სულ რაღაც ერთი წლის წინ ილონ მასკი აცხადებდა, რომ მთვარე კაცობრიობისთვის "ყურადღების გამფანტავია", რადგან პირდაპირ მარსზე უნდა წავიდეთ. სწორედ წითელ პლანეტას უკავშირდებოდა მილიარდერისა და მისი კომპანია SpaceX-ის ამბიციური გეგმა, რომელიც ამ ციური სხეულის კოლონიზაციას გულისხმობს.

ასევე, იხილეთ: როგორ წარმოუდგენია მასკს მარსის კოლონიზაცია — გენმოდიფიცირებული სახეობები წითელ პლანეტაზე

ამის გამო იგი NASA-ს მთვარის პროგრამა Artemis-ს არაეფექტიანად მიიჩნევდა, მარსზე ადამიანთა ბაზის შექმნა კი მისთვის პრიორიტეტი იყო. მასკი ხშირად ახსენებდა, როგორ უზრუნველყოფდა მისი კომპანიის რაკეტა Starship იქ ადამიანებისა და ტვირთის გაგზავნას, რაც ჯერ კიდევ 2024 წელს უნდა მომხდარიყო. ბიზნესმენმა ამ გეგმის შესრულება დაპირებულ ვადებში ვერ შეძლო, რადგან რაკეტა ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპზეა.

მარსზე ამდენწლიანი საუბრების შემდეგ მასკმა აზრი შეიცვალა. მას, პირველ რიგში, ახლა უკვე მთვარის ათვისება სურს, მარსმა კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მილიარდერის თქმით, დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე დასახლება უფრო მარტივი და შედარებით მალე მიღწევადია.

"SpaceX-მა ფოკუსი უკვე მთვარის თვითგანვითარებადი ქალაქის აშენებაზე გადაიტანა, რადგან ეს პოტენციურად, 10 წელზე ნაკლებ დროში შეგვიძლია. შედარებისთვის, მარსზე ამისთვის 20 წელზე მეტი დაგვჭირდებოდა", — წერს მასკი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით, SpaceX-ის მიზანი კვლავაც იგივეა, კერძოდ "სიცოცხლისა და ცნობიერების გავრცელება ვარსკვლავებამდე". იგი აცხადებს, რომ მარსზე წასვლა მხოლოდ ყოველ 26 თვეში შეგვიძლია, იქამდე მისასვლელად კი 6 თვეა საჭირო. მეორე მხრივ, მთვარეზე რაკეტის გაშვების ფანჯარა 10 დღეში ერთხელ იხსნება და იქამდე მისაღწევად 2 დღეც საკმარისია.

"SpaceX ქალაქის აშენებას მარსზეც ეცდება, რაც დაახლოებით 5-7 წელში დაიწყება. ამის მიუხედავად, უპირველესი პრიორიტეტი ცივილიზაციის უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფაა, რაც მთვარის მეშვეობით უფრო სწრაფად მოხერხდება", — ვკითხულობთ მასკის პოსტში.

აშშ-ის მთვარის პროგრამაში SpaceX-ის როლი ბოლო დროს ბუნდოვანი გახდა, რადგან Starship-ზე მუშაობის პროცესი ზედმეტად გაიწელა. ოქტომბერში NASA-მ ისიც კი განაცხადა, რომ ამ კომპანიასთან კონტრაქტის გაუქმებასაც განიხილავს.

"SpaceX მიყვარს; არაჩვეულებრივი კომპანიაა. პრობლემა ისაა, რომ ისინი ჩამორჩნენ. მათ ვადებს ზედმეტად გადააჭარბეს, ჩვენ კი ჩინეთის წინააღმდეგ 'რბოლაში' ვართ ჩართულნი. პრეზიდენტსა და მე გვსურს, რომ მთვარემდე მიმდინარე საპრეზიდენტო ვადაში მივაღწიოთ, ამიტომ მინდა, კონტრაქტი ღია გავხადო. კოსმოსური ინდუსტრიის სხვა კომპანიებს საშუალებას მივცემ, რომ SpaceX-ს შეეჯიბროს — მაგალითად, Blue Origin-ს", — თქვა NASA-ს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შონ დაფმა გასულ შემოდგომას.

საუბარია მისია Artemis 3-ზე, რომელიც 2028 წლისთვის მთვარის ზედაპირზე ადამიანთა დაშვებას გულისხმობს. იქნება თუ არა ამ დროისთვის Starship მზად, ძნელი სათქმელია. მანამდე Artemis 2 იგეგმება, რომელიც მთვარის ორბიტაზე ადამიანთა გაშვებას გულისხმობს, მაგრამ ეს მისია მარტისთვის გადაიდო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.