იანვარში საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ისტორიაში პირველი "სამედიცინო ევაკუაცია" განხორციელდა. მისიის ნაადრევად დასრულება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ასტრონავტს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ეს ადამიანი მაიკ ფინკი იყო, რომელმაც, ბოლო განცხადების თანახმად, კოსმოსში მოულოდნელად მეტყველების უნარი დაკარგა.

მედიის ცნობით, 7 იანვარს იგი ღია კოსმოსში გასვლისთვის მომზადების შემდეგ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე სადილობდა, როცა უეცრად საუბარი ვეღარ შეძლო. ასტრონავტი იხსენებს, რომ ამ დროს არაფერი სტკიოდა, მაგრამ ეკიპაჟის სხვა წევრებმა ამის შესახებ დედამიწაზე მედიკოსების გუნდს მაინც შეატყობინეს.

"ეს სრულიად მოულოდნელად მოხდა, გასაოცრად მცირე დროში", — თქვა მაიკმა The Associated Press-თან ინტერვიუში.

59 წლის ასტრონავტი ამბობს, რომ მისი უჩვეულო მდგომარეობა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ თავი უკეთ იგრძნო და ამ დრომდე აღარაფერს შეუწუხებია. ის იმასაც აღნიშნავს, რომ მანამდე ასეთი რამ არ დამართნია.

დედამიწაზე ახალდაბრუნებული მაიკ ფინკი.

ფოტო: Bill Ingalls/NASA

ექიმებმა ინფარქტი გამორიცხეს. ასევე, პაციენტის თქმით, ის არც იხრჩობოდა. შესაძლოა, მისი ავად გახდომა მიკროგრავიტაციის პირობებში მთლიანობაში 549 დღის გატარებას უკავშირდებოდეს. ბოლო მისიისას ის სადგურში 5-თვენახევარი იმყოფებოდა, როცა ამ უჩვეულო პრობლემამ იჩინა თავი.

იგი იხსენებს, რომ ეს მეხის უეცარ გავარდნას ჰგავდა. მაიკის განცხადებით, ეკიპაჟის წევრები წამებში მიხვდნენ, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მის გარშემო მოიყარეს თავი. ასტრონავტს დამატებით სამედიცინო დეტალებზე არ უსაუბრია და ხაზგასმით თქვა, რომ NASA-ს სურს, სხვა ასტრონავტებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი პირადი სამედიცინო ინფორმაცია დაცული იქნება. თავად მისი ვინაობის შესახებაც მხოლოდ გასულ თვეს შევიტყვეთ, როცა პრობლემის შესახებ თვითონვე განაცხადა.

მაიკ ფინკის თქმით, გული წყდება, რომ ამ მდგომარეობის გამო ეკიპაჟის სხვა ორ წევრთან ერთად დედამიწაზე ადრე დაბრუნება მოუწია და ღია კოსმოსში გასვლის შესაძლებლობა აღარ მიეცა. ეს მისთვის მეათე ასეთი გასვლა იქნებოდა. ამის მიუხედავად, იგი იმედს იტოვებს, რომ კოსმოსში მოგზაურობას ისევ შეძლებს.

როგორც ცნობილია, NASA-ში სხვა ასტრონავტების სამედიცინო მონაცემებსაც იკვლევენ, რათა დაადგინონ, ამასთან დაკავშირებული რაიმე შემთხვევა აქამდეც ხომ არ გამოვლენილა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.