იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
ფოტო: Schulz-Hildebrandt, Hinnerk
რამდენ იისფერ წერტილს ხედავთ გარეკანის ფოტოზე? არის თუ არა ყველა მათგანი ერთი და იმავე ტონალობის? ეს ახალი ოპტიკური ილუზიაა, რომელიც ბიოსამედიცინო ოპტიკის ინჟინერმა, ჰინერკ შულც-ჰილდებრანდტმა განავითარა.
ფერების აღქმა არა ელექტრომაგნიტური გამოსხივების პირდაპირი შედეგი, არამედ ადამიანის მხედველობის სისტემის აქტიური კონსტრუქციაა. "უნიკალურ ვიზუალურ ილუზიას" სინამდვილეში მრავალი ფაქტორის თავმოყრა წარმოქმნის, მაგალითად, ზუსტად სად მდებარეობს თვალის კოლბები, როგორ სტიმულირდება ისინი და ა.შ.
ალბათ, შეამჩნიეთ, რომ თუ რომელიმე წერტილს მიაჩერდებით, სხვა წერტილები თითქოს "გაქრება".
ანატომიურად არსებობს სამი ტიპის კოლბა (თვალის ბადურას ფოტორეცეპტორები, რომლებიც ფერების გარჩევას უზრუნველყოფს). ესენია: L-კოლბები, S-კოლბები და M-კოლბები, რაც გრძელ, მოკლე და საშუალო კოლბებს აღნიშნავს იმის შესაბამისად, თუ რომელ ტალღის სიგრძეებზე რეაგირებს თითოეული მათგანი: L-კოლბები ყველაზე უკეთ წითელ ტონალობებს აღიქვამს, S-კოლბები ლურჯს, M-კოლბები კი მწვანესა და ყვითელს.
აღსანიშნავია, რომ ეს კოლბები თვალის ბადურაზე თანაბრად არაა განაწილებული. ისინი სხვადასხვა რაოდენობით გვხვდება: L- და M-კოლბები უფრო მეტია, ვიდრე S-კოლბები. გარდა ამისა, თვალის ფოსოში (ამ ნაწილით ყველაზე უკეთ ვხედავთ) უფრო მეტი L- და M-კოლბაა, ხოლო ფოსოს ცენტრში S-კოლბები თითქმის არც გვხვდება.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ თვალის ბადურას მრავალი მექანიზმი აქვს, რომელიც ლურჯი გამოსხივებისგან გვიცავს. ამ და ზემოაღნიშნული ფაქტორების გამო ლურჯ ტონალობას შედარებით ცუდად აღვიქვამთ. ამ განსხვავებას ყოველდღიურობაში ვერ ვამჩნევთ ხოლმე, რადგან ტვინი ამ ფაქტთან კარგადაა ადაპტირებული.
ფერების აღქმა აბსოლუტური და იზოლირებული არაა, იგი კონტექსტსა და გარემოზეა დამოკიდებული. ამ კონკრეტულ ილუზიაში საქმე ე. წ. ერთდროულ კონტრასტთან გვაქვს. ალბათ, შეამჩნიეთ, რომ როცა ფოტოს პირველად შეხედეთ, წერტილებიც და უკანა ფონის ფერებიც ერთგვაროვანი ჩანდა: იისფერი ტონალობა მოიისფრო ლურჯ ფონზე. როდესაც ჩვენი ტვინი ამ კომბინაციას ხედავს, წერტილებს უფრო მკვეთრ იისფრად აღიქვამს, რათა ისინი უკანა ფონისგან გავარჩიოთ.
ამ ფაქტორების ურთიერთქმედებით უჩვეულო ილუზიას ვიღებთ: იმ წერტილს, რომელსაც მოცემულ მომენტში უშუალოდ ვუყურებთ, ტვინი უფრო იისფრად აღიქვამს, თვალები კი "ნაკლებად ლურჯად". ხოლო კონტრასტისთვის ტვინი გარშემო არსებულ წერტილებს უფრო "მეტად ლურჯად" ხედავს.
ნაშრომი გამოცემაში Perception გამოქვეყნდა.


კომენტარები