NASA-ს მთვარის რაკეტას ახალი პრობლემა აქვს — ისტორიული მისია ისევ გადაიდო
ფოტო: NASA/Sam Lott
NASA მთვარისკენ ასტრონავტების გაშვებას აპირებს, თუმცა მისი რაკეტის მეორე საცდელი მომზადებისას კიდევ ერთი პრობლემა გამოვლინდა. ამის გამო მისია ახლა უკვე აპრილისთვის გადაიდო.
ცნობისთვის, ფრენა ჯერ კიდევ თებერვალში იგეგმებოდა, მაგრამ რაკეტა Space Launch System-ის ტესტირებისას საწვავმა (თხევადმა წყალბადმა) გაჟონა. ამ მიზეზით მისია მარტისთვის გადავადდა, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ მომდევნო თვეშიც ვერ შედგება. ფრენის შემდეგი ფანჯარა აპრილში იხსნება, თუ მანამდე კიდევ რაიმე ხარვეზმა არ იჩინა თავი.
ასევე, იხილეთ: სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე
6 მარტს დაგეგმილი ფრენისთვის Space Launch System შესამოწმებლად კენედის კოსმოსური ცენტრის ბაზაზე გაიტანეს და საწვავის გაჟონვის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობდნენ. ტესტირებისას მოულოდნელად ჰელიუმის სისტემაში ხარვეზი დაფიქსირდა — ეს აირი რაკეტის მეორე საფეხურამდე ვერ აღწევდა.
NASA-ს ხელმძღვანელი, ჯარედ აიზეკმენი, კენედის კოსმოსური ცენტრის დატოვებისას.
ფოტო: NASA
ჰელიუმი ძრავების გასაწმენდად და საწვავის ავზების სათანადო წნევის უზრუნველსაყოფადაა საჭირო. სწორედ ამიტომ, ეს სისტემა აპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.
პრობლემის მიზეზის დასადგენად და მის აღმოსაფხვრელად რაკეტა კენედის კოსმოსური ცენტრის სპეციალურ შენობაში გადაიტანეს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა მზად Space Launch System აპრილისთვის.
შეგახსენებთ, რომ მისია Artemis 2-ის განმავლობაში, 1972 წლის შემდეგ პირველად, ასტრონავტები დედამიწის ორბიტას გასცდებიან და მთვარეს გარშემო შემოუვლიან. შეიძლება ისინი იმაზე შორსაც წავიდნენ, ვიდრე ადამიანი ოდესმე ყოფილა. ამით ასტრონავტები გზას გაუკვალავენ პროგრამის მომდევნო მისიას, რომელსაც Artemis 3 ეწოდება. სწორედ მის ფარგლებში დაეშვებიან ადამიანები მთვარის ზედაპირზე პირველად ამდენი წლის განმავლობაში.
კომენტარები