ხელოვნური ყინულის პირამიდები ინდოეთის მაღალმთიანი სოფლების გადასარჩენად
ფოტო: AFP / Getty Images
თითქმის 4000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ჰიმალაის სოფელ საქთიში ნალექი იშვიათობაა და ფერმერობა აქ ადვილი არასოდეს ყოფილა.
"ლადახს (ინდოეთის მაღალმთიანი რეგიონი) მოსავლის ერთი სასტიკი სეზონი აქვს", — ამბობს გელაქ გუთმე, რომელსაც 65 წელია აქ ხორბალი, ბარდა და კარტოფილი მოჰყავს — "ეს არის უდაბნო ექსტრემალური კლიმატით".
მისი ცხოვრების განმავლობაში პირობები კიდევ უფრო გაუარესდა. გლობალური დათბობის გამო პატარა, დაბალი მყინვარები, რომლებსაც მოსავლის მოსარწყავად იყენებდნენ, გაქრა.
"ახლა წყლის ნაკლებობაა. გასულ წელს ყველაფერი დავკარგე, უწყლობის გამო მთელი ჩემი მინდვრები გახმა", — ამბობს გუთმე.
ფოტო: Acres of Ice
"თაობების განმავლობაში, ველებზე ოდნავ მაღლა მდებარე პატარა მყინვარები გაყინული წყლის კოშკების როლს ასრულებდა, ზამთარში წყალს ინახავდა და გაზაფხულზე, სოფლის მეურნეობის სეზონის დაწყებისთანავე, ათავისუფლებდა", — განმარტავს ლობზანგ ფარდოდი, ლადახის ადგილობრივი წყლის მართვის კომიტეტის წევრი.
"ახლა, როცა ის დაბალი მყინვარები მშრალი ქვების უდაბნოდ გადაიქცა, ზემოთ გასადნობი აღარაფერია", — ამბობს ის.
მთის ზაფხული მოკლეა, ამიტომ ფერმერებმა მოსავალი მაისამდე უნდა დათესონ, თორემ ზამთრამდე ვერ აიღებენ. ადრეულ გაზაფხულზე სარწყავი წყლის საიმედო წყარო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამ სასიცოცხლო რესურსის უზრუნველსაყოფად, 2010-იანი წლების დასაწყისში ლადახის ზოგიერთმა სოფელმა საკუთარი ყინულის რეზერვუარების შექმნა სცადა. სისტემა გულისხმობდა ზამთარში მთების უფრო მაღალი წერტილებიდან წყლის მილებით ჩამოტანასა და ჰაერში გაფრქვევას, სადაც ის გაიყინებოდა და დროთა განმავლობაში დიდ ყინულის კოშკებს, იგივე ყინულის სტუპებს შექმნიდა.
გაზაფხულზე გამდნარი წყლით წარმატებით ამარაგებდნენ სოფლებს, მაგრამ ზამთარში მათი მართვა, ფარდოდის თქმით, "კოშმარი" იყო.
თუ ტემპერატურა სწრაფად ჩამოვიდოდა -20, ხანდახან კი -30 გრადუსამდე, წყალი იყინებოდა, მილებს ხეთქავდა და მთელ სისტემას ანადგურებდა. ამისგან დასაცავად, ზამთარში ოთხ-ხუთი ფერმერისგან შემდგარი ჯგუფები მაღლა, წყაროსთან ახლოს ბანაკდებოდნენ და ღამით, როცა ტემპერატურა ყველაზე სწრაფად ეცემა, მდუღარე წყლით ცდილობდნენ პრობლემის მოგვარებას.
მაგრამ ახლა, მთებში ამ გამყინვარე ზამთრის ღამეებს, შესაძლოა, ბოლო მოეღოს.
"ვინაიდან ტრადიციული წყლის სისტემები არ მუშაობს, ლეჰ-ლადახი გახდა ინოვაციური, ადგილობრივი ჰიდრავლიკური ინჟინერიის ცენტრი", — ამბობს მურთაზა ალი, ლადახის ავტონომიური მთის განვითარების საბჭოს სარწყავი სისტემებისა და წყალდიდობის კონტროლის განყოფილების მთავარი ინჟინერი.
ლეჰი ლადახის დედაქალაქია, ქაშმირში მდებარე სადავო რეგიონის, რომელიც ინდოეთის მმართველობის ქვეშაა და აღმოსავლეთით ჩინეთს, დასავლეთით კი პაკისტანს ესაზღვრება.
ფოტო: Acres of Ice
ალის თქმით, სტუპის სისტემას დამსკდარი მილების გარდა, კიდევ ერთი ნაკლი ჰქონდა, მილებში მუდმივად მომდინარე წყალი თბილ დღეებში ახალ ყინულს ადნობდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მეთოდი ტექნოლოგიურად გაუმჯობესდა. კერძო კომპანია Acres of Ice-თან პარტნიორობით ახალი სისტემა შეიქმნა, რომელიც ყინულის წარმოებას ზუსტად აკონტროლებს.
პროცესს Automated Ice Reservoir (AIR) ეწოდება: მთებიდან წყალი ველის დონეზე მაღალი წნევით ჩამოდის და ვერტიკალურად, უზარმაზარი შადრევნის მსგავსად იფრქვევა, ასე აღწერს პროცესს Acres of Ice-ის დამფუძნებელი, დოქტორი სურიანარაიანან ბალასუბრამანიანი.
ნაკადი კომპიუტერულად კონტროლდება — საკონტროლო სისტემას ელექტროენერგიით მზის პანელები და ბატარეა ამარაგებს. სისტემა დაკავშირებულია მეტეოსადგურთან, რომელიც გარემო პირობებს აკვირდება, მათ შორის მილში არსებული წყლის ტემპერატურას.
თუ სენსორები დააფიქსირებს, რომ ჰაერის ტემპერატურა ძალიან სწრაფად ეცემა ან მილში არსებული წყლის ტემპერატურა სახიფათო ზღვარს უახლოვდება, საკონტროლო სისტემა ირთვება: ნაკადის სათავეში სარქველს კეტავს და ქვევით სარქველს ხსნის, რათა მილიდან წყალი მთლიანად დაიწრიტოს.
ეს მილების გახეთქვის პრობლემას გამორიცხავს. ამასთან, სისტემა ყინულის წარმოებაში უფრო ეფექტიანია: მუდმივი გაფრქვევის ნაცვლად, AIR ერთხელ სწრაფად აფრქვევს ნისლს, უკვე არსებულ ყინულს თხელი ფენით ფარავს და ითიშება.
"სისტემა ელოდება ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, რომ არსებული ქარისა და ტენიანობის გათვალისწინებით, წყლის წვეთების ფენა მყარად გაიყინოს, შემდეგ კი კვლავ ნისლს აფრქვევს", — განმარტავს ბალასუბრამანიანი.
მისი თქმით, ჩამოტანილ წყალს AIR თითქმის სრულად ყინულად გარდაქმნის. მთელი სისტემა ავტომატურად მუშაობს და საკონტროლო ბლოკისა და სხვადასხვა სარქველის დასაკავშირებლად ადგილობრივ უკაბელო ქსელს იყენებს. სოფლის მცხოვრებლებს, საჭიროების შემთხვევაში, სისტემის ხელით კონტროლიც შეუძლიათ.
როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სოფლის ცხოვრებას ცვლის.
"სოფლის მცხოვრებლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ მიწისქვეშა წყლების დონე იმატებს და გაზაფხულის წყაროები ამოქმედდა. წყალი დროულად მოდის. ახლა ასევე ვგეგმავთ სამეცნიერო კვლევას, რათა ზუსტად ვნახოთ, რა გავლენა მოახდინა ამ სისტემამ", — ამბობს ალი.
ფოტო: Acres of Ice
2025 წლის ზამთარში Acres of Ice-მა და ადგილობრივმა მთავრობამ ლადახის მასშტაბით 10 AIR პროექტი განახორციელა.
"ახლა ჩვენი მთავარი გამოწვევა ტექნოლოგიის განვითარებაა. შევძლებთ, რომ ერთი სისტემით ერთი რეზერვუარის ნაცვლად, ათობით ასეთი ავაშენოთ?" — ამბობს ბალასუბრამანიანი.
საქთიში ფერმერი გუთმე მომავლის მიმართ უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი. ერთმა AIR სისტემამ წყლის საიმედო წყარო შექმნა და ის იმედოვნებს, რომ სოფელი კიდევ, სულ მცირე, ორ ხელოვნურ მყინვარს ააშენებს.
"მე ფერმერი ვარ, მიწა ყველაფერია, რაც გადარჩენისთვის მაბადია. ტექნოლოგია არ ვიცი, მხოლოდ ის ვიცი, რომ ახლა მოსავლის მოსაყვანად წყალი მაქვს. ჩვენ მძიმე კლიმატში ვცხოვრობთ, რომელიც ჩვენს არსებობას ართულებს, წყლის ნაკლებობა კი კიდევ უფრო მეტ პრობლემებს ქმნიდა. ბევრ ახალგაზრდას ქალაქში სურდა სამუშაოდ წასვლა. ეს კატასტროფა იქნებოდა".
- მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
- გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება
კომენტარები