არტემის 2-ის ეკიპაჟმა მთვარის "გავლენის სფეროში" შეაღწია. ეს ნიშნავს, რომ ხომალდზე უკვე მთვარის გრავიტაცია უფრო ზემოქმედებს, ვიდრე დედამიწის.

მთვარის გრავიტაციული გავლენის არეალში ეკიპაჟმა მისიის დაწყებიდან 4 დღის, 6 საათისა და 2 წუთის შემდეგ მიაღწია, მთვარიდან დაახლოებით 63 ათას კილომეტრზე. შემდეგი ნაბიჯი (და, შეიძლება ითქვას, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზაცაა) ხვალ გადაიდგმება, როცა ხომალდი მთვარის შორეულ მხარეს შემოუვლის.

ეს მსოფლიო რეკორდიც იქნება — აქამდე ადამიანი დედამიწიდან ასე შორს არასდროს ყოფილა. აპოგეაში (მთვარის ორბიტის წერტილი, რომელიც ყველაზე შორსაა დედამიწიდან) ყოფნისას ასტრონავტები ჩვენი პლანეტიდან თითქმის 407 ათასი კილომეტრით იქნებიან დაშორებულნი. ცნობისთვის, წინა რეკორდი Apollo 13 მისიას ეკუთვნოდა და სულ რაღაც 6437 კილომეტრი იყო.

NASA-ს მიხედვით, დედამიწიდან ყველაზე შორეულ წერტილში ასტრონავტები 7 აპრილის ღამის 3 საათისთვის იქნებიან. მთვარეზე დაკვირვების პერიოდი თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება, რამდენიმე საათის შემდეგ კი ასტრონავტები მთვარის უკან აღმოჩნდებიან და ცოტა ხნით ჩვენთან კომუნიკაციას შეწყვეტენ.

ხომალდი მთვარეს ყველაზე მეტად 7 აპრილს, დაახლოებით 03:02-ზე, მიუახლოვდება. ამ დროს იგი თანამგზავრის ზედაპირიდან დაახლოებით 6550 კმ-ით იქნება დაშორებული. როგორც NASA განმარტავს, ამ მანძილიდან ეკიპაჟი მთვარის მთლიან დისკოს ერთდროულად დაინახავს, მათ შორის სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებთან მდებარე რეგიონებსაც. გარდა ამისა, ასტრონავტები მზის დაბნელებასაც იხილავენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.