სად მთავრდება ირმის ნახტომი? — მეცნიერები შესაძლო პასუხს გვთავაზობენ
ფოტო: Kota Hamori
არსებობს ადგილი, სადაც ჩვენი გალაქტიკის დისკო თხელდება — იმდენადაც კი, რომ იქ უკვე ვარსკვლავები აღარ წარმოიქმნება. ზოგი ამას გალაქტიკის საზღვრების საუკეთესო განმარტებად მიიჩნევს. ასტრონომებმა ამ ადგილის საპოვნელად ვარსკვლავების ასაკი გამოიყენეს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ გალაქტიკებს ისეთი მკაცრი საზღვრები არ აქვს, როგორიც, მაგალითად, კუნძულს. იგი შეგვიძლია ღრუბელს შევადაროთ.
გალაქტიკის საზღვრის დასადგენად უმჯობესია ის ადგილი ვიპოვოთ, სადაც ვარსკვლავები აღარ წარმოიქმნება. ისინი უმეტესად გალაქტიკის ცენტრისკენ იბადება, საითაც აირი ყველაზე მკვრივია. მოგვიანებით მიზიდულობის ძალა გაფანტულ მატერიას ერთად უყრის თავს, რის შედეგადაც ვარსკვლავთა გროვების წარმოქმნა იწყება.
ეს ნიშნავს, რომ უფრო ხნიერ გალაქტიკებში (როგორიც, მაგალითად, ირმის ნახტომია) ვარსკვლავები თავიანთი წარმოქმნის ადგილის მიღმაც გადაადგილდება. ეს ხშირად სპირალური ტალღების გავლენით ან იმიტომ ხდება, რომ მათ ახლომდებარე ზეახალი დიდი სიჩქარით ტყორცნის შორს.
შესაბამისად, ირმის ნახტომსა და მსგავს გალაქტიკებში უფრო ძველი ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრშია ხოლმე თავმოყრილი. რაც მეტად დავშორდებით ცენტრს, მით უფრო ბევრ ახალგაზრდა ვარსკვლავს ვიპოვით. საბოლოოდ იმ წერტილამდე მივალთ, სადაც მათი წარმოქმნის დისკო მთავრდება. ამის შემდეგ მხოლოდ ის ვარსკვლავებია, რომლებიც გალაქტიკის ცენტრთან ახლოს ჩამოყალიბდა და ამ ადგილას მოგვიანებით აღმოჩნდა. ამრიგად, ისინი ხშირად ძალიან დიდი ასაკისაა.
ახალი ნაშრომის ავტორებმა ვარსკვლავების ასაკთა განაწილების დიაგრამა შექმნეს, რითაც U-ს ფორმის კანონზომიერება წარმოიქმნა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც Gaia-ს მისიით სხვადასხვა ვარსკვლავის ზუსტი მდებარეობა გავიგეთ.
მკვლევრები მხოლოდ იმ ვარსკვლავებზე კონცენტრირდნენ, რომლებსაც სტაბილური, თითქმის წრიული ფორმის ორბიტა აქვს. სავარაუდოდ, ასეთი ვარსკვლავები დისკოში წარმოიქმნა და შორს გარკვეული დროის შემდეგ გადაადგილდა. ამ გზით მეცნიერებმა U-ს ფორმის კანონზომიერების ყველაზე ქვემოთ მდებარე წერტილი იპოვეს.
გამოთვალეს, რომ ეს ვარსკვლავები ცენტრიდან დაახლოებით 36800-39600 სინათლის წლით არის დაშორებული. კვლევის ავტორებმა ჯერაც არ იციან, რატომ წყდება ვარსკვლავების წარმოქმნა ამ წერტილში, თანაც ამ რეგიონებში საკმაო რაოდენობის აირია. მიიჩნევა, რომ აირების ერთ არეალში თავმოყრას მიზიდულობა ან გალაქტიკის დისკოს სიმრუდე იწვევს. შეიძლება ეს განაპირობებდეს იმას, რომ ასეთ რეგიონებში მეტი ვარსკვლავი წარმოიქმნება, სხვებში კი — ნაკლები.
ამ ყველაფრის მიუხედავად, გალაქტიკის საზღვრების ჯეროვანი განმარტების შექმნა ურთულესი ამოცანაა, რასაც სრულყოფილად ვერც ეს კვლევა ართმევს თავს. ნაშრომი გამოცემაში Astronomy and Astrophysics გამოქვეყნდა.

კომენტარები