რამზან კადიროვი "რუსეთის ფედერაციის ცემენტის მრეწველობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის" პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ჯილდო მას სამუშაო შეხვედრის დროს "ცემენტის მწარმოებელთა კავშირის" აღმასრულებელმა დირექტორმა, დარია მარტინკინამ გადასცა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"მადლობელი ვარ მისი ჩვენი საქმიანობის ასეთი მაღალი შეფასებისთვის", — დაწერა კადიროვმა თავის Telegram-არხზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს "ჩეჩენცემენტის" მოდერნიზაციისა და გაფართოების პროექტის მიმდინარეობა. მარტინკინას თქმით, ახალი ცემენტის ქარხნის ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 90% დასრულებულია და დამონტაჟებულია საკვანძო აღჭურვილობა. არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, წარმოების დაწყება წლის ბოლომდეა მოსალოდნელი.