გორგასლის მე-4 შესახვევის (იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა №3) მცხოვრებთა ნაწილი უკვე 50 წელია თბილისის ამ ძველი უბნის მკვიდრია. 2026 წლის 3 აპრილს გამოცემული ბრძანების საფუძველზე, გორგასლის შესახვევში მცხოვრებ 23 ოჯახს სახლებს უნგრევენ, რათა აქ "ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრი" აშენდეს. ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, აღნიშნულ ტერიტორიას ექსპროპრიაციის სტატუსი მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ აქ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტი უნდა აშენდეს და მოსახლეობა იძულებულია, ქონება გაასხვისოს.

მარიამ ქვრივიშვილის ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ჰეიდარ ალიევის ცენტრის აშენება მნიშვნელოვანია, რადგან ის "რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ადგილი გახდება" და ორ ქვეყანას შორის "მრავალწლიანი მეგობრობის სიმბოლოს" დატვირთვა ექნება. აღნიშნული პროექტი ბიზნესცენტრების, მუზეუმებისა და თეატრის მშენებლობას გულისხმობს.


რეაბილიტაცია სახლების დანგრევამდე

ეზოს მკვიდრი მხატვარი მარიკა იზორია NEWS.On.ge-ს უყვება, რომ 2025 წელს მათი მოთხოვნის საფუძველზე სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და "ყველაფერი განახლდა". მისი თქმით, როდესაც სახურავის შეკეთება ხდებოდა, მათთან შპს "აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია" შევიდა და შენობის დანგრევის შესახებ აცნობა.

ეზოს მცხოვრებლებისთვის გაუგებარია ხელისუფლების გადაწყვეტილება — რატომ უნდა დაინგრეს ახლად გარემონტებული შენობა, რომელიც ავარიული არ არის.

მარიკა იზორია, მხატვარი

მარიკა იზორია, მხატვარი

"2024-25 წლებში, ჩვენი თხოვნით, ამ სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა აივნები, ჭიშკარი, სადარბაზოებთან დაგვიყენეს ძალიან კარგი კარები. ასე რომ, მადლობელი ვარ ჩვენი საკრებულოს დეპუტატების, გამგეობის, რომლებმაც ძალიან კარგად იმუშავეს ამ ტერიტორიაზე.

შემდეგ ბულინგით შემოდის რაღაც უცხო, ეჭვის მომტანი ეკონომიკის სამინისტროსა და საკრებულოს შორის შექმნილი შპს და გვეუბნება, რომ ეს თქვენი ეზო არ არის. მერე რა, რომ წითელი ზოლია და თქვენ გეკუთვნით — ეს სახელმწიფოსია. დაუწყეს ჩემს მეზობლების დაშინება", — იხსენებს იზორია.

მისი თქმით, ეზოს მკვიდრების წინააღმდეგობის შემდეგ, აღნიშნული შპს-ს წარმომადგენელი მუქარაზე გადავიდა და მოსახლეობას ანაზღაურების გარეშე გასახლებით ემუქრებოდა. ეზოს მცხოვრებლებს ხელისუფლების ეს ნაბიჯები საბჭოთა პერიოდს ახსენებს, როდესაც მოსახლეობისთვის ქონების ჩამორთმევა ხდებოდა.

"ამ დაშინებას მოჰყვა ძალიან სერიოზული პროტესტი, შიში, ეზოს მობინადრეების ჯანმრთელობის პრობლემები. ამ ყველაფერთან ერთად გაჩნდა მუქარაც, რომ საერთოდ გაგვასახლებენ ამ ტერიტორიიდან და, მგონი, საქართველოდანაც გაციმბირებასაც გვიპირებენ. მართალი რომ გითხრათ, გამახსენდა ის კომუნისტური, დამპყრობლური ტექსტები," — ამბობს იზორია.

გარდა იმისა, რომ მაცხოვრებლების ნაწილისთვის სახლები შეუფასებელია და ისინი არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებენ კერძო საკუთრების დათმობას, ეზოს მკვიდრი გვიყვება, რომ იმათგან, ვინც მოლაპარაკებაზე წავიდა, სამხარაულის ექსპერტიზამ ქონება არასწორად შეუფასა — "ზოგს სველი წერტილი და აივანი არ ჩაუთვალეს".

"აღმოჩნდა, რომ ამ ხალხს საერთოდ არ აძლევდნენ თანხას, ვინც თანახმა იყო საცხოვრებლის დათმობაზე. აქ მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა მითხრა, რომ ძალიან დიდი ზეწოლა იყო. საბოლოოდ, ზეწოლით, ბანკის ვალის გამო და სხვა მიზეზებით, 13 ოჯახი დაითანხმეს," — ამბობს იზორია.

ამ დროისთვის ბინა 13-მა ოჯახმა დათმო — მათგან ნაწილი დროებით იყო შესახლებული. დანარჩენი 10 ოჯახი ტერიტორიის დატოვებაზე უარს ამბობს. ამ 10 ოჯახიდან 5 ექსპროპრიაციის სიაშია შეყვანილი.

რა არის ექსპროპრიაცია?

საკანონმდებლო მაცნეში ვკითხულობთ, რომ ექსპროპრიაცია მიზნად ისახავს პირის ნების საწინააღმდეგოდ, მესაკუთრისთვის იძულებით ქონების ჩამორთმევას — "ტერმინი უმეტესად აღნიშნავს საზოგადოებრივი სარგებლის (საზოგადოებრივი საჭიროების) მიზნით განხორციელებულ ექსპროპრიაციას".

18 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჰეიდარ ალიევის ცენტრს "გარდაუვალი საზოგადოებრივი საჭიროების" სტატუსი მიანიჭა და ექსპროპრიაციის უფლება მისცა.

საკანონმდებლო მაცნის განმარტებით, ექსპროპრიაცია ხორციელდება შემდეგი სამუშაოების წარმოების მიზნით:

  • გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისთვის/რკინიგზის ხაზების გაყვანისთვის;
  • ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისთვის;
  • ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისთვის;
  • წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანისთვის;
  • სატელეფონო ხაზების/კაბელების გაყვანისთვის;
  • საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისთვის;
  • ეროვნული თავდაცვისთვის საჭირო სამუშაოებისთვის;
  • სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის;
  • აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობისთვის ან/და მისი გაფართოებისთვის.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ გორგასლის შესახვევის ეზოს ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილება ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთი პუნქტის საფუძველზე მიიღო — "საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისთვის".

გორგასლის შესახვევში მცხოვრებლების უფლებადამცველისა და ლეიბორისტული პარტიის წევრის, კახა კუკავას განცხადებით, ბრძანება კანონს "უტიფრად" ეწინააღმდეგება, რადგან მსგავსი ნაგებობის აშენების შემთხვევაში კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს ასეთი უკიდურესი ზომების მიღებას და ეს ყველაფერი, მისი თქმით, უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას ემსახურება. ადვოკატის განცხადებით, ისინი მარიამ ქვრივიშვილის ბრძანების გასაჩივრებას აპირებენ.

"ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს, თანაც ძალიან უტიფრად იმიტომ, რომ კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს მსგავსი ტიპის შემთხვევებს, რაც დაკავშირებულია კულტურულ-საგანმანათლებლო, მით უმეტეს, უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებასთან.

კანონში წერია, რომ ექსპროპრიაცია შესაძლებელია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თუ არსებობს აუცილებელი ინფრასტრუქტურა — მაგალითად, როცა უნდა აშენდეს ხიდი ან ავტობანი და მისი გადატანა სხვა მიმართულებით შეუძლებელია.

ეს არის აბსოლუტურად კანონის ფეხქვეშ გათელვა და მასხრად აგდება. ამაზე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი მინისტრი და მოსამართლე ხელს არ მოაწერდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალება, რომ "გააკეთეთ, ალიევს გაუკეთეთ, რასაც მოითხოვს, ყველაფრის ფასად", — ამბობს კახა კუკავა.

ამაზე არცერთი მინისტრი ხელს არ მოაწერდა, რომ არა ივანიშვილის დავალება — "გააკეთეთ, ალიევს გაუკეთეთ, რასაც მოითხოვს, ყველაფრის ფასად"


რას ემსახურება ჰეიდარ ალიევის ცენტრი?

ძველი თბილისის უბანში მასშტაბური პროექტი აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის სახელობის იქნება. აზერბაიჯანის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ძალაუფლება სწორედ მამისგან გადაიბარა.

ხელოვნებათმცოდნე მაია იზორიას განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის აზერბაიჯანული კულტურის ხუთი კერა არსებობს, ჰეიდარ ალიევის ცენტრი კი მეექვსე იქნება.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე იგეგმება 5 380 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გაბარიტული ნაგებობის მოწყობა, სადაც იქნება:

  • საკონცერტო დარბაზი/კულტურული ღონისძიებების სივრცეები;
  • ბავშვთა თეატრი;
  • მრავალფუნქციური საგანმანათლებლო პლატფორმა კულტურული და აკადემიური პროგრამების განსახორციელებლად.

მარიამ ქვრივიშვილის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, თუ რა სარგებელს მოუტანს აღნიშნული ცენტრი ქართული კულტურისა და ტურიზმის განვითარებას.

კულტურის სამინისტროს 19 მარტის წერილში ვკითხულობთ, რომ ცენტრის მშენებლობა "მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მრავალეთნიკური კულტურული სივრცის განვითარებისათვის, ასევე კულტურული თანამშრომლობისათვის, რომელიც ეფუძნება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს".

აქვე ვკითხულობთ, დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებაა კულტურული იდენტობის დაცვა და "ჭეშმარიტად დემოკრატიულმა საზოგადოებამ არა მხოლოდ პატივი უნდა სცეს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, არამედ უნდა შექმნას შესაბამისი პირობები, რათა მათ ეს იდენტობა გამოხატონ".

დარიკო პოპიაშვილი: "საინგილოდან წამოსული, აქედან ახლა სად წავიდე?"

გორგასლის მე-4 შესახვევში საინგილოდან ჩამოსული დარიკო პაპიაშვილი ცხოვრობს. მისი და მისი დის, მედიკო პაპიაშვილის ქონებაც ექსპროპრიაციის სიაში მოხვდა. დარიკო პაპიაშვილს აღნიშნული სახლი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ გადასცა. მისი თქმით, განსაკუთრებით გულნატკენია, რომ საინგილოდან ჩამოსულ ქალს საქართველოში კვლავ დევნიან და აზერბაიჯანული ინტერესებისთვის საკუთარი სახლის დათმობა უწევს, სადაც 50 წელია ცხოვრობს.

დარიკო პოპიაშვილი, ეზოს მცხოვრები

დარიკო პოპიაშვილი, ეზოს მცხოვრები

"მე ვარ კახიდან, საინგილოდან. იქიდან წამოსული, აქედან ახლა სად წავიდე? მე ქართველ ადამიანს მეუბნები, გასასვლელი ვარ? მით უმეტეს, საინგილოდან ვარ. ამხელა გულნატკენი ქალი ვარ, არც მთავრობის მხრიდან მოსულან ჩემთან რამე ეთქვათ.

მილიონს ითხოვს ეს ქალბატონიო. მილიონს რატომ ვითხოვ? ჯერ ერთი, ჩემი სახლი ჩემთვის წმინდა ადგილია. საინგილოდან მიწა მაქვს მოტანილი — იქიდან მიწა მაქვს მოტანილი. გზები ჩაკეტილია, ვერ მივდივარ, გუშინ ბიძაშვილი გავასვენეთ და ვერ წავედი, პატივი ვერ ვეცი.

ვინც გავიდა, მეუბნებიან — დროზე გადით აქედან, იცოდეთ, რა დღე მოგელითო. დროზე გაყიდე ბინა და გადითო, თორემ მეშინია — სადღაც ხანძარი მოხდა, სადღაც რაღაც მოხდა... ამის მეშინია. ლაპარაკიც მეშინია, გზაზე გასვლაც მეშინია უკვე," — ამბობს დარიკო პაპიაშვილი [სტილი დაცულია].

მე ვარ კახიდან, საინგილოდან. იქიდან წამოსული, აქედან ახლა სად წავიდე?"

აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის აშენება ქართული კულტურის ცენტრის სანაცვლოდ

ხარფუხის ქვედა უბნის ეს მონაკვეთი, რომელიც ისტორიულ წყაროებში ჯერ კიდევ XVII საუკუნიდან "სეიდაბადად" იხსენიება, თბილისის მულტიკულტურული და ურბანული მეხსიერების უნიკალური ფრაგმენტია.

მისი ისტორიული მნიშვნელობა დასტურდება როგორც შუა საუკუნეების კერამიკული სახელოსნოების არქეოლოგიური ნაშთებით, ისე XIX საუკუნის გეგმებზე დაფიქსირებული მჭიდრო, ავთენტიკური განაშენიანებით, რომელიც სახელმწიფო დაცვის ზონაშია მოქცეული. ჯერ კიდევ 1980-იან წლებში სახელმწიფოს გაცხადებული ნება იყო ამ მიკროუბნის ქართული კულტურის კერად ქცევა, სადაც მოსახლეობასთან ერთად ხელოვანები — მხატვრები, მუსიკოსები და არქიტექტორები, იცხოვრებდნენ და იმოღვაწებდნენ.

როგორც ჩვენთან საუბარში ხელოვნებათმცოდნე მაია იზორია ამბობს, გარდა გორგასლის მე-4 შესახვევისა, ალიევის ცენტრის მშენებლობას ორთაჭალის ბაღიც ეწირება, საიდანაც კრწანისის ველი იშლება. მისი თქმით, ადგილი კრწანისის ბრძოლაში დაღუპული მეომრების საფლავებითაა დაფარული, რასაც არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებს.

მაია იზორია, ხელოვნებათმცოდნე

მაია იზორია, ხელოვნებათმცოდნე

"ჩვენ ვიმყოფებით განჯის კართან — თბილისის შესასვლელში, საიდანაც აბრეშუმის გზა იწყებოდა. ის გრიშაშვილის ქუჩას მიჰყვებოდა და ქალაქში იტოტებოდა. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა მრავალი ძვალი, რომელიც ლაბორატორიულად შემოწმდა და დადასტურდა, რომ ეს არის იმ მეომრების ნაშთები, რომლებიც ამ ბრძოლას შეეწირნენ.

ეს ბაღი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მორწყულია ამ მეომრების სისხლით. და სწორედ აქ, ქართული კულტურის კერის საპირწონედ, შენდება ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრი," — ამბობს ხელოვნებათმცოდნე.

ეზოს ბინადრები ძველი თბილისური უბნის დანგრევას მიმდინარე წლის 6 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტსაც უკავშირებენ. მათი ნაწილი შიშობს, რომ მთავრობა მხოლოდ გორგასლის მე-4 შესახვევით არ შემოიფარგლება და "საქართველო-აზერბაიჯანის" მეგობრობის გაღრმავებას სხვა ტერიტორიებიც შეეწირება. ეზოს მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ნანგრევებში დარჩებიან და ტერიტორიას არავის დაუთმობენ.

ვიდეორეპორტაჟი ნახეთ NEWS.On.ge-ის იუთუბ-არხზე: