ჩინეთის დაზვერვა მისი ქვეყნის კომპანიებისაგან სასურველი ინფორმაციის გადაცემას ითხოვს. ეს, რა თქმა უნდა, ეხება საქართველოში არსებულ ჩინურ კომპანიებსაც.
ჩინეთის 2017 წლის ეროვნული დაზვერვის კანონი ავალდებულებს ყველა ჩინურ კომპანიას, სახელმწიფო იქნება იგი თუ კერძო (მათ შვილობილებსაც), რომ თანამშრომლობდნენ სახელმწიფო დაზვერვასთან, გადასცენ მას მონაცემები და შეასრულონ მთავრობის მოთხოვნები. უარის თქმა შეუძლებელია, ასეთ შემთხვევაში ისინი კანონით ისჯებიან.
მოქმედებს თუ არა ეს კანონი ქართულ "ბაზისბანკზე"? რა თქმა უნდა, კი. მისი დამფუძნებელია ჩინური კომპანია "ჰუალინგი", რომელიც "ბაზისბანკის" 92%-იანი წილის მფლობელია.
ბანკების შემთხვევაში რისკები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მათ წვდომა აქვთ საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უდიდესი ნაწილის ფინანსურ და პერსონალურ მონაცემებზე.რა ინფორმაციას ფლობენ ბანკები ჩვენზე: პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის ნომერი, ინტერნეტის IP მისამართი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ფინანსური მონაცემები, ფინანსური დეკლარაციები, საგადასახადო ნომერი, ბიომეტრიული მონაცემები, ქცევითი მონაცემები და ასე შემდეგ. ეს მონაცემები ყველაზე მგრძნობიარედ ითვლება.
საქართველოს საბანკო სისტემას ჰყავს დაახლოებით 2,7-3 მილიონი კლიენტი ფიზიკური პირის სახით, რომელთა შესახებ ისინი პერსონალურ ინფორმაციას ფლობენ.
ყველაზე მეტი ფიზიკური პირი კლიენტი ჰყავს "ლიბერთი ბანკს", დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი. "ბაზისბანკთან" შერწყმის შემდეგ ეს რიცხვი 2 მილიონს მიაღწევს. ეს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 55 პროცენტია.
"თბს ბანკში" და "საქართველოს ბანკში" ერთად აღებული დაახლოებით 2,3-2,5 მილიონი კლიენტი ფიზიკური პირია, მაგრამ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ორივე ბანკთან ერთდროულად აქვს კავშირი, ამიტომ ამ კატეგორიის კლიენტების სიმრავლით, ფაქტობრივად ახალი, შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ჩინელების საკუთრებაში არსებული ბანკი უპირობო ლიდერი გახდება. იგი მომსახურებას გაუწევს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 55 პროცენტს.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ "თბს ბანკის" და "საქართველოს ბანკის" კლიენტების საკმაო ნაწილი არის დიასპორა და უცხოელი ფიზიკური პირები, ასეთ ვითარებაში უფრო თვალშისაცემი ხდება ჩინური ბანკის უნიკალურობა საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით.
არ შევუდგები იმის მტკიცებას, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება დღეს მსოფლიოში პერსონალურ მონაცემთა დაცვას. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: ამერიკის შეერთებულ შტატებში "ტიკ ტოკს" დახურვა ემუქრებოდა მანამ, სანამ არ შეიცვალა ჩინური მესაკუთრე ამერიკულით ამ ქვეყნის ტეიტორიაზე. ჩინელები მხოლოდ მონორიტარულ აქციონერებად დარჩნენ.
ჩინეთის დაზვერვის კანონიდან გამომდინარე რისკი არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ იურიდიულ პირებზეც (კომპანიებზე) სრულად ვრცელდება. ჩინური ბანკი იძულებული შეიძლება გახდეს გადასცეს ჩინეთის დაზვერვას კომპანიების ყველა მონაცემი, მათ შორის კორპორაციული ანგარიშები, ტრანზაქციების სრული ისტორია, ბიზნეს-პარტნიორები, კონტრაქტები, ფინანსური ნაკადები და სხვა კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც ეკონომიკური შპიონაჟის, კონკურენტების თვალთვალის ან სანქციების გვერდის ავლისთვის შეიძლება გამოიყენონ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე. გამომდინარე ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხიდან, იგი ამას ვერც იზამდა, ვერ გაუბედავდა უარის თქმას ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი რუხაძეს "ლიბერთი ბანკის" სარფიანად გასხვისებაზე.
რადგან ეს ფაქტი უკვე მომხდარია, ეროვნულმა ბანკმა უნდა დაუწესოს "ბაზისბანკს" და "ლიბერთიბანკს" შერწყმამდე და შერწყმის შემდეგ სპეციალური საზედამხედველო ზომები. ჩინეთის მიერ აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ ეეროპაში და ამერიკაში მკვეთრად გამკაცრდა ზედამხედველობა ჩინურ ბანკებზე, ითხოვენ ადგილობრივი მონაცემების იზოლაციას (ანალოგიურად, როგორც ეს "ტიკ ტოკთან" დაკავშირებით მოხდა), რათა შემცირდეს ეროვნული უსაფრთხოების რისკები.
ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში ან არ იციან ამ რისკებისა და საერთაშორისო ტენდეციების შესახებ, ან იციან და შეგნებულად არიდებენ თავს მასზე საუბარს.
კომენტარები