შესაძლოა, ნილოსის დელტაში მომუშავე არქეოლოგებმა 2600 წლის წინანდელი სამარხი ან სალოცავი აღმოაჩინეს. მეცნიერებმა ნაგებობა მაშინ იპოვეს, როცა დამარხული სტრუქტურების აღმომჩენ ახალ ტექნოლოგიას ტესტავდნენ. გუნდი ბუტოს იკვლევდა: ეს უძველესი ქალაქისგან შემორჩენილი ნანგრევებია, რომელიც პრედინასტიური პერიოდიდან (დაახლოებით ძვ.წ. 3800 წელი) ადრეულ ისლამურ ერამდე (მე-7 საუკუნე) არსებობდა.

თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ბუტო რამდენჯერმე დაანგრიეს და თავიდან ააშენეს, ამიტომ იგი რამდენიმე ფენისგან შედგება. თითოეული მათგანი არქეოლოგიური ნაშთების მნიშვნელოვანი წყაროა.

ქალაქის უძველესი ნაწილები უფრო გვიანდელი ნანგრევების ქვეშაა ჩაფლული. ამ შემთხვევაში ტრადიციული გათხრების ჩატარება რთული, დროში გაწელილი და დიდ ხარჯებთან დაკავშირებული პროცესი იქნებოდა. ხოლო ახალი ტექნოლოგია მეცნიერებს იმ ადგილის უფრო ზუსტად პოვნაში ეხმარება, რომლის გათხრაც უფრო ხელსაყრელი იქნება.

მკვლევრებმა სპეციალური მიდგომა გამოიყენეს, რომელიც სატელიტურ რადარს (SAR) და კუთრი ელექტროწინაღობის ტომოგრაფიას (ERT) აერთიანებს.

გუნდმა თავიდან Sentinel-1 რადარული სატელიტი გამოიყენა, რათა ფართომასშტაბიანი ანომალიები კოსმოსიდან დაენახათ. ასეთის დანახვის შემდეგ საქმეში ERT-ს რთავდნენ. ეს ტექნოლოგია მიწაზე მოთავსებულ ელექტროდებს შორის დენს უშვებს. სხვადასხვა მასალა ელექტრობას განსხვავებულად ატარებს. ამაზე დაყრდნობით მეცნიერები საბოლოოდ ზედაპირის ქვეშ არსებული სტრუქტურების სამგანზომილებიან მოდელს ქმნიან.

ზედა 3 მეტრში დამსხვრეული კერამიკა და გვიანდელი რომაული და პტოლემური პერიოდების ნარჩენები იპოვეს. უფრო ღრმად (3-6 მეტრის სიღრმეში) უზარმაზარი სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც 2600 წლის წინანდელი უნდა იყოს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება დიდი საფლავი ან ტაძარი იყო. ამის შემდეგ დამატებითი გათხრა ჩაატარეს. სენსორების მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში ალიზის კედლები და რელიგიური არტეფაქტები იპოვეს.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ თავიანთი ნაშრომი კომბინირებული მიდგომის უპირატესობას კიდევ ერთხელ ცხადყოფს: გეოფიზიკური გაზომვებისა და დისტანციური სენსორული მონაცემების გაერთიანებით გათხრები გაცილებით ეფექტიანი და სწრაფი გახდა.

ნაშრომის ავტორები გეგმავენ, რომ ეს ადგილები უფრო დიდი მოწყობილობით კიდევ უფრო მეტად გამოიკვლიონ და ასევე, თავიანთი მიდგომა სხვა არქეოლოგიური ძეგლების შესასწავლადაც გამოიყენონ.

კვლევა გამოცემაში Acta Geophysica გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.