დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი, სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, თანამდებობიდან გადადგა. მან პრემიერმინისტრი კირ სტარმერი იმაში დაადანაშაულა, რომ გაზრდილი საფრთხეების ფონზე, მთავრობა ქვეყნის დასაცავად საჭირო რესურსებს ვერ გამოყოფს.

Reuters წერს, რომ ეს მოულოდნელი გადადგომა, რომელსაც თან მწვავე საჯარო წერილი ახლდა, კიდევ უფრო ზრდის ზეწოლას სტარმერზე, რომელიც ისედაც ლიდერობისთვის ბრძოლაში გამოწვევის წინაშე დგას.

ბრიტანეთის თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროები თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს სამხედრო ხარჯების გაზრდის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რამაც "ბრიტანეთის თავდაცვის საინვესტიციო გეგმის" (DIP) გამოქვეყნება შეაფერხა.

სამხედრო ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ეს გეგმა აუცილებელია მზარდი საფრთხეების ფონზე, განსაკუთრებით ბრიტანეთის წყლებში რუსეთის ხშირი შეჭრის პირობებში. თუმცა Reuters-ის ცნობით, მთავრობა ვალების შესამცირებლად ისედაც იბრძვის, მაშინ როცა საერთო საგადასახადო ტვირთი ბოლო ათწლეულების განმავლობაში უმაღლეს ნიშნულზეა.

თავდაცვის მინისტრის გადადგომა ემთხვევა პერიოდს, როდესაც სტარმერი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის მას შემდეგ, რაც მაისში ჯანდაცვის მინისტრი ვეს სტრიტინგი გადადგა, ხოლო კიდევ ერთი კონკურენტი, ენდი ბერნემი ლიდერობისთვის ბრძოლის დაწყებას ცდილობს.

"თქვენ ვერ შეძელით, ფინანსთა სამინისტრომ კი არ ისურვა იმ რესურსების გამოყოფა, რაც ერს სჭირდება ქვეყნის დასაცავად მზარდი საფრთხეების ამ პერიოდში,“ — აღნიშნა ჰილიმ სტარმერისთვის გაგზავნილ წერილში.

Reuters წერს, რომ თავდაცვის გეგმის მიზანი სამხედრო აღჭურვილობისა და სერვისების დაფინანსების განსაზღვრაა, რათა შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდნენ. სტარმერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გეგმა NATO-ს სამიტის დაწყებამდე, 7 ივლისამდე გამოქვეყნდებოდა.