OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის "ყველაზე ჭკვიანი და ინტუიციური" მოდელი გამოუშვა — გაიცანით GPT-5.5
ფოტო: pasqualepillitteri.it / ai news
OpenAI-მ, ChatGPT-ს შემქმნელმა კომპანიამ, ხელოვნური ინტელექტის (AI) ახალი მოდელი GPT-5.5 გამოუშვა. კომპანია მას "ამ დროისთვის ყველაზე ჭკვიან და ინტუიციურ მოდელს" უწოდებს და აცხადებს, რომ ეს "წინ გადადგმული ნაბიჯია კომპიუტერზე ახლებური გზით სამუშაოდ".
კომპანიამ წინა მოდელი, GPT-5.4, ჯერ კიდევ გასულ თვეში გაგვაცნო, თუმცა აცხადებს, რომ მას GPT-5.5 ჯობნის სხვადასხვა საქმეში, იქნება ეს: კოდის წერა და ხარვეზების გამოსწორება, ონლაინ კვლევა-ძიება, დოკუმენტების შექმნა თუ სხვადასხვა ინსტრუმენტის ჩართულობით მუშაობა.
"თითოეული ნაბიჯის საგულდაგულოდ მართვის ნაცვლად, შეგიძლიათ GPT-5.5-ს არეულ-დარეული, კომპლექსური დავალება მისცეთ და მასვე მიანდოთ დაგეგმვა, ინსტრუმენტების გამოყენება, საკუთარი ნამუშევრის შემოწმება და გაურკვეველი სიტუაციების მართვა", — აცხადებს OpenAI.
კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ GPT-5.5 "ამ დროისათვის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი მექანიზმებით" იქნება აღჭურვილი და Codex-ში საქმის შესასრულებლად "გაცილებით ცოტა" ტოკენს გამოიყენებს.
GPT-5.5 მოდელის გამოყენება 23 აპრილიდან შეეძლებათ Plus, Pro, Business და Enterprise ვერსიის, ასევე Codex-ის, მომხმარებლებს. ამასთანავე, Pro, Business და Enterprise პაკეტებისთვის GPT-5.5 Pro-ც ხდება ხელმისაწვდომი.
ახალი მოდელი შეგვიძლია მორიგ ნაბიჯად მივიჩნიოთ OpenAI-სა და Anthropic-ს შორის გამართულ ბრძოლაში პირველობისათვის. წლის ბოლოსთვის ეს კომპანიები საფონდო ბირჟაზე შესაძლო გასვლისთვის ემზადებიან.
Anthropic-მა სულ ცოტა ხნის წინ Claude Opus 4.7 გამოუშვა და Mythos Preview მოდელიც დააანონსა. ეს მოდელი საჯაროდ არაა ხელმისაწვდომი და, როგორც კომპანია აცხადებს, კიბერუსაფრთხოების მხრივ უნიკალური დახვეწილობით გამოირჩევა. აქედან მალევე OpenAI-მ GPT-5.4-Cyber გამოუშვა — სპეციალური მოდელი კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოწყვლადობების გამოსავლენად.
ასევე იხილეთ: უცნობმა დაჯგუფებამ Anthropic-ის "სახიფათო" AI მოდელში შეაღწია — რა ვიცით
კომპანიებს AI კოდირებისა და სამეწარმეო ინსტრუმენტების ბაზარზე პირველობა სურთ. OpenAI-მ ახლახან დამატებით პროექტებზე უარი თქვა და რესურსი უფრო შემოსავლიანი მიმართულებებისკენ მიმართა.
ცნობისთვის, მოდელის გამოშვების ფონზე სულ რამდენიმე დღეში გახმაურებული სასამართლო პროცესია დაგეგმილი ილონ მასკსა და OpenAI-ს ხელმძღვანელებს — სემ ალტმანსა და გრეგ ბორკმანს — შორის. მოსმენები 27 აპრილს დაიწყება ოკლენდის ფედერალურ სასამართლოში, კალიფორნიაში.
იხილეთ: ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები
GPT-5.5-ის შესახებ მეტს OpenAI-ს ბლოგპოსტიდან შეიტყობთ.
კომენტარები