მეცნიერებმა NASA-ს მისია Magellan-ის ფარგლებში ვენერას შესახებ მოპოვებული მონაცემები გააანალიზეს და შესაძლო ზედაპირქვეშა გვირაბის კვალს მიაგნეს. მათი თქმით, ის პლანეტის ვულკანურ აქტიურობას უნდა წარმოექმნა.

თუ მკვლევართა ვარაუდი დადასტურდება, ეს ამ ციურ სხეულზე აღმოჩენილი მხოლოდ მეორე ლავური გვირაბი იქნება. ცნობისთვის, მსგავსი სტრუქტურები მთვარესა და მარსზეცაა დაფიქსირებული. ამგვარი მონაცემები საშუალებას გვაძლევს, რომ "დედამიწის ტყუპისცალად" წოდებული ვენერას გეოლოგიური აქტიურობის შესახებ მეტი გავუგოთ.

ვენერა სქელი ღრუბლებითაა დაფარული, ამიტომ მის ზედაპირზე პირდაპირ დაკვირვება არ შეგვიძლია. ამის ნაცვლად მეცნიერები სარადარო სურათებს იყენებენ. 1990-იდან 1992 წლამდე პერიოდში Magellan-მა პლანეტის ლანდშაფტი სწორედ რადარით აღბეჭდა, შედეგად მიღებულ ინფორმაციას კი მეცნიერები დღემდე აანალიზებენ.

ზონდმა ზედაპირისკენ რადიოტალღები გაგზავნა და მათი უკან დაბრუნების დროის მიხედვით სპეციალისტებმა დეტალური რუკები შეადგინეს. რადარის მიერ გამოვლენილ სტრუქტურებს შორისაა ის არეალები, რომელთა მიმდებარედაც ზედაპირმა კოლაფსი განიცადა. ზოგი ასეთი ღრმული ათობით ათას კილომეტრზეა გადაჭიმული, რაც სიღრმეში მდებარე ლავურ გვირაბებზე მიანიშნებს.

Magellan-ის მიერ დანახული ვენერა.

ფოტო: NASA

ახალ კვლევაში მეცნიერებმა ყურადღება ლოკალიზებულ ჩაღრმავებებზე გაამახვილეს, რომლებიც ქანების გარკვეული მონაკვეთები ჩანგრევისას ფორმირდება. მათ ქვემოთ არსებული ღრუების გამოჩენა შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ვულკანურ რეგიონ Nyx Mons-ის დასავლეთ ნაწილშია და იმგვარ სარადარო სიგნალს ავლენს, რომელიც ლავური გვირაბის კოლაფსირებული ჭერის მახასიათებლებს შეესაბამება.

გარშემო არსებული არეალის შესწავლის შედეგად ვარაუდობენ, რომ ეს გვირაბი შეიძლება ათობით კილომეტრზე ვრცელდებოდეს. მისი ზომისა და ფორმის გასაგებად დამატებითი მონაცემებია საჭირო. ეს ინფორმაცია შეიძლება სამომავლო მისიების მეშვეობით მივიღოთ, როგორიც, მაგალითად, ევროპული კოსმოსური სააგენტოს EnVision-ია.

ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.