შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარეზე დაკარგული ისტორიული საბჭოთა ზონდი იპოვეს
ფოტო: ESA
1966 წელს საბჭოთა კავშირმა მთვარის ზედაპირზე მომცრო ზომის სფერული ზონდი დაუშვა, სახელად Luna 9. ეს მთვარეზე ადამიანების გაშვებამდე 3 წლით ადრე მოხდა.
აღნიშნული მომენტი მართლაც ისტორიული იყო: ეს პირველი კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელიც მთვარეზე უვნებლად დაეშვა და სხვა ციური სხეულის ზედაპირიდან გადაღებული პირველი ფოტოც გამოგვიგზავნა.
ამ დრომდე უცნობი იყო, თუ რა ბედი ეწია აღნიშნულ ზონდს. New York Times-ის მიხედვით, ორი ჯგუფი აცხადებს, რომ დაკარგული საბჭოთა ზონდის კვალს მიაგნეს. საინტერესოა, რომ ორივე ჯგუფი სხვადასხვა ადგილსამყოფელს ასახელებს.
ზონდის პოვნა ამდენად პრობლემური იმიტომ გახდა, რომ ის ძალიან პატარაა: მისი დიამეტრი დაახლოებით 60 სმ-ს შეადგენს. ისტორიული რელიკვიის პოვნაში მეცნიერების კომუნიკატორმა, ვიტალი ეგოროვმა ონლაინ მოხალისეებს სთხოვა დახმარება. მათ მთვარეზე დაახლოებით 100 კმ-ზე გადაჭიმული რეგიონი უნდა დაეთვალიერებინათ და ზონდის კვალი ეძებნათ.
ეგოროვის თქმით, Luna 9-ის ადგილსამყოფელს მართლაც მიაგნეს. მან NYT-თან საუბრისას განაცხადა, რომ ვარაუდის სისწორეში "საკმაოდაა დარწმუნებული", თუმცა იმასაც აღიარებს, რომ შეიძლება რამდენიმე მეტრი შეეშალა.
ინდოეთის კოსმოსური სააგენტო მარტში Chandrayaan-2-ს (მაღალი გარჩევადობის სატელიტს) გამოიყენებს, რათა "სამძებრო სამუშაოებში" ჩაერთონ.
ეგოროვის დასკვნას ბევრი არ ეთანხმება. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერების თქმით, ზონდი სულ სხვა ადგილასაა. გასულ თვეში მათ ამაზე ნაშრომიც გამოაქვეყნეს. გუნდმა მანქანური დასწავლის ალგორითმი გამოიქვეყნა, რომელსაც “You-Only-Look-Once–Extraterrestrial Artefact” (YOLO-ETA) დაარქვეს. მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტი NASA-ს მონაცემებზე გაწვრთნეს. გუნდის თქმით, Luna 9-ის სავარაუდო ადგილსამყოფელი კაშკაშა პიქსელია, რომელიც 2 მუქი წერტილის გვერდით ჩანს.
ამჟამად მეცნიერები ინდოეთის Chandrayaan-2-ის გუნდს ელოდებიან, რათა უფრო ზუსტ პასუხს მივუახლოვდეთ.
კომენტარები