Pokémon GO-ს მონაცემები სამხედრო დრონების AI სისტემისთვის გამოიყენეს
ფოტო: Patrick T. Fallon / AFP via Getty Images
გახსოვთ Pokémon GO? თამაში, რომელმაც მობილურებით პოკემონების დასაჭერად მილიონობით ადამიანი ქუჩებში გაიყვანა? 2016 წელს ეს იყო ნამდვილი ფენომენი, იმდენად, რომ 2025 წელს, საუდის არაბეთის Savvy Games Group-მა თამაშის შემქმნელი კომპანიის, Niantic-ის სათამაშო განყოფილება 3,5 მილიარდ დოლარად შეიძინა. გარიგების შედეგად კომპანია ორ ნაწილად გაიყო: თამაშები Scopely-ს გადაეცა, ტექნოლოგიურმა პლატფორმამ კი Niantic Spatial-ის სახელით დამოუკიდებლად გაგრძელა საქმიანობა.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში საზოგადოების ყურადღების ცენტრში ადრინდელივით აღარ ჩანს, ის ჯერ კიდევ საკმაოდ პოპულარულია. და ასევე... გამოიყენება სამხედრო ტექნიკის სასწავლებლად.
2020 წელს, Niantic-მა Pokémon GO-ში გამოაცხადა ახალი "AR Mapping" დავალებები — ფუნქცია, რომელიც მოთამაშეებს რეალური გარემოს გადაღებისა და აღბეჭდვისკენ მოუწოდებდა. ხოლო 2021 წელს შემოიღო Powered-Up PokéStops, რომელიც მოთამაშეებს საშუალებას აძლევდა "გაერთიანებულიყვნენ AR Mapping დავალებების შესასრულებლად და სათამაშოდ საინტერესო AR გამოცდილების შესაქმნელად, მხოლოდ სმარტფონის გამოყენებით, რეალური სამყაროს PokéStop-ების აღსაბეჭდად".
Pokémon GO-ს ფესტივალი ბერლინში, 2022 წელს
ფოტო: Pokémon GO
დრონების ინდუსტრიაზე სპეციალიზებული გამოცემის, DroneXL-ის ინფორმაციით, Niantic Spatial 2025 წლის დეკემბერში ამერიკულ კომპანია Vantor-ს დაუპარტნიორდა. თანამშრომლობის მიზანი საჰაერო და სახმელეთო სამხედრო მოწყობილობებისთვის ერთიანი სანავიგაციო სისტემის შექმნაა, ისეთი, რომელიც GPS სიგნალის გარეშეც იმუშავებს.
და, ჩვენი დროისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, ეს სისტემა AI-ის ეყრდნობა, რომელიც, სხვა მონაცემებთან ერთად, Pokémon GO-ს მონაცემებითაც მარაგდება.
GPS-ის ჩვეულებრივი სისტემები თანამგზავრებზეა დაფუძნებული, და თანამედროვე სამხედრო ნავიგაცია-სამიზნე ტექნოლოგიების უმეტესობა GPS-ს ეყრდნობა. მოწინააღმდეგის ოპერაციების ჩაშლის სწრაფი გზაც, შესაბამისად, GPS-ის ხელმისაწვდომობის შეზღუდვაა. სწორედ აქ შემოდის Visual Positioning System-ები (VPS): მარტივად რომ ვთქვათ, ისინი GPS-ის მსგავსი ნავიგაციის საშუალებას იძლევა მაშინ, როდესაც GPS სიგნალი მიუწვდომელია. ეს ყველასთვის სასარგებლო შეიძლება იყოს, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ Vantor-ის პროგრამული უზრუნველყოფა სამხედრო დრონებში გამოიყენება, და ეს კომპანიის მთავარი პრიორიტეტია.
Niantic Spatial-სა და Vantor-ის პარტნიობით შექმნილი სისტემა ორ ნაწილად იყოფა: Niantic Spatial ხმელეთზე მყოფ მომხმარებლებს GPS-ის გარეშე სწორი ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებას აძლევს, ხოლო Vantor იმავეს აკეთებს ჰაერში მფრინავი მოწყობილობებისთვის.
ფოტო: Vantor/Niantic Spatial
"Niantic Spatial-ის ხმელეთზე დაფუძნებული ადგილმდებარეობის განსაზღვრის გამოცდილებისა და Vantor-ის დადასტურებული საჰაერო სისტემებისა და გლობალური 3D ბაზის გაერთიანებით, ვქმნით ინტეგრირებულ სანავიგაციო ქსელს, რომელიც ნებისმიერ ადგილას ფუნქციონირებს", — განაცხადა Niantic Spatial-ის ტექნოლოგიების მთავარმა დირექტორმა, ბრაიან მაკლენდონმა გარიგების გამოცხადებისას. "ჩვენი Large Geospatial Model ამ სისტემებს საშუალებას აძლევს, აღიქვან, გასწორდნენ და ოპერირებდნენ ერთიანი საცნობარო ჩარჩოს ფარგლებში, მაშინაც კი, როდესაც ტრადიციული GPS მიუწვდომელია".
Pokémon GO-ს მონაცემები ამ სისტემაში პირდაპირ რუკისთვის არ გამოიყენება: PC Gamer-ისთვის გაკეთებულ განცხადებაში Niantic Spatial-მა თქვა, რომ Pokémon GO-ს მიერ შეგროვებული "ხმელეთის ანაბეჭდები" AI მოდელების სასწავლებლად გამოყენებული ინფორმაციის მხოლოდ ერთი ნაწილია. კომპანიამ ასევე განმარტა, რომ Vantor-თან გარიგება ამ მონაცემების გაზიარებას არ მოიცავს, და რომ Scopely-ს მიერ Niantic-ის სათამაშო ბიზნესის შეძენის შემდეგ, კომპანიას მოთამაშეების შეგროვებულ ანაბეჭდებზე წვდომა აღარ აქვს.
"ახლა, Scopely-ს შემადგენლობაში, Pokémon GO-ს მონაცემები Niantic Spatial-ს არ ეგზავნება", — განაცხადა Niantic Spatial-ის წარმომადგენელმა — "Pokémon GO-ს მეშვეობით შეგროვებული AR ანაბეჭდები მოთამაშეებმა ნებაყოფლობით გააზიარეს და იმ დროს თამაშში მოქმედ გამოყენების პირობებს ექვემდებარებოდა. AR სკანირება და მონაცემების გაზიარება Pokémon GO-ს Scopely-ზე გადაცემასთან ერთად შეწყდა".
Vantor-მა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ საკუთარ სისტემებთან ინტეგრაციისთვის "იკვლევს Niantic Spatial-ის ხმელეთზე დაფუძნებული VPS-ის ადაპტაციის შესაძლებლობას", თუმცა დასძინა, რომ Pokémon GO-ს რეალურ მონაცემებზე წვდომა მას არ გააჩნია. "Vantor-ის GPS-ს მიღმა სანავიგაციო შესაძლებლობები ჩვენი საკუთარი 3D მონაცემებით არის უზრუნველყოფილი, რომელსაც ჩვენი სატელიტური სურათებიდან ჩვენ თვითონ ვქმნით", — განაცხადა Vantor-ის წარმომადგენელმა.
ნიდერლანდურ გამოცემა Trouw-ს, რომელმაც ეს ისტორია პირველმა გამოიძია, დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ეთიკისა და ტექნოლოგიების პროფესორმა, ეხეროენ ვან დენ ჰოვენმა, განუცხადა, რომ ძალიან რთულია ზუსტად იმის დადგენა, რა გზით გამოიყენეს Pokémon GO-ს მონაცემები (Trouw-ის ინფორმაციით, დაახლოებით 30 მილიარდი ანაბეჭდი) Niantic Spatial-ის AI სისტემების სასწავლებლად. მიუხედავად ამისა, ის მიიჩნევს, რომ მათი გავლენა მნიშვნელოვანი იყო.
"მოთამაშეთა შეგროვილი ანაბეჭდების დიდი რაოდენობის გარეშე ეს სისტემა ასე სწრაფად ვერ განვითარდებოდა", — უთხრა ვან დენ ჰოვენმა გამოცემას — "მონაცემების სამხედრო მიზნით გამოყენებაში, მოთამაშეებმა არაპირდაპირი გზით, შესაძლოა მინიმალური, მაგრამ მაინც ეფექტიანი წვლილი შეიტანეს".
როგორც ზემოთ Niantic Spatial-ის წარმომადგენლის განცხადებიდანაც ჩანს, ხსენებული მონაცემების შეგროვება Pokémon GO-ს სამომხმარებლო შეთანხმებით არის გათვალისწინებული. მომხმარებლის კონტენტისა და AR კონტენტის მარეგულირებელი პუნქტები მომხმარებლებს ავალდებულებს "Niantic-ს მიანიჭონ არაექსკლუზიური, გადაცემადი, ქველიცენზირებადი (მრავალ დონეზე), მსოფლიო, უსასყიდლო, მარადიული ლიცენზია" ანაბეჭდებითა და მონაცემებით, ფაქტობრივად ნებისმიერი მოქმედების განხორციელებისთვის.
მაშინაც კი, თუ ამ ტიპის მონაცემთა შეგროვების პრაქტიკული გავლენა მინიმალურია, როგორც ამ შემთხვევაში ჩანს, მორალური და ეთიკური თვალსაზრისით მაინც სერიოზული გამოწვევაა.
"ეს ტრაგიკულია", — უთხრა Pokémon GO-ს მოთამაშემ, ფლორის დე ჰინმა გამოცემა Trouw-ს — "ფიქრობ, რომ უბრალოდ თამაშობ, და მერე უცებ შენს მონაცემებს ომში იყენებენ." მას ასევე აშფოთებს Vantor-ის თანამშრომლობა აშშ-ის სამხედროებთან და აღნიშნავს, რომ ეწინააღმდეგება იმ ომს, რომელსაც ტრამპი ირანთან აწარმოებს.
"ადამიანები, რომლებიც თამაშს თამაშობდნენ, ცხადია, მოატყუეს", — თქვა ვან დენ ჰოვენმა — "ნელ-ნელა ვიწყებთ აღქმას, რომ სინამდვილეში კომპანიები სულაც არ იყენებენ ჩვენს მონაცემებს ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, მაგალითად, განათლების გაუმჯობესებით. ეს ფულის გამომუშავებაზეა. თუ შეუძლიათ მონაცემთა ბაზა ან AI მოდელი კარგ ფასად გაყიდონ, ასეც მოიქცევიან".
კომენტარები