ისრაელმა ირანში Starlink-ის სისტემები შეაპარა — ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ფოტო: REUTERS/Dado Ruvic
ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს დაადასტურა, რომ ანტისამთავრობო მომიტინგეების დასახმარებლად, ისრაელმა ირანში Starlink-ის ინტერნეტ-მიმღებები კონტრაბანდულად შეიტანა, თუმცა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ გეგმა ვერ განახორციელა.
ნაფტალი ბენეტმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს 2021-22 წლებში იკავებდა, იერუსალიმში JNS International Policy Summit-ის სხდომაზე განაცხადა, რომ მან წამოიწყო "ირანში ათეულობით ათასი Starlink-ის მიმღების შეძენისა და კონტრაბანდული შეტანის პროცესი, რაც ინტერნეტისა და სოციალური ქსელების უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფდა".
Starlink, რომელიც ილონ მასკის SpaceX-ს ეკუთვნის, სატელიტური ინტერნეტ-კავშირის პროვაიდერია. ირანმა ადრეც დააბრალა ისრაელსა და შეერთებულ შტატებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების შესარყევად ეს მოწყობილობები კონტრაბანდულად შეიტანეს. Starlink ირანში ლიცენზირებული არ არის, თუმცა მასკმა ადრე განაცხადა, რომ სერვისი იქ მაინც ხელმისაწვდომია.
ბენეტის განცხადებით, მოწყობილობები მომიტინგეებს კოორდინაციისთვის, და საბოლოოდ ირანის მთავრობის დამხობისთვის უნდა გამოეყენებინათ.
"სამწუხაროდ, ისრაელის ამჟამინდელმა უვარგისმა მთავრობამ ეს შეაჩერა", — განაცხადა მან — "და როდესაც პროტესტები დაიწყო, ინფრასტრუქტურა მზად არ იყო".
ირანის ხელისუფლება არეულობის პერიოდში ხშირად ბლოკავს ინტერნეტს, მათ შორის, იანვრის სასტიკად ჩახშობილი პროტესტებისას და თებერვლის ბოლოს დაწყებული ამერიკა-ისრაელ-ირანის ომის განმავლობაში.
იანვარში, ირანში პროტესტის პიკზე, SpaceX-მა ქვეყნის მასშტაბით Starlink უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა, ამის შესახებ კომპანიას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა აქტივისტებმა დაადასტურეს.
ბენეტი, მემარჯვენე პარტიის ლიდერი და ოქტომბრის არჩევნებში ნეთანიაჰუს მეტოქე რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსიდან ერთ-ერთი, ამბობს, რომ ისრაელმა და ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებმა ირანის მთავრობის "მოგერიებისა და საბოლოოდ დამხობისთვის" ძალები უნდა გაეერთიანოს.
"ეს დამპალი, მოძველებული, მოწყვეტილი და უვარგისი რეჟიმია, და ის დაეცემა — ისე, როგორც საბჭოთა კავშირი დაეცა", — განაცხადა მან ტაშის თანხლებით.
კომენტარები