითი ვიქტიმიზაციისგან", — წერს "საფარი" და საზოგადოებასა და მედიას მოუწოდებს, "შეწყვიტონ საქმის გარშემო სპეკულაციები. მსგავსი ქმედებები აზიანებს მსხვერპლის მენტალურ ჯანმრთელობას და საფრთხეში აგდებს მის კონფიდენციალურობას".

"საფარი მოვუწოდებთ ყველას, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, განაგრძონ გამოძიებასთან თანამშრომლობა, პატივი სცენ კანონს და მსხვერპლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

ჩვენი საქმიანობა მიმართულია მართლმსაჯულების აღსრულებისკენ მსხვერპლის უფლებების პატივისცემის გათვალისწინებით", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.